ფეხბურთი

11:12 | 22.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვისი აჯობებს - მესი VS რონალდუ!

კარს მომდგარ უიქ-ენდზე საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ესპანეთის დედაქალაქისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც “ელ კლასიკო” შედგება (23 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე). “რეალი” – “ბარსელონას” შეხვედრა არ შედის უბრალო დაპირისპირებათა სიაში, ეს უფრო მეტია, ვიდრე ორი გუნდის 90-წუთიანი დუელი.

მადრიდულ-ბარსელონური ჯახი არც გუშინ დაწყებულა და არც 10 წლის წინ, მაგრამ მაინც, უკანასკნელ ათწლეულში სხვა დატვირთვაც შეიძინა. გინდა, არ გინდა, ასეა – ამის მიზეზი კი ორი ფეხბურთელია. თანამედროვების მთავარი შოუმენები, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ. სადაც საუბარი მესის შესახებაა, იქ რონალდუსაც ახსენებენ და პირიქით.

მიმდინარე წლის 23 აპრილს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მატჩის ბოლო წუთზე ლეოს მაგიურმა მარცხენამ “ელ კლასიკოს” ბედი “ბარსელონას” სასარგებლოდ გადაწონა. და რა გააკეთა არგენტინელმა? – მაისური გაიხადა და “სანტიაგო ბერნაბუეს” 80-ათასიან პუბლიკას წარუდგინა. თითქოს, ანიშნა, ჯერ მე ვარ და მერე დანარჩენებიო. და მაინც, “ბარსას” გამარჯვებამ “რეალს” ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის გაფორმებაში ხელი ვერ შეუშალა.

მალე რევანშიც შედგა – აგვისტოში ესპანეთის სუპერთასზე “რეალმა” დაუძინებელ მტერს სტუმრადაც მოუგო და სახლშიც. “კამპ ნოუზე” კი, კრიშტიანუს დრიბლინგი უძლიერესი დარტყმით და გოლით დასრულდა. გოლის აღნიშვნა? – ეს ნამდვილად იყო შურისძიება. რონალდუს ახალი ველოსიპედი არ შეუქმნია. უბრალოდ, გააკეთა ის, რაც აპრილიდან მოყოლებული ალბათ, ყველა მადრიდისტას ძალიან სურდა: მაისური გაიხადა და “კამპ ნოუს” 90-ათასიან პუბლიკას წარუდგინა. ეს იყო პასუხი მესის ჟესტზე და ეს იყო კიდევ გამოვლინება იმისა, რომ რონალდუ და მესი განუყოფელი მცნებებია. დასტური იმისა, რომ შეჯიბრი გაგრძელდება მანამ, სანამ ისინი ფეხბურთში იქნებიან.

რაღა დარჩა? ერთი დღეც და, მორიგი დუელი შედგება. ვისი აჯობებს? – მესი “რეალის” წინააღმდეგ თუ რონალდუ “ბარსელონას” წინააღმდეგ? – ამას ცოტა ხანში გავიგებთ. მანამდე, ის გავიხსენოთ, აქამდე ვისი სჯობდა. მესი ლურჯ-წითელ მაისურზე გამოსახული 10 ნომრით და რონალდუ თეთრ მაისურზე გამოსახული 7 ნომრით...

ლეო VS “რეალი”

მესის სტატისტიკა “რეალის” წინააღმდეგ მართლაც შთამბეჭდავია. არგენტინელი “ბლანკოსს” აქამდე 36-ჯერ დაუპირისპირდა და მატჩების 44.4% მოიგო (რაც ჩინებული მაჩვენებელია). 36 თამაში, 16 მოგება, 8 ფრე და 12 წაგება. მაგრამ, განსაკუთრებით წარმატებულად საქმე გოლებშია! 24 გოლი – მესი “რეალის” კარში საშუალოდ ყოველ 133 წუთში ერთ გოლს იტანს. გარდა ამისა, ლიონელი “ელ კლასიკოს” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მის უკან კი ალფრედო დი სტეფანო (18 გოლი) და ვინ თუ არა, კრიშტიანუ რონალდუა (17 გოლი). მესის “რეალზე” მეტჯერ დამწუხრებული მხოლოდ ორი გუნდი, “სევილია” და “ატლეტიკო” ჰყავს. “ლა პულგას” “ელ კლასიკო” ორ ჰეთ-თრიქს, ხუთ დუბლსა და რვა ერთეულ გოლს იტევს. საოცარი ციფრებია, წუნს რომ ვერ მოუძებნის ადამიანი...

კრიშტიანუ VS “ბარსელონა”

რონალდუ “ელ კლასიკოს” მეხუთე “ოქროს ბურთით” ხვდება. ამ მაჩვენებლით სხვათა შორის, პორტუგალიელი თავის საპირწონეს გაუტოლდა. რონალდუს “ბარსელონას” წინააღმდეგ 31-ჯერ აქვს ნათამაშები. აქედან სამჯერ “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით, რომლის რიგებშიც “ბლაუგრანა” 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დაამარცხა (“ოლდ ტრაფორდზე” გამარჯვება, “კამპ ნოუზე” ფრე). სხვათა შორის, ბარსელონაში მაშინ რონალდუმ პენალტის გაცუდებაც მოახერხა. 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი, “წითელი ეშმაკების” მაისურით რონალდუ კატალონიელებთან დამარცხდა. ჯამში, მან ინგლისური გუნდის მაისურით “ბარსა” ერთხელაც ვერ დაამწუხრა.

აი, “ელ კლასიკოში” კი პორტუგალიელის მაჩვენებელი გაცილებით დამაიმედებელია: 28 თამაში, 8 მოგება, 7 ფრე და 13 წაგება (28.5% მოგება). კრიშტიანუმ “ბლაუგრანას” კარში დღემდე 17 გოლის გატანა მოასწრო და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “ელ კლასიკოს” ყველა დროის გოლეადორებში მესამე პოზიციაზე იმყოფება. სავარაუდოდ, დი სტეფანოს შედეგის გაუმჯობესება არ გაუძნელდება, ხოლო შემდეგ მესისთან დუელი კიდევ ერთი კუთხით შედგება.

არა, ფაქტია, მესი და რონალდუ ძალიან ძლიერები არიან და შეგვიძლია ყველა დროის საუკეთესოობაზეც თამამად წარვადგინოთ. როგორც მინიმუმ კი, ამ დროისთვის არანაირი ეჭვი არ არსებობს. მესი თუ რონალდუ “ელ კლასიკოებში”? – ჯერჯერობით ლეო ლიდერობს. ვნახოთ, ვის დარჩება უპირატესობა შაბათს. ყურადღება, “ელ კლასიკო” გვიახლოვდება...

0.112413