ფეხბურთი

19:48 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: “თურქული შეკრება ნაყოფიერი გამოდგა”

"საბურთალომ" პირველი შეკრება ბულგარეთის "ბოტევთან" 2:0 გამარჯვებით დაასრულა. გუნდი 31 იანვარს სამშობლოში დაბრუნდა, რამდენიმე დღეში კი კვლავ თურქეთში გაემგზავრება, სადაც დასკვნით შეკრებას გაივლის.

"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველი შეკრების დასრულების შემდეგ კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა.

გიორგი ჭიაბრიშვილი: თურქეთის ქალაქ სიდეში ყველანაირი პირობა იყო საფუძვლიანად მომზადების. როგორც სამწვრთნელო შტაბმა, ასევე ფეხბურთელებმა დიდი მოცულობის სამუშაო გაწიეს. საწვრთნელი პროცესი ორჯერადი ვარჯიშებისგან შედგებოდა, პარალელურად კი ამხანაგურ მატჩებს ვთამაშობდით. მახარებს ის, რომ დატვირთვებს ღირსეულად გაუძლეს და ყველა მაქსიმალურად იხარჯებოდა. ასევე, სასიამოვნო და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შეკრება სერიოზული ტრავმების გარეშე ჩავატარეთ.

- მეორე შეკრებაზე რამდენიმე დღეში გაემგზავრებით. აქცენტი რაზე გაკეთდება?

- მეორე შეკრება ძირითადად, ტექნიკა-ტაქტიკას დაეთმობა. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ოთხი ამხანაგური შეხვედრა, საბოლოოდ მეტოქეების ვინაობა კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

- წლეულს გონსალეს ვაგნერი დაუბრუნდა კლუბს. რამდენად ელოდით?

- ვაგნერის დაბრუნების დიდი სურვილი მქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ბელგიური კარიერა ვერ აეწყო. ჩვენთვის ეს ფეხბურთელი დიდ ძალას წარმოადგენს და სარგებლობის მოტანა შეუძლია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელებმა შეძლეს, როგორც ფეხბურთელთან, ასევე მის აგენტთან წარმატებით მოლაპარაკება. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ნახევარი წელი აკავშირებდა, მხარეებმა მოილაპარაკეს და ვაგნერი დღეს ჩვენთანაა. ისიც უნდა ითქვას, რომ თავად ფეხბურთელის დიდი სურვილიც იყო "საბურთალოში" დაბრუნების.

- ყოველთვის აქტუალურია გიორგი ხარაიშვილის საკითხი. რა ხდება მასთან დაკავშირებით, რჩება "საბურთალოში"?

- ხარაიშვილი "საბურთალოს" კაპიტანი, გუნდის სული და გულია, ჩვენი აკადემიის აღზრდილია. იგი ჯერჯერობით ჩვენს კლუბში ირიცხება. რა თქმა უნდა, ინტერესი არის მის მიმართ, მაგრამ როდესაც კონკრეტული და ჩვენთვის მისაღები შემოთავაზება იქნება, ამას ყველა გაიგებს.

- გასული წლისგან განსხვავებით, "საბურთალოს" თამასა ბევრად აწეულია. ხშირად მოისმენს ადამიანი, რომ წლეულს გუნდი მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ამის თქმის საფუძველს რა აძლევთ?

- ყველაზე დიდი შემფასებელი გულშემატკივარია. თუ ასე ფიქრობენ და ხედავენ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მახარებს. ესე იგი, ამ წლების განმავლობაში "საბურთალომ" გულშემატკივარსა და ამ სფეროში ჩახედულ ადამიანებს დაანახა გარკვეული ძალა. ვცდილობთ, ყოველთვის საინტერესო და კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს, ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძოდეს. ჩვენ სისტემატურად ამისთვის ვმუშაობთ.

- "საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს და მეორედან პირველ გუნდში ყოველწლიურად აწინაურებს ფეხბურთელებს. წლეულს ვის მიეცა მსგავსი შანსი?

- 2018 წელს ერთი ფეხბურთელი დავაწინაურეთ - გიორგი ჯინჯოლავა. მან, "საბურთალო:-2-ში კარგი სეზონი ჩაატარა, ასევე მაღალ დონეზე წარმოაჩინა თავი ასაკობრივ ნაკრებში. ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს პროცესი დამეჩქარებინა. ვფიქრობ, ჯინჯოლავა ახლოსაა პირველ გუნდში მოხვედრასთან. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი 17 წლისაა, საერთოდ არ ეტყობა, რომ იგი დებიუტანტია. თურქულ შეკრებაზე სამივე ამხანაგურ შეხვედრაში მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ყველა მატჩში კარგად წარმოაჩინა თავი. ვისარგებლებ შემთხვევით და "საბურთალო”-2-ის სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს, გაწეული სამუშაოსთვის მადლობას გადავუხდი.

- ახალი სეზონიდან ეროვნული ლიგის მთავარი მწვრთნელები პრო ლიცენზიას უნდა ფლობდნენ. სემინარები თებერვალში დაიწყება. რას იტყვით ამის შესახებ, როგორ ემზადებით მოახლოებული კურსებისთვის?

- როგორც კლუბის მთავარი მწვრთნელი, აუცილებელია, რომ მქონდეს პრო ლიცენზია. აღნიშნული პროცესი დიდი გამოწვევაა ჩემთვის, სასიახარულოა, რომ მეძლევა შესაძლებლობა ცოდნა კიდევ უფრო გავიღრმავო და უფრო მეტი გამოცდილება მივიღო. ამ კუთხით და არა მარტო ამ მიმართულებით, ძალიან ბევრს მუშაობს ფეხბურთის ფედერაცია. ბოლოს, ვისარგებლებ შემთხვევით და "საბურთალოს" კლუბის ხელმძღვანელებს, განსაკუთრებით პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილსა და აღმასრულებელ დირექტორ კახა კაშიას მადლობას გადავუხდი გვერდში დგომისთვის. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეგვიწყონ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ის ტრანსფერები, რომელიც წლეულს "საბურთალომ" განახორციელა (დიმიტრი ტატანაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი სომხიშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, გეგა დიასამიძე) ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო. ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება.

0.110583