ფეხბურთი

15:55 | 27.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გამოხმაურება: “კოკაია ჩამოვა და საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს”

ეს დღევანდელ თემასთან დაკავშირებული წერილია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ აღმასკომზე “ზესტაფონის” საკითხი უნდა გადაჭრილიყო და კლუბის მფლობელი ილია კოკაია სხდომაზე არ გამოცხადებულა.

აქვე, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” განცხადება:

“27 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა, რომლის დღის წესრიგში საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის“ ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნების საკითხი უნდა განხილულიყო.

საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ აღმასკომს ეს საკითხი საერთოდ არ განუხილავს, ხოლო მისი დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის არგადაწყვეტის მიზეზად აღმასკომის სხდომაზე ილია კოკაიას არგამოცხადება დაასახელა.

როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჩვენს კლუბს ეროვნულ ჩემპიონატში რეინტეგრაცია შესთავაზა, "ზესტაფონმა" ამ შეთავაზებას წერილობითი თანხმობით უპასუხა, რაც თავისთავად ნიშნავდა იმას, რომ კლუბის მფლობელი ხდებოდა გუნდის ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობის გარანტი.

ილია კოკაიას საქართველოში არყოფნის გათვალისწინებით, კლუბმა წინასწარ აცნობა ფედერაციას, რომ აღმასკომის სხდომას დაესწრებოდა კლუბის უფლებამოსილი წარმომადგენელი. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ფედერაციაში მისულ კლუბის იურისტ ავთანდილ ნაცვალაძეს არ მისცეს აღმასკომის სხდომაზე დასწრების საშუალება...

ჩვენს გულწრფელ გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა, საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, მოახდინა ფეხბურთის ფედერაციის წევრი იურიდიული სუბიექტის საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ინტერესების იგნორირება და ამ პრობლემის ჩიხში შესვლა დააბრალა კლუბის მფლობელს, რომლის პოზიცია იმთავითვე ცნობილი იყო მის მიერ წარმოდგენილი გარანტიებით...

უნდა მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ, საქართველოში დაბრუნებისთანავე, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია გამართავს საგანგებო პრესკონფერენციას, რომელზეც ქართულ ფეხბურთში არსებული უმძიმესი ვითარების შესახებ ვრცლად ისაუბრებს”.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111238