ავტოსპორტი

17:08 | 31.01.2018 | ნანახია 667 - ჯერ

ფერნანდო ალონსო ლე მანზე „ტოიოტასთან“ ერთად გამოვა

დიდი ხანია, ფერნანდო ალონსოს ლე მანის 24-საათიან რბოლაში ასპარეზობა სურს. ამ სურვილს მომავალ სეზონში აისრულებს, რაშიც „ტოიოტა“ დაეხმარება. ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა იაპონურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის შესაბამისადაც, ის ლე მანზეც გამოვა და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატშიც ყველა რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. ამის საშუალებას მას ამ ჩემპიონატის და ფორმულა 1-ის კალენდრები აძლევს, რომლების არცერთი ეტაპიც ერთმანეთს არ ემთხვევა.

„ტოიოტაში“ ალონსო ბრიტანელი ენტონი დევიდსონის ადგილს დაიკავებს, რომელიც გუნდში სარეზერვო პილოტის როლში დარჩა. ალონსოს ეკიპაჟში (N8) არიან ფ1-ის ყოფილი პილოტები, შვეიცარიელი სებასტიან ბუემი და იაპონელი კაზუკი ნაკაძიმა. აღსანაშნავია, რომ ბუემი და დევიდსონი 2014 წელს გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.

მეორე ეკიპაჟის (N7) შემადგენლობა უცვლელია. მასში შედიან: ბრიტანელი მაიკ კონვეი, იაპონელი კამუი კობაიაში და არგენტინელი ხოსე მარია ლოპესი. „ტოიოტას“ გუნდის მრჩეველი და საპატიო ელჩია ლე მანის რბოლის ორგზის გამარჯვებული, ავსტრიელი ალექს ვურცი.

იმ დროს, როცა LMP1 კლასში ერთადერთი საქარხნო გუნდი დარჩა, „ტოიოტასაც“ და ალონსოსაც ლეგენდარული რბოლის მოგების რეალური შანსი აქვთ. უძლეველმა „აუდიმ“ და „პორშემ“ ასპარეზი ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს. იაპონურ კომპანიას კონკურენტებად კერძო გუნდები ჰყავს, რომლების პროტოტიპებიც შიდაწვის ძრავებითაა აღჭურვილი.

ალონსომ შარშან კიდევ ერთ ლეგენდარულ რბოლაში, ინდი 500-ზე სცადა ბედი, სადაც „მაკლარენის“ სახელით, „ჰონდას“ ძრავით იასპარეზა. ახლახანს კი დეიტონას 24-საათიან რბოლაშიც გამოვიდა. ესპანელ მრბოლს, მოტორსპორტის სამი მარგალიტის - ფ1-ის ტიტულის (უკვე ორი აქვს), ინდი 500-ის და ლე მანის 24 საათის მოგება აქვს განზრახული.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.053868