ფეხბურთი

3:05 | 24.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბენატიამ "მგლები" მოინადირა

შეიძლება ითქვას, “რომა” წარსულთან დამარცხდა. “იუვენტუსისა” და “ჯალოროსის” შეხვედრას სამი გმირი ჰყავდა – მედჰი ბენატია, ვოიცეხ შჩესნი და მირალემ პიანიჩი. ახლა, სამივე “იუვესთვის” ირჯება, მაგრამ იყო დრო რომაული გუნდის ღირსებას იცავდნენ.

მე-18 წუთზე ბენატიამ “მგლები” მეორე გასროლით მოინადარა და ნადავლი სამი ქულა აღმოჩნდა. პიანიჩმა კუთხური ჩააწოდა, იქ ჯორჯო კიელინი დაავიწყდათ სტუმრებს და მისი თავური კი უკუაგდო ალისონ ბეკერმა, მაგრამ იქვე ბენატია იყო ჩასაფრებული. მაროკოელმა ჯერ ხარიხას გაარტყა, ხოლო ბურთი მასვე მიუბრუნდა და მიზანშიც მოხვდა.

ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს გოლი მატჩის ბედს გადაწყვეტდა. განა იმიტომ, რომ 1:0 გვიკვირს “იუვენტუსისგან”, არამედ იმიტომ, რომ უამრავი საგოლე მომენტი იყო. მაგალითად, პირველ ნახევარში ტურინელებმა მეტოქის კარისკენ 12-ჯერ გაისროლეს და მიმდინარე სეზონში “რომას” კარს ერთ ტაიმში ამდენჯერ არავინ დამუქრებია. სცენარი მეორე ტაიმშიც გაგრძელდა – “იუვე” მეორე გოლის გატანასთან რამდენჯერმე ახლოს იყო. ორჯერ გონსალო იგუაინმა ისეთი მანძილიდან ააცილა მიზანს, რომ ალბათ თვითონაც ვერ იჯერებდა. ვერ გაიტან, გაგიტანენო და... ეუსებიო დი ფრანჩესკო გუნდმა მატჩის მიწურულს მწარედ კბენა დაიწყო. მანამდე მწყობრად მოთამაშე მასპინძელთა დაცვა ჩავარდა და ალესანდრო ფლორენციმ ლამის საგოლე მოიქნია, ხარიხამ იხსნა “იუვე”. ხარიხას, ხარიხითვე უპასუხა ალეგრის გუნდმა. პიანიჩმა შორიდან გაისროლა და “რომა” გადარჩა.

მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან, რაც მსაჯის კომპენსირებულ წუთებზე მოხდა. ბენტაი და კიელინი ერთ ეპიზოდში ისე დაიბნენ, თქვენგან მოწონებული და სანამ გონს მოვიდნენ რა ხდებოდა, პატრიკ შიკი უკვე ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ იყო გასული. ჩეხ ფორვარდს შურისძიების დიდებული შანსი ჰქონდა. მოგეხსენებათ, შიკი “იუვეში” გადადიოდა, თუმცა სამედიცინო შემოწმების დროს დაიწუნეს და უკან, გენუაში გააბრუნეს. ეს ივნისში მოხდა, ახლა კი? ახლა შიკი გმირის როლში გვევლინებოდა, მაგრამ ანტიგმირი კი გახდა – პოლონელმა კიპერმა გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა. “იუვენტუსმა” მოიგო, “ნაპოლის” ისევ ერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო “რომასა” და “ინტერს” დაუსხლტდა.

არ ჩანს პაულო დიბალა... წარმოიდგინეთ, რა ბედნიერია მწვრთნელი, რომელსაც ასეთი ფეხბურთელის სათადარიგო სკამზე დასმის ფუფუნება აქვს და თან ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში. შუა კვირაში პაულომ იტალიის თასზე იბურთავა გვარიანად და ალეგრიმაც აქო, მაგრამ დღეს მისთვის წუთიც ვერ გაიმეტა. მის გარეშე “იუვენტუსმა” შედეგი დადო, მაგრამ ბევრი კი ინერვიულა.

და ალეგრი რას ფიქრობს დიბალაზე? – მასიმილიანოს მიაჩნია, რომ “ლა ჯოია” ახალი დელ პიეროა. მან არგენტინელის დღევანდელი მდგომარეობა ფაბიო კაპელოს პერიოდში ალექს დელ პიეროს სიტუაციას შეადარა და შეგირდს სიმშვიდისკენ მოუწოდა. შეგირდის გამხნევება არ დავიწყებაი დი ფრანჩესკოსაც. კერძოდ, შიკის. “რომას” თავკაცი მიიჩნევს, რომ ჩეხი გაცილებით მნიშვნელოვან გოლებს გაიტანს “რომასთვის”. ვნახოთ. მანამდე კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედჰი ბენატიამ ყოფილი გუნდისკენ გაისროლა და მიზანშიც მოარტყა.

ჰო, სეზონის წინ ამბობდნენ, "იუვენტუსის" დაცვა ლეონარდო ბონუჩის წასვლის შემდეგ საგრძნობლად დასუსტდაო. ამასობაში კი, "იუვემ" ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ მერვე შეხვედრა ჩაატარა გოლ გაუშვებლად და ასეთი კარგი სერია 2016 წლის თებერვლის შემდეგ არ ჰქონია. "რომამ" კი "ალინც სთედიუმზე" მერვე მატჩი ჩაატარა და მოგებას ვინ დაეძებს, ფრეც სანატრელი აქვს.

სანამ, ტურინში სუპერმატჩი იქნებოდა, იქამდე “ნაპოლის” მოუწია ნერვიულობის ფონზე გამარჯვება. თამაში დაწყებული თითქმის არ იყო და “სამპდორია” “სან პაოლოზე” დაწინაურდა. გასტონ რამირესმა 35 მეტრიდან ისეთი ჯარიმა გაიტანა, რომ ალბათ შვილიშვილებსაც მოუყვება. საერთოდ, მხიარული თამაში გამოვიდა. მაურიციო სარის გუნდმა მალევე გაათანაბრა, მაგრამ მერე იმავე რამირესი აქტიურობას პენალტი და ფაბიო კვალიარელას გოლი მოჰყვა. პირველი ტაიმში “სამპას” მცველები ორჯერ უხეშად შეცდნენ და ორჯერვე გოლი მიიღეს. მეორე ნახევარში გოლი აღარ გასულა. მოგებით გახარებულმა სარიმ კი მატჩის შემდეგ კონკურენტების თამაშის ყურებას, დედას მონახულება ამჯობინა. როგორც მან თქვა არ აპირებდა “იუვენტუსისა” და “რომას” ყურებას, რადგან დედას სანახავად მიდიოდა. ალბათ, სარიმ სიტყვაც შეასრულა.

“ინტერი” ნელ-ნელა იძირება. ბოლო სამ ტურში ლუჩანო სპალეტის გუნდმა კინკილა გოლი და კინკილა ქულა გამოიმუშავა. თუ “იუვენტუსთან” ორი კვირის ფრე წარმატებული შედეგი იყო, “უდინეზესთან” მარცხს “სასუოლოსთან” მოყოლილი მარცხი დადებითად ვერ ჩაითვლება. არადა, შეეძლო “ინტერნაციონალეს” ქულა მაინც წამოეღო რეჯიო ემილიადან, მაგრამ მაურო იკარდიმ პენალტი ვერ გაიტანა და “ნაპოლი” 5 ქულით, “იუვენტუსი” კი 4 ქულით გაიქცნენ. შეძლებს “ნერაძური” თამაშში დაბრუნებას?

რაც “ინტერის” თავს ხდება, ზღაპარია იმასთან შედარებით, რასაც “მილანი” ჰქვია. ამ გუნდისგან ალბათ მხოლოდ სახელი დარჩა ან ესეც აღარ. ჯენარო გატუზომ მატჩის შემდეგ მოკლედ მოჭრა – ჩემს გადადგომას რატომ ითხოვთ, პრობლემა ჩემში არაა, “მილანი” გუნდი არააო... ვერაფერს იტყვი და ვერც შეედავები. “როსონერის” გუნდურობისა და ზოგადად გუნდის, “ატალანტასთან” მართლაც არაფერი ეტყობოდა და 0:2 დამარცხდა. “სან სიროზე” მხოლოდ სტვენა და გინება იყო – ჯანლუიჯი დონარუმა ტიფოზების რისხვის მთავარი ობიექტი გახლდათ, თუმცა არც ნიკოლა კალინიჩისთვის დაუკლიათ. მოკლედ, ლომბარდიული გრანდი დიდ უფსკრულშია და სინათლის გზაც ჯერჯერობით არსაიდან მოსჩანს.

იტალიაში ახლა ყველა შობას ზეიმობს და ფეხბურთისთვის დროებით არ სცხელათ. თუმცა, გეტყვით, რომ კალჩოში ფორმატი შეიცვალა და მიმდინარე წელს კიდევ ერთი ტური გველის. ეს 30 დეკემბერს, საახალწლოდ. მანამდე, Buon Natale!

“ლაციო” – “კროტონე” 4:0 (0:0)

გოლები: 1:0 ლუკაკუ (56), 2:0 იმმობილე (78), 3:0 ლულიჩი (86), 4:0 ანდერსონი (89)

“ჯენოა” – “ბენევენტო” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ლაპადულა (90, პენ)

“სპალი” – “ტორინო” 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 იაგო ფალკე (1), 0:2 იაგო ფალკე (10), 1:2 ვივიანი (42), 2:2 ანტენუჩი (69, პენ)

“ნაპოლი” – “სამპდორია” 3:2 (3:2)

გოლები: 0:1 რამირესი (2), 1:1 ალანი (16), 1:2 კვალიარელა (27, პენ), 2:2 ინსინიე (33), 3:2 ჰამშიკი (39)

“სასუოლო” – “ინტერი” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ფალჩინელი (34)

“უდინეზე” – “ვერონა” 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ბარაკი (28), 2:0 ვიდმერი (44), 3:0 ბარაკი (68), 4:0 ლასანია (80)

“იუვენტუსი” – “რომა” 1:0 (1:0)

ტურინი, “ალიანც სთედიუმი”

მაყურებელი: 40 000

“იუვენტუსი” (4-3-3): შჩესნი; ბარძალი, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი (მარკიზიო 79); კუადრადო (ბერნარდესკი 76), იგუაინი, მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“რომა” (4-3-3): ალისონი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; ნაინგოლანი, დე როსი (უნდერი 85, სტროტმანი (პელეგრინი 71)); ელ შაარავი (შიკი 67), ჯეკო, პეროტი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლი: 1:0 ბენატია (18)

გაფრთხილება: კუადრადო (52), ლექს სანდრო (82) – დე როსი (23), პელეგრინი (87), კოლაროვი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 8 (4) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.15073