ფეხბურთი

17:44 | 3.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" კარი ბოლო წუთზე მეკარემ დალაშქრა და "ბენევენტომ" ისტორიული ქულა მოიპოვა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს ღრმა აუტსაიდერმა “ბენევენტომ ზედიზედ 14 წაგების შემდეგ იტალიურ საფეხბურთო ელიტაში პირველი ქულა მოიპოვა. პირველი ქულა ხომ სასიხარულოა, მაგრამ როგორ სტილში?!

“ბენევენტოს” “მილანი” სტუმრობდა, რომლის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჯენარო გატუზოს ჰქონდა. “როსონერი” ახლოს იყო, რომ აუტსაიდერი დაემარცხებინა – ჯაკომო ბონავენტურასა და ნიკოლა კალინიჩის გოლებით მეტოქეს მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთამდე იგებდა. აი, ამ დროს კი ის მოხდა, რის გამოც ალბათ ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სახეობაა.

“ბენევენტომ” ბოლო წუთზე (მეხუთე დამატებულ წუთზე) ჯარიმა შეასრულა და ისტორიული გოლიც გაიტანა, რომელმაც რობერტო დე ძერბის გუნდს სერია A-ში პირველი ქულა მოუტანა. ალბათ, იტყვით, მერე რა მოხდა, ბოლო წუთზე რამდენი გოლი გასულაო, მაგრამ...

მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ჯანლუიჯი დონარუმას კარში გოლი “ბენევენტოს” კარის დარაჯმა, ალბერტო ბრინიოლიმ გაიტანა. “ჯალოროსის” მეკარე საჯარიმოში ჩავიდა და თავისი სიმაღლე ჩინებულად გამოიყენა. სხვათა შორის, ერთობ ეფექტური გოლიც გამოვიდა.

მოკლედ, “ბენევენტომ” იტალიის სერია A-ში პირველად მოიპოვა ქულა და ამით სტარტზე განცდილი ზედიზედ 14 მარცხი გადაფარა. თანაც, ეს ქულა პატარა იტალიურმა გუნდმა “მილანს” გამოსტაცა ხელიდან. ალბერტო ბრინიოლი კი, “ბენევენტოს” გმირია...

0.159987