ძიუდო

20:45 | 16.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლ-ბრინჯაო რუსული ტატამიდან

სანქტ პეტერბურგში დღეს დაწყებულ უპრესტიჟულეს საერთაშორისო ტურნირზე – მასტერსზე, მამაკაცთა შორის მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები კი საქმეში ორი სპორტსმენით ჩაერთო და ორივე პოდიუმზე ავიდა. ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ) უმაღლეს საფეხურამდე ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა. ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.

ოლიმპიურმა (2012) და ევროპის (2013) ჩემპიონმა შავდათუაშვილმა ფინალის გზაზე სამი მეტოქე ჩამოიშორა. სამივე იპონით. ევროპის 2008 წლის ჩემპიონს, ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტს წუთსა და 25 წამში მოუმთავრა საქმე, მონღოლ მსოფლიოს პრიზიორ ოდბაიარ განბაატარს – 2 წუთსა და 51 წამში, ხოლო უზბეკ გიოსჟონ ბობოევს – 2 წუთსა და 59 წამში.

ფინალში შავდათუაშვილი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და რეიტინგის ლიდერს – იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს დაუპირისპირდა, ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალთან ერთად, 1260 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რაც მსოფლიოს ცხრილში მინიმუმ სამი საფეხურით დააწინაურებს და 2017 წლის სეზონს მოწინავე ხუთეულში დახურავს.

ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა ვაჟა მარგველაშვილმა მასტერსი საკუთარ კედლებში მოჭიდავე ანზაურ არდანოვის ვაზარით ძლევით გახსნა. მოლდოველ დენის ვიერუს "ოქროს დროში” მოპოვებული შიდოს უპირატესობით აჯობა. უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი კი ნახევარფინალში დაკარგა, ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვთან 11 წამში წაგებით.

რეპეშაჟის ფინალში ქართველი ძიუდოისტი რუსეთის ნაკრების კიდევ ერთ წევრს –მსოფლიოს ჩემპიონატების 3-გზის ფინალისტ მიხაილ პულიაევს დაეჭიდა და ვაზარით მოუგო. მესამე საპრიზო ადგილის დაკავებით მარგველაშვილმა პირად რეიტინგს 900 ქულა შემატა.

დღესვე, რუსულ ტატამზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტებიც გავიდნენ. საქართველოს სახელით მასტერსზე ამირან პაპინაშვილს უნდა ეჭიდავა, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მესამე ადგილზეა, მაგრამ პაპინაშვილმა სეზონის ბოლო საერთაშორისო ტურნირი ნაკრების მწვრთნელებთან შეთანხმებით გამოტოვა. უმსუბუქეს წონაში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა ავიდა.

ხვალ, მამაკაცებში მედლების დარჩენილი ოთხი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს ნაკრებს მონაწილე ოთხივე წონაში ეყოლება. მედლისთვის ბრძოლაში ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ჩაებმებიან.

ძიუდო

მასტერსი

სანქტ პეტერბურგი

16 დეკემბერი

კაცები

60 კგ

1 რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია)

2 ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი)

3 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)

3 შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)

66 კგ

1 ხერლან განბოლდი (მონღოლეთი)

2 იელდოს ჟუმაკანოვი (ყაზახეთი)

3 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

3 ბარუჩ შმაილოვი (ისრაელი)

73 კგ

1 სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)

2 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

3 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

3 ტომი მაციასი (შვედეთი)

ქალები

48 კგ

1 ფუნა ტონაკი (იაპონია)

2 ირინა დოლგოვა (რუსეთი)

3 ბოკიეონგ ჯეონგი (სამხრეთ კორეა)

3 ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)

52 კგ

1 ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)

2 ამანდინ ბუჩარი (საფრანგეთი)

3 ალექსანდრა-ლარისა ფლორიანი (რუმინეთი)

3 ერიკა მირანდა (ბრაზილია)

57 კგ

1 სუმია დორჟსურენი (მონღოლეთი)

2 ცუკასა იოშიდა (იაპონია)

3 იუჯეონგ კვონი (სამხრეთ კორეა)

3 ჰელენ რესევო (საფრანგეთი)

63 კგ

1 მიკუ ტაშირო (იაპონია)

2 ნამი ნაბეკურა (იაპონია)

3 კლარის აგბენონუ (საფრანგეთი)

3 ჟუულ ფრანსენი (ჰოლანდია)

0.112874