ფეხბურთი

18:18 | 2.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურა” – ნანატრი თასი

საჩხერის “ჩიხურამ” ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. ზემოიმერლები აქამდე ორჯერ იყვნენ ფინალში და ორივეჯერ თბილისის “დინამოსთან” წააგეს, ამჯერად კი გორში ქუთაისის “ტორპედოს” სძლიეს – ძირითად დროში გოლი არ გასულა, არც დამატებითში და ბოლოს, პენალტების სერიაში სოსო ფრუიძის შეგირდებმა უკეთ დაარტყეს.

“ტორპედოს” დისკვალიფიკაციის გამო არ ჰყავდა ბექა ტუღუში და სათადარიგო მეკარე მაქსიმე ქვილითაია, ხოლო ჩემპიონატში გადამწყვეტი გოლის ავტორი თორნიკე კაპანაძე დაშავდა და მის ნაცვლად, უკრაინელი ვლადიმირ კორობკა ვიხილეთ სასტარტოში.

საჩხერელთა დანაკლისი: კაპიტანი შოთა კაშია ავტოავარიის შემდეგ ისევ მკურნალობს, თუმცა ეს სიახლე არაა.

“ჩიხურა” დებიუტშივე ახლოს იყო გატანასთან, მაგრამ როინ კვასხვაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მშვენიერ ფორმაშია: დიმიტრი ტატანაშვილის მოულოდნელად დარტყმული ბურთი ცხრიანიდან მოხსნა.

თუმცა ყველაზე რეალური შანსი ქუთაისელებს ჰქონდათ. მე-20 წუთზე მეკარე დინო ჰამზიჩმა კორობკა წააქცია, პენალტი დაინიშნა და გიორგი კუხიანიძემ ხარიხას მოარტყა ბურთი... პროფესიულ კარიერაში, კუხიანიძეს აქამდე გაცუდებული არ ჰქონდა პენალტი.

თუმცა მხოლოდ თამაშის დროს? გადამწყვეტი პენალტიც გააცუდა კუხიანიძემ – სერიაში ბოლო დარტყმა მან შეასრულა და დინო ჰამზიჩმა მოიგერია.

ზოგადად, მეორე ტაიმში ფრთხილი თამაში ვიხილეთ და მომენტი თითქმის აღარც ყოფილა. იყო მხოლოდ მწვავე შეტევები. დამატებით დროშიც არ შეცვლილა სურათი და ეტყობოდა, ვერცერთი გუნდი ვერ რისკავდა.

პენალტების სერიაში კი ჰამზიჩმა ორჯერ იმარჯვა. კუხიანიძემდე, ლევან კუტალიას აუღო, ხოლო “ჩიხურადან” მხოლოდ ბაჩანა ცხადაძემ გააცუდა დარტყმა.

“ტორპედო” საქართველოს ჩემპიონია და დუბლი ვეღარ შეასრულა. აი, ქუთაისელებზე არანაკლებ, ამ ფინალის წაგება “საბურთალოს” ეწყინებოდა – ევროტურნირების საგზური ვერ მიიღეს. საბურთალოელები მეოთხეზე გავიდნენ, მაგრამ ეს არ ეყოთ, რადგან თასი მეხუთეადგილოსანმა “ჩიხურამ” აიღო.

საქართველოს თასის ფინალი

გორი. თენგიზ ბურჯანაძე

ჩიხურა – ტორპედო 0:0 (პენალტებში 4:3)

ჩიხურა: ჰამზიჩი, კორიფაძე, კაკუბავა, მირცხულავა, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (განუგრავა 112), ფონიავა (ლექვთაძე 73), გორგიაშვილი, სარდალიშვილი (ცხადაძე 97), გაბედავა, ტატანაშვილი

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, გურული, ქიმაძე, გიგაური (ბაბუნაშვილი 118), ფალავანდიშვილი, კუხიანიძე, დოლიძე (ბერიაშვილი 114), კუტალია, კორობკა (კვირკვია 82)

მე-20 წუთზე კუხიანიძემ ვერ გაიტანა პენალტი (ხარიხა)

გაფრთხილება: ჰამზიჩი – ფალავანდიშვილი, ქიმაძე, კორობკა, გურული, ხურცილავა

მსაჯი: ხორავა

პენალტების სერია

გაიტანეს: განუგრავა, ტატანაშვილი, გორგიაშვილი, გაბედავა – ტაბატაძე, ბაბუნაშვილი, კვასხვაძე

ვერ გაიტანეს: ცხადაძე (ხარიხა) – კუტალია (მეკარე), კუხიანიძე (მეკარე)

0.107521