ფეხბურთი

17:25 | 19.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

წყალტუბოს სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი წყალტუბოს „სამგურალი“ სეზონის მეორე ნახევრიდან საშინაო მატჩების ჩატარებას საკუთარ სტადიონზე შეძლებს.

როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, 26 მაისის სახელობის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და პირველი ეტაპის დასრულება ზაფხულისთვის იგეგმება. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობით განხორციელდება. სფფ-მ საკუთარ თავზე მოედნის დაგება აიღო, ადგილობრივმა თვითმართველობამ კი ტრიბუნების მოწყობის, სტადიონის შემოღობვისა და სხვა ინფასტრუქრურული ხარჯები.

პირველ ეტაპზე დაიგება ახალი, მაღალი ხარისხის ბუნებრივი საფარი, გაკეთდება 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, პრეს და VIP ლოჟები, ოპერატორებისთვის განკუთვნილი ბოძები, შემოიღობება და მოწესრიგდება სტადიონის მიმდებარე ტერიტორია. შემდეგ კი სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწყობა ეტაპობრივად გაგრძელდება. აღდგება ცენტრალური შენობა, გაკეთდება სარბენი ბილიკები, დამონტაჟდება განათება, ტრიბუნები კი საბოლოო ჯამში 3500 კაცზე იქნება გათვლილი.

ორი დღის წინ წყალტუბოს ფეხბურთის ფედერაციიდან ტექნიკური ჯგუფი ეწვია. სფფ-ის ლოჯისტიკის სამსახურის უფროსმა გიორგი რევაზიშვილმა, მთავარმა აგრონომმა ალექსანდრე თორიამ და ინჟინერ ექსპერტმა გოგა დადივაძემ მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეამოწმეს მოედნის საფუძველი, სადრენაჟო სისტემა და სხვა კომუნიკაციები.

დაგეგმილი სამუშაოების შესახებ გიორგი რევაზიშვილმა „სამგურალის“ პრესსამსახურთან ისაუბრა:

„ჩამოვედით, დეტალურად რომ შევისწავლოთ სტადიონზე არსებული ვითარება, სადაც სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ჩვენს მიერ ჩასატარებელი სამუშაოები საფეხბურთო მინდვრის საფუძველის მოწყობას, სადრენაჟე არხების გაყვანას, სარწყავი სისტემის გაკეთებას და მინდვრის საფარის დაგებას ითვალისწინებს. დაიგება 7 კომპონენტიანი მაღალი ხარისხის ბუნებრივი საფარი, რომელიც ადაპტირებული იქნება გარემო პირობებთან. სარემონტო სამუშაოებს შიდა ტენდერის საფუძველზე ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანია შეასრულებს.

სამუშაოების დაწყება დიდწილად ამინდზეა დამოკიდებული, ყინვა არ უნდა იყოს. დანარჩენ კლიმატურ პირობებში შეიძლება მუშაობა. სავარაუდოდ, თებერვალში დაიწყება საფუძვლის მოწყობის სამუშაოები. დაახლოებით მარტში მინდვრის საფარის დაგებას დავიწყებთ. ამ ყველაფერს, უხეშად რომ ვთქვათ, სამი თვე დასჭირდება, სამი თვის შემდეგ კიდევ ერთი ეტაპი იქნება გასავლელი, რომელსაც ჩვენ „შეხორცების პერიოდს“ ვეძახით, უნდა შეხორცდეს დაგებული მინდორი, ამ პროცესს დაახლოებით ორი ან ორთვენახევარი დასჭირდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, წლეულს ზაფხულში უკვე შესაძლებელი იქნება ამ მინდორზე თამაშის ჩატარება“.

გასულ სეზონში „სამგურალი“ საშინაო მატჩებს მარტვილში „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე ატარებდა. წყალტუბოში ხელოვნურსაფარიანი მოედანი არსებობს, რომელზეც ძირითადი და ასაკობრივი გუნდები ვარჯიშობენ, მაგრამ ტრიბუნების, VIP და პრეს ლოჟების არარსებობის გამო, ლიგა 2-ის მატჩების ჩატარება იქ დაშვებული არ არის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153729