ფეხბურთი

3:22 | 12.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" გამარჯვება გაიხსენა, "რომამ" - ოთხეული

იტალიის სერია A-ს XXIV ტურის შემდეგ ოთხეულში ცვლილებები მოხდა. რომის “ლაციო” დაქვეითდა, სამაგიეროდ, “ინტერმა” და “რომამ” თითო პოზიციით წინ წაიწიეს.

“ლაციოს” შაბათს განცდილი მარცხით, ორივე კონკურენტმა კარგად ისარგებლა. “ინტერმა” საერთოდაც ორთვიანი პაუზისა და 10 მოუგებელი მატჩის შემდეგ მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

ლუჩანო სპალეტის გუნდს ამის გაკეთება საკუთარ მოედანზე “ბოლონიასთან” ძალიან გაუჭირდა. მაურო იკარდის გარეშე მოთამაშე “ნერაძური” მალევე, მეორე წუთზე დაწინაურდა. გოლი კი, მისმა შემცვლელმა, ედერმა გაიტანა. სწრაფი გოლის შემდეგ “ინტერი” დამშვიდდა და შეტევებით თავს აღარ იკლავდა. “ბოლონია” კი თავის მხრივ შეტევაში შანსს ელოდა, რომელიც მიიღო კიდეც. ჟოაო მირანდას ბურთი აეჭრა და იმის ნაცვლად, რომ შორს გადაეგდო, როდრიგო პალასიო დატოვა კიპერთან პირისპირ დატოვა და ვეტერანმა არგენტინელმა გაიტანა. გოლი არ აღუნიშნავს. მოგეხსენებათ, პალასიო “ინტერში” თამაშობდა. მასპინძლებმა მეორე ტაიმში მაინც მიაღწიეს საწადელს და ეს თინეიჯერი იან კარამოს დამსახურებაა. ფრანგმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, ლუჩანო სპალეტის ნდობა გაუმართლა. კარამომ შორი დისტანციიდან ულამაზესი გოლი შეაგდო. ეს გამარჯვების მომტანი გოლი გამოვიდა. “ინტერმა” მესამე ადგილზე გადაინაცვლა და ხასიათი ოდნავ გამოიკეთა.

ერთი საფეხურით წინ წაიწია “რომამ” – “ჯალოროსი” განწირულ “ბენევენტოს” ხვდებოდა და გამარჯვება მოსალოდნელიც იყო. მიუხედავად ამისა, მეშვიდე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. გილერმეს გოლი 526 წუთის შემდეგ პირველი გამოდგა, რომელიც “ბენევენტომ” სტუმრად გაიტანა. “რომამ” მალევე გაათანაბრა, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც ვერ მოიგო. სამაგიეროდ მეორე ნახევარში გაილაღა და ეს მეტწილად, ჯენგიზ უნდერის დამსახურებაა. თურქი ჩინებულ ფორმაშია – გასულ ტურში “ვერონას” გაუტანა გამარჯვების გოლი და ახლა დუბლი გაიფორმა. საბოლოოდ, “ჯალოროსიმ” 5:2 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეაღწია.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია, “სამპდორიასა” და “ტორინოს” საშინაო გამარჯვებები შესაბამისად, “ვერონასთან” და “უდინეზესთან” ერთნაირი ანგარიშებით – 2:0.

“სასუოლო” – “კალიარი” 0:0 (0:0)

“კიევო” – “ჯენოა” 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ლაქსალტი (90)

“ინტერი” – “ბოლონია” 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ედერი (2), 1:1 პალასიო (25), 2:1 კარამო (63)

“სამპდორია” – “ვერონა” 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ბარეტო (50), 2:0 კვალიარელა (85, პენ)

“ტორინო” – “უდინეზე” 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ნ’კულუ (32), 2:0 ბელოტი (66)

“რომა” – “ბენევენტო” 5:2 (1:1)

გოლები: 0:1 გილერმე (7), 1:1 ფაციო (26), 2:1 ჯეკო (59), 3:1 ჯენგიზ უნდერი (62), 4:1 ჯენგიზ უნდერი (75), 4:2 ბრინიოლა (76), 5:2 დეფრელი (90, პენ)

თეგებისერია A
0.298976