ფეხბურთი

18:55 | 9.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ გოშთელიანი: "ამ დღისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი"

19-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, “საბურთალოს” ფორვარდმა გურამ გოშთელიანი მინდორს დაუბრუნდა. მან "მარიუპოლთან" შეხვედრაში 27 წუთი ითამაშა. ფეხბურთელთან საუბარი პირველი შთაბეჭდილებით დავიწყეთ:

- თამაშის წინა დღეს, იმდენი ხანი ვიფიქრე და იმდენი ემოცია შევალიე, მინდორზე რომ გავედი სანახევროდ დაღლილი ვიყავი. როდესაც უკვე მოედანზე შევედი და ბურთს შევეხე, სულ სხვა გრძნობა დამეუფლა, დიდი სიხარული იყო. მივხვდი, რომ ფეხბურთის თამაში ისევ შემიძლია, ეს კი ჩემთვის დიდი ბედნიერება და სიამაყის გრძნობაა.

- იცოდით, რომ გარკვეული დროით მოგიწევდათ თამაში?

- დიახ, ვიცოდი. წინა დღეებში გიორგი ჭიაბრიშვილს ვესაუბრე და მითხრა, რომ "მარიუპოლის" წინააღმდეგ რაღაც დროით ვითამაშებდი. ამ დღისთვის ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდი. 27 წუთი კი ვითამაშე, მაგრამ მინდოდა თამაში კიდევ გაგრძელებულიყო. მონატრებული ვარ ფეხბურთის თამაშს. იმედი მაქვს, ჩემპიონატის დაწყებამდე უფრო ავთამაშდები და დავეხმარები ჩემს საყვარელ გუნდს მიზნის მიღწევაში.

- დიდი ხანი არ ვარჯიშობდით. ორჯერად ვარჯიშებთან შეგუება არ გაგიჭირდათ?

- ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს, ვუძლებ დატვირთვებს. უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით თანაგუნდელებზე მალე ვიღლები, თუმცა ეს არცაა გასაკვირი, კარგა ხანს მოედანს ჩამოშორებული ვიყავი.

- დღევანდელ მეტოქეზე რას იტყვით? უკრაინელები ყოველთვის ათლეტურობით გამოირჩევიან...

- კარგი გუნდი იყო, ფიზიკურად კარგად მომზადებული. უკრაინელებმა შეკრება დღეს უკვე დაასრულეს, რადგანაც ჩემპიონატი რამდენიმე დღეში ეწყებათ, ჩვენ კი შუა მოსამზადებელ ეტაპზე ვართ. მარიუპოლელები მაღალ სისწრაფეებზე და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდნენ. მთლიანობაში თანაბარი თამაში გამოვიდა.

- რას უნდა ველოდოთ წლეულს "საბურთალოსგან"?

- "საბურთალომ" ძალიან ძლიერი კლუბი ჩამოაყალიბა. დავიმატეთ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი. ისეთები, რომლებსაც ჩვენს პირველობაზე და არამარტო ჩვენს ჩემპიონატში, გარკვეულ წარმატებებისთვის მიუღწევიათ. მათი გამოცდილება, ვფიქრობ წაგვადგება. წლეულს ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს - ჩემპიონობა! ამისთვის მზად ვართ. "საბურთალო" ამ მიზნისთვის წლებია იბრძვის.

- და ბოლოს - რას ეტყვით თქვენს გულშემატკივრებს?

- დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხულობდნენ, მათ გვერდში დგომას ნამდვილად ვგრძნობდი. ვეცდები ისინი კარგი თამაშითა და გატანილი ბურთებით გავახარო. მადლობა ჩემს საყვარელ "საბურთალოს", რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ფეხბურთი ისევ მეთამაშა. მადლობა კლუბის ყველა ხელმძღვანელს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და ექიმებს. ამ სიკეთეს, არასდროს დავივიწყებ.

“საბურთალოს” პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122297