ფეხბურთი

10:47 | 11.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფოთის „ჭაბონამა“ „მოყვარულთა თასი 2017-ის“ გამარჯვებულია

9 დეკემბერს, წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე, გაიმართა „მოყვარულთა თასი 2017-ის“ ფინალური მატჩი ფოთის „ჭაბონამასა“ და თბილისის „ნახალოვკას“ შორის. მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. გუნდებმა პატივი მიაგეს საფეხბურთო მსაჯის ილია ტუღუშის, 2 დეკემბერს, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის საშუალო სკოლის ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეთა, აგრეთვე, ბათუმის სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის შედეგად და თბილისის სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას.

მატჩის დასაწყისივე ძალზედ საინტერესო გამოდგა. „ჭაბონამამ“ გიორგი ფარღალავას დასწრებაზე შესანიშნავი თამაშის წყალობით ჯერ კიდევ მე-4 წუთზე მოახერხა დაწინაურება. საწყის წუთებში გაშვებულმა გოლმა „ნახალოვკა“ ძალიან დააბნია, ამ ყველაფერს კი დაემატა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი სეფიაშვილის ტრამვა, რომელიც მე-12 წუთზე ლევან ფირანიშვილმა შეცვალა. პირველ ტაიმში გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა კვლავ „ჭაბონამას“, თუმცა ფოთელი ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და ანგარიში უცვლელი დარჩა. „ნახალოვკა“ ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ მათი შეტევები ისეთი მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა, როგორც ამ გუნდისთვისაა დამახასიათებელი. „ნახალოვკამ“ სახიფათო მომენტი მხოლოდ სტანდარტული სიტუაციის დროს შექმნა, თუმცა გიორგი ალავიძეს მიზანმა უმტყუნა და საკმაოდ კარგი შანსი ანგარიშის გათანაბრებისა, ვერ გამოიყენა.

მეორე ნახევარის დასაწყისი განსხვავებული გამოდგა და ბურთის ფლობის უპირატესობა ამჯერად „ნახალოვკას“ ჰქონდა, თუმცა „ჭაბონამას“ ფეხბურთელები შესანიშნავად გამოიყურებდნენ კონტრშეტევებზე და სწორედ ასეთი კონტრშეტევის დროს მათ უკვე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, რამაც საბოლოოდ გატეხა „ნახალოვკას“ ფეხბურთელები. ფოთის „ჭაბონამას“ ფეხბურთელები მოპოვებული უპირატესობის შემდგომ კიდევ უფრო მოტივირებულები უტევდნენ მეტოქის კარს და კიდევ ორი ბურთის გატანა შეძლეს. საბოლოოდ, შეხვედრა „ჯაბონამას“ გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

"მოყვარულთა თასი 2017-ის" გამარჯვებული ქ. ფოთის სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი - "ჭაბონამა" გახდა!

გამარჯვებულებს, მედლები და თასი საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ბერდია ჯიბლაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯღარკავამ გადასცეს.

„მოყვარულთა თასი 2017“ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტმა სტარტი აიღო 2017 წლის 19 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 42 მუნიციპალიტეტის 300-მდე სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა და 8000-მდე მოყვარულმა ფეხბურთელმა.

მოყვარულთა თასის მონაწილე გუნდებიდან დაკომპლექტდება საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ნაკრები, რომელიც 2018 წლიდან მონაწილეობას მიიღებს UEFA Regions’ Cup-ის გათამაშებაში.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“.

ინტერნეტპორტალები: “sportstar.ge”, „worldsport.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო„ჯაკო“.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161124