ფეხბურთი

4:35 | 31.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიბალას დაბრუნება - "იუვე" "ნაპოლის" არ სცილდება

იტალიის სერია A-მ ეკვატორი გადალახა. კალჩო წელს მისთვის უჩვეულო ფორმატით, საშობაო არდადეგების გარეშე მიმდინარეობს და ამიტომაც, პირველი წრე უკვე დასრულდა. შესაბამისად, გარკვეული დასკვნების გაკეთება უკვე შეიძლება.

თუ ორი ტურის წინ ჩემპიონობისთვის 5 გუნდი აცხადებდა პრეტენზიას, ახლა ორი ფავორიტი გამოიკვეთა. “ნაპოლი” და “იუვენტუსი” გაიქცნენ. რთულია სათქმელია, რამდენად ჩაერევიან სკუდეტოსთვის ბრძოლაში, “ლაციო”, “რომა” და განსაკუთრებით “ინტერი”, რომელმაც უკვე ზედიზედ მეოთხე მოუგებელი მატჩი ჩაატარა და ლიდერს 7 ქულით ჩამორჩა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი “ლაციოს” მასპინძლობდა და სამი ქულის მოპოვება ერთადერთი მიზანი იყო. მიუხედავად ამისა, “ჯუზეპე მეაცაზე” “ლაციალე” ტურისტად არ ჩასულა და მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო. მეტიც, მეორე ტაიმში აჯობა და ოდნავ რომ გამართლებოდა, მოიგებდა კიდეც. საბოლოოდ, ალბათ ფრე სამართლიანი შედეგი იყო, რომელმაც ვერ ვიტყვით, რომ ორივე გუნდი ახეირა.

პირველი წრე ცუდ ხასიათზე დაასრულა “რომამ” – “ჯალოროსი” შინ “სასუოლოს” დაუხვდა და ცალსახად, უდაო ფავორიტი იყო, მაგრამ რად გინდა... ეუსებიო დი ფრანჩესკო ამჟამინდელ და ყოფილ გუნდთან დაპირისპირება მშვიდობიანად დასრულდა – 1:1. იქვე, “სასუოლოს” კაპიტანი პაოლო კანავარო ფეხბურთიდან გააცილეს და “სტადიო ოლიმპიკომ” ლეგენდარული ფაბიოს პატარა ძმა აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

როგორც იქნა კმაყოფილი დარჩა ჯენარო გატუზო. “ფიორენტინასთან” მატჩის შემდეგ რინომ თქვა, რომ არ ყოფილა იდეალური თამაში, მაგრამ ხასიათი გამოვავლინეთო. ალბათ, გამათანაბრებელ გოლს გულისხმობდა, თორემ სხვა მხრივ “იებმა” დაჯაბნეს მეტოქე და მოგებას ალალად იმსახურებდნენ. ჯოვანი სიმეონემ გახსნა ანგარიში, მაგრამ იქვე ჰაკან ჩალჰანოღლუმ გაქვითა. მთლიანობაში მართლაც უკეთესი “მილანი” ვიხილეთ, მაგრამ მაინც ძალიან სუსტი. კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი კი საშინლად გაისარჯა და კრიტიკის ქარ-ცეცხლშია მოქცეული.

2018 წლის ბოლო მატჩი “მარკ-ანტონიო ბენტეგოდიზე” შედგა, სადაც “ვერონამ” “იუვენტუსი” მიიღო. ტურინელები უდაო ფავორიტები იყვნენ და მშვენიერ ხასიათზეც ჩავიდნენ ვერონაში. “იუვემ” პირველი ტაიმი აქტიურად ჩაატარა და გოლი მალევე შეაგდო. გონსალო იგუაინის აქტივობას, ბლეზ მატუიდის ზუსტი დარტყმა მოჰყვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს შეეძლო ანგარიშის გამორმაგება, მაგრამ არ გამოუვიდა. მეორე ტაიმი კი ცუდად დაიწყო და... მატუიდის პასი მარტინ კასერესმა ჩაჭრა და შორი დისტანციიდან მოხდენილი გოლი შეაგდო. ურუგვაელი “იუვენტუსში” 5.5 წელი თამაშობდა და ბევრს გაუკვირდა, როდესაც გოლი აღნიშნა. თუმცა, მასპინძელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულმა პაულო დიბალამ დაამტკიცა, რომ მასზე გაცემული ავანსები ფუჭი სულაც არაა. ჯერ სტეფან ლიხშტაინერის პასი შეირგო, მერე კი ლამის მთელი “ვერონა” მოატყუა და ულამაზესი გოლით მატჩს წერტილი დაუსვა. იქვე, არგენტინელს ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მეკარემ აჯობა. მოკლედ, დიბალა დაბრუნდა და “იუვენტუსმა” პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა. წინ “ნაპოლია”, თუმცა სხვაობა მიზერულია – 1 ქულა.

არ შეიძლება გვერდი ავუაროთ “ბენევენტოს”. რობერტო დე ძერბის გუნდმა სეზონში და პირველი თამაში მოიგო! “ჯალოროსიმ” “კიევოს” აჯობა და ამით ისტორია დაწერა. ეს იყო მისი სადებიუტო გამარჯვება იტალიური ფეხბურთის ელიტაში...

პირველი წრე დასრულდა – დიდი ხანია სერია A-ში ასეთი დაძაბული ვითარება არ ყოფილა და ეს კარგ აფიშას ქმნის. “ნაპოლი” ზამთრის ჩემპიონია და საინტერესოა, რამდენად მოახერხებს იგივეს სეზონის დასრულების შემდეგ.

სხვათა შორის, ბოლო 10 წლის განმავლობაში იტალიაში ზამთრის ჩემპიონი სეზონის ჩემპიონობას 9 შემთხვევაში ახერხებდა. ერთადერთი გამონაკლისი 2015-2016 წლების სეზონი, როდესაც პირველი წრე “ნაპოლიმ” დაასრულა ლიდერის პოზიციაზე, მაგრამ ჩემპიონი “იუვე” გახდა. ვნახოთ, რა მოხდება ამჯერზე. ფაქტია, წინ ბევრი საინტერესო გველოდება. რაღა თქმა უნდა, “ინტერის”, “რომასა” და “ლაციოს” ნაადრევად ჩამოწერაც ივარგებს.

კალჩო ძალზე საინტერესოდ მიმდინარეობს, ყველაფერი წინაა. შევხვდებით 2018 წელს!

“ფიორენტინა” – “მილანი” 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 სიმეონე (71), 1:1 ჩალჰანოღლუ (74)

“ატალანტა” – “კალიარი” 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 პავოლეტი (6), 0:2 პადოინი (23), 1:2 გომესი (90)

“ბენევენტო” – “კიევო” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კოდა (64)

“ბოლონია” – “უდინეზე” 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 დანილო (27, ა.გ), 1:1 ვიდმერი (37), 1:2 ლასანია (48)

“რომა” – “სასუოლო” 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 პელეგრინი (31), 1:1 მისიროლი (78)

“სამპდორია” – “სპალი” 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 კვალიარელა (90, პენ), 2:0 კვალიარელა (90)

“ტორინო” – “ჯენოა” 0:0 (0:0)

“ინტერი” – “ლაციო” 0:0 (0:0)

“ვერონა” – “იუვენტუსი” 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 მატუიდი (6), 1:1 კასერესი (59), 1:2 დიბალა (72), 1:3 დიბალა (77)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.420807