ფეხბურთი

17:45 | 23.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

იოჰანები და ჩხუბბურთი (+VIDEO)
დაუვიწყარი 50

ეჰ, როდის გავა 4 წელიწადი... რამდენჯერ გვიფიქრია მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. ეს ხომ ზეიმია, ფეხბურთში მუნდიალზე დიდი რამ ხომ არ არსებობს, აქ ერთი კარგი თამაში, ერთი გოლი, ერთი მაგარი პასი ხომ სამუდამოდ ისტორიაში იწერება. ეს ერების ბრძოლაა.

14 ივნისამდე 142 დღე დარჩა და Worldsport.ge მანამდე 50 გამორჩეულ მატჩზე სათითაოდ დაწერს. წლების მიხედვით არ მივუყვებით, ჩვენი ვერსიით საუკეთესო და დასამახსოვრებელ თამაშებზე დავწერთ...

“დაუვიწყარი 50” - ეს ახალი რუბრიკაა და შევეცდებით, მკითხველისთვის საინტერესო იყოს.

მატჩი 1

1974. მეორე ჯგუფური ეტაპი

დორტმუნდი. “ვესტფალენშტადიონი”

ჰოლანდია – ბრაზილია 2:0

ჰოლანდია: იონგბლადი, კროლი, რეისბერგენი, სიურბიერი, იანსენი, ჰაანი, ვან ჰანეგემი, ნეესკენსი (ისრაელი 85), კრუიფი, რენსენბრინკი (დე იონგი 67), რეპი

მწვრთნელი: რინუს მიხელსი

ბრაზილია: ლეაო, ლუის პერეირა, ზე მარია, ფრანსისკო მარინიო, შაგას მარინიო, კარპეჟანი, რიველინო, დირსეუ, პაულო სეზარი (მირანდინია 61), ჟაირზინიო, ვალდომირო

მწვრთნელი: მარიო ზაგალო

გოლები: 1:0 ნეესკენსი (50), 2:0 კრუიფი (64)

გაძევება: ლუის პერეირა (84)

თან ფეხბურთი, თან კრივი – ეს მატჩი ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უხეში. განსაკუთრებით ბოლო ოც წუთში დაიწყო ნამდვილი ბრძოლა, რასაც ბრაზილიელი ლუის პერეირას გაძევება მოჰყვა. “სელესაოს” მცველმა იოჰან ნეესკენსი მოცელა და არც გაძევების მერე დაშოშმინდა: ჰოლანდიელ ფანებს მისდგა და უხეშ ჟესტებს აჩვენებდა. ძლივს შეიყვანეს გასახდელში.

აქეთ ჰოლანდია ტოტალური ფეხბურთით, რინუს მიხელსის იდეებით, იოჰან კრუიფის ტვინით, აიაქსური ვარსკვლავთკრებულით; იქით მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ბრაზილია, რომელსაც აღარ ჰყავდა პელე, ტოსტაო, გერსონი, კარლოს ალბერტო...

დორტმუნდის სტადიონზე ფინალისტი უნდა გამოვლენილიყო. ეს არ იყო ნახევარფინალი, რადგან მეორე ჯგუფური ეტაპი ტარდებოდა და ოთხეულიდან მხოლოდ საუკეთესო გადიოდა ფინალში. თუმცა გარკვეულწილად მაინც ნახევარფინალს წარმოადგენდა ერთი პირობით: ჰოლანდიას ბურთების უკეთესი შეფარდება ჰქონდა და ბრაზილიასთან ფრეც ხელს აძლევდა.

რამ გააუხეშა ბრაზილია? “სელესაო” ხომ მუდამ ცნობილი იყო ნატიფი ტექნიკით. საქმე ისაა, რომ ჰოლანდიაც ხშირად მიმართავდა სარმებს, წვრილ-წვრილ ჯარიმებს და მეტოქეები ერთმანეთს აჰყვნენ. იმოქმედა იმან, რომ ბრაზილია ანგარიშში ჩამორჩა და ცხადი იყო, თასს ემშვიდობებოდა.

ვალდომიროს შეეძლო პირველ ტაიმში გატანა, ოღონდ, საერთო აზრით, ჰოლანდია გაცილებით ძლიერი ნაკრები იყო და მეორე ტაიმში ლოგიკურად დააყენა ყველაფერი თავის ადგილზე. გენიალური კრუიფი... მისი პასის შემდეგ იოჰან ნეესკენსმა თითქმის წაქცეულმა მოახერხა ორიგინალურად დარტყმა; მერე თავად კრუიფმაც ვარდნაში გაიტანა რუდი კროლის ჩაწოდებით.

წაგება ეგრე არ უნდაო, ბრაზილიამ ფეხბურთით რომ ვერაფერი დაუპირისპირა “ნარინჯისფერებს”, წვივებში დარტყმებზე და მუჯლუგუნებზე გადავიდა.

გერმანელი კურტ ჩენშერი მსაჯობდა და რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადა – 90 წუთი რომ ამოიწურა, შვებით ამოვისუნთქე, ერთი სული მქონდა, საფინალოდ როდის დავუსტვენდიო.

თუმცა ეჭვებს რა გამოლევდა. მიმომხილველთა აზრით, ჩენშერმა უხეშობა განგებ არ აღკვეთა, რადგან თავისი ქვეყნის ბედი აღელვებდა. ფინალში ხომ ჰოლანდიას გფრ ელოდებოდა.

ჰოდა, ბოლო წუთებამდე ყვითელ-წითელ ბარათებს ხელი არ მოჰკიდა, ფეხბურთელებს ერთმანეთი დაახოცინაო... რას გაიგებ?!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115608