ფეხბურთი

12:02 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

სულიკო დავითაშვილი რომან ფიფიაზე: “იტყუება!”

ახალი წლის წინა დღეებში WORLDSPORT.GE-მ ინტერვიუ გამოაქვეყნა თბილისის “დინამოს” მფლობელ რომან ფიფიასთან, რომელიც გაბრაზებული იყო მამა-შვილზე, სულიკო და ზურაბ დავითაშვილებზე. ინტერვიუშიც ეს აშკარად ჩანდა. 16 წლის ზურაბ დავითაშვილს “დინამოსთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და აღარ გააგრძელა, გადავიდა თბილისის “ლოკომოტივში”.

ფიფიას ნაუბარს აქაც ნახავთ - რომან ფიფიას ინტერვიუ

ამჯერად კი გთავაზობთ სულიკო დავითაშვილის კომენტარს. შეგახსენებთ, სულიკო დავითაშვილი “ლოკომოტივის” 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელად დაინიშნა:

“კლუბის მფლობელის დაუკითხავად, რომელი ჭკუათმყოფელი მამა წაიყვანდა შვილს უცხოეთის გუნდში? მე “დინამოში” მწვრთნელად ვმუშაობდი, შვილი კი “დინამოში” თამაშობდა და კონტრაქტი ჰქონდა. და ამ დროს იქ მომუშავე მწვრთნელმა ხელი მოვკიდე შვილს და ფიფიას დაუკითხავად წავიყვანე? ეს ყველაფერი ტყუილია. რომან ფიფიასთან ყველაფერი შეთანხმებული იყო. კვირაში სამჯერ მიბარებდა, ფული როდის უნდა მოიტანოო.

...რატომ არ დარჩა ჩემი შვილი “დინამოში”? ფიფიას ჩვენი ერთი სიტყვისა არ სჯეროდა და მარტო მე ვერ დავალაგებდი ურთიერთობას. ბავშვი ხუთი წელი “დინამოში” იყო და კლუბს ნამდვილად ეკუთვნის მადლობა, ეკუთვნის საკომპენსაციო თანხა, ხოლო “რუბინში” ტრანსფერი რომ განხორციელებულიყო, საამისოდ ფიფიამ არაფერი გააკეთა. ხელი შეუშალა პროცესს.

...მოქცეულიყო ისე, როგორც წესი და რიგი იყო, მოლაპარაკებებისთვის ხელი არ შეეშალა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. ის მოლაპარაკება ჩაშალა. ჩემს შვილს რომ “დინამოსთან” კონტრაქტი გაეგრძელებინა, რა გარანტია მქონდა, რომ ფიფია იგივეს არ გაიმეორებდა? ვისაც სიმართლე აინტერესებს, აი, ეს არის სიმართლე. ფიფია კი საკუთარი თავის გარდა არავის ენდობა და რაც თქვენთან ინტერვიუში ილაპარაკა, ტყუილი იყო”.

სტატისტიკა
0.250394