ფეხბურთი

14:48 | 25.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

იდეალური მაგალითი დიბალასთვის

იყო პერიოდი, როდესაც იბრა ჯერ კიდევ არ იყო ნამდვილი იბრა და დავიდ ტრეზეგეს 17 ნომერი ეცვა. ისინი ხელშეუხებლები იყვნენ და ამიტომ ალესანდრო დელ პიერო სათადარიგო სკამს გაუშინაურდა. დიახ, სწორედ ის – კაპიტანი, სიმბოლო, დროშა, “იუვენტუსის” 10 ნომერი...

“იუვენტუსში” დაახლოებით მსგავსი სიტუაცია ახლაცაა. აქაა იგუაინი (9 ნომერი, როგორც ზლატანი მაშინ) და მარიო მანჯუკიჩი (17 ნომერი, როგორც ტრეზეგე), ხოლო პაულო დიბალა სათადარიგო სკამს გაუშინაურდა (10 ნომერი, როგორც დელ პიერო). “ლა ჯოიამ” ზაფხულში 21 ნომერი გაიხადა და 10 ნომერი მოირგო, რომელიც “იუვეში” ძალიან ბევრს ნიშნავს.

პაულო, როგორც ალექსი – “ვფიქრობდი, დიბალა იგუაინის ნაცვლად მეთამაშებინა, მაგრამ მერე გადაწყვეტილება შევცვალე. ფაბიომ (კაპელო – ავტ) ეს იცის, რადგან ასეთი სიტუაცია იყოს დელ პიეროს გარშემოც”, - ეს სიტყვები მასიმილიანო ალეგრიმ “რომასთან” მატჩის შემდეგ წარმოთქვა. იმ ალეგრიმ, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის ბოლო სამ შეხვედრაში დიბალა ძირითად შემადგენლობას მიღმა დატოვა და შესაძლო 270 წუთიდან მხოლოდ 31 წუთი დაუთმო. არადა, შუალედში არგენტინელმა იტალიის თასზე ითამაშა და გოლს, საგოლე პასიც დაუმატა.

ნუთუ ახლა, საქმე მეორე კაპელოსთან გვაქვს? – ფაბიო კაპელო დელ პიეროს იშვიათად ენდობოდა 2004-2006 წლებში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია “იუვეს” კაპიტნისთვის, რომ იმ წლებში უფრო მეტი გადამწყვეტი როლი შეესრულებინა, ვიდრე მაგალითად იბრაჰიმოვიჩს. 2004-2005 წლების სეზონში საჩემპიონო თამაშში “მილანთან” “მაკრატელა” საგოლე პასი რად ღირს ტრეზეგეს მიმართულებით. ან, თუნდაც ერთი წლის მერე, 2006 წლის 12 თებერვალს, “ინტერის” კარში გამარჯვების მომტანი გოლი, მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს “სან სიროზე” ოდენ 20 წუთი ითამაშა...

მაგალითი – “ჩემი ურთიერთობა კაპელოსთან არ ყოფილა იდეალური, რაც მრავალი ფაქტორით იყო გამოწვეული. არამხოლოდ იმიტომ, რომ იშვიათად მათამაშებდა. მასთან ერთად მე სათადარიგო სკამზე ისევ ხშირად მოვხდებოდი და ამიტომ, ჩემი “იუვენტუსში” დარჩენა მართლაც რთული იქნებოდა”, - გაიხსენებს წლების შემდეგ დელ პიერო რთულ პერიოდს. თუმცა, 2006 წლის ზაფხულში ასეთი სიტუაცია შეიქმნა: “იუვენტუსი” სერია B-ში, კაპელო – მადრიდში.

დელ პიერომ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა და ისევ იქცა გუნდის ლიდერად. მაგალითისთვის, ალესანდრო ჯერ სერია B-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მომდევნო სეზონში კი, უკვე სერია A-ს. მერე იყო, ძალიან კარგი პირადი სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე და მადრიდის “რეალთან” დაუვიწყარი მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე”. მოკლედ, დიბალას რთულ პერიოდთან გასამკლავებად ძალიან კარგი მაგალითი აქვს. არახალია, რომ პაულო ტურინში დელ პიეროს მემკვიდრედაა შერაცხული და დიდი ხანია ამ პატივის ქვეშაა მოქცეული. დუმილი, მუშაობა და ყოველთვის მზადყოფნაში ყოფნა – ეს დიბალას მთავარი გამოწვევაა. მაგალითი აქვს, თვით ალექს დელ პიეროსგან.

ვნახოთ, რამდენად გამოდგება პაულო დიბალა ახალი ალესანდრო დელ პიერო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101017