ფეხბურთი

10:55 | 29.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარტვილში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა (+VIDEO)

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა.

პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ფეხბურთის ფედერაციის, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ერთობლივი მუშაობით განხორციელდა და მასში აქტიურად ჩაერთო საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო", რომელმაც ექვს ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების მომზადება საკუთარ თავზე აიღო და აკადემიაში სწავლას ბავშვები უფასოდ შეძლებენ.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიური განვითარების ფონდის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით. სამუშაობზე სულ 2,2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, აქედან: ადგილობრვი მუნიციპალიტეტიდან 183 000 ლარი, შენობის რეაბილიტაცია 728 000 ლარი (მგფ - EIB) და მოედნის მშენებლობა 1 300 000 ლარი (მგფ - EIB). აკადემიის შენობა გასულ საუკუნეში სოფლის კოლმეურნეობას ეკუთვნოდა, ბოლო წლებში კი სოფლის კლუბის ფუნქციას ასრულებდა.

2018 წელს აკადემია მოამზადებს 180 ბავშვს. თბილისის „დინამო“ წლეულს 110 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს 8-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მომზადებაში: საწვრთნელი პროცესი, რომელიც "დინამოს" პროგრამით განხორციელდება, ვარჯიშის შემდეგ კვება, სოფლებიდან ვარჯიშისთვის ბავშვების ტრანსპორტით უზრუნველყოფა, სპორტული ეკიპირებით უზრუნველყოფა, მწვრთნელებისთვის სახელფასო დანამატი და საწევრო გადასახადი. მიმდინარე წელს „დინამო“ დამატებით 56 000 ლარს გამოყოფს მარტვილის აკადემიის კეთილმოწყობისთვის. თანხა დაიხარჯება აკადემიის პირველი სართულის მოსაწყობად: გასახდელი, კვების ბლოკი, სამრეცხაო, სამედიცინო კაბინეტის მოწყობა. ამასთან, "დინამო" პერსპექტიულ ბავშვებს გადაიყვანს თბილისის აკადემიაში.

საფეხბურთო აკადემიის გახსნის ცერემონიალი 28 იანვარს გაიმართა და მას მთავრობის წარმომადგენლები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია, ლეგენდარული დინამოელები - ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ძოძუაშვილი, დავით მუჯირი, ვახტანგ ქორიძე და ლევან ნოდია დაესწრნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111019