სხვა

12:53 | 27.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მორის ყვითელაშვილის ვერცხლის მედალი შანხაიდან (+VIDEO)

2017-2018 წლის სეზონი საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა ფიგურული ციგურაობის სამყაროში, სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისათვის გამორჩეულად დაძაბული, ფედერაციებისათვის კი ორგანიზაციულად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი.

სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირი, გრან პრის სერიის გამოსვლები, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები და ოთხწლეულის მთავარი სტარტი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონგჩანგში - ეს იმ ტურნირების ჩამონათვალია, რომლებშიც იასპარეზებს ქართველი სპორტსმენი მორის ყვითელაშვილი და რომლისთვისაც საერთაშორისო საციგურაო ორგანიზაციის (ISU) მიერ 24-26 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩატარებული ტურნირი " შანხაი ტროპი 2017" , წელს რიგით მეხუთე საერთაშორისო ტურნირი იყო.

ტურნირი " შანხაი ტროპი " წელს მეორედ იმართება საერთაშორისო ტურნირის სტატუსით. მასში მონაწილეობდა ვაჟთა, ქალთა, სპორტული წყვილებისა, სპორტული ცეკვებისა და სინქრონულ ციგურაობის კატეგორიაში სულ 12 ქვეყნის 130 სპორტსმენი .

ქართველმა სპორტსმენმა მორის ყვითელაშვილმა ამჯერადაც საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა რუსეთის, ყაზახეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნის მოციგურავეებთან. ყოველი ახალი სტარტი მორისს მეტ დამაჯერებლობას, გამოცდილებას მატებს და კიდევ უფრო სრულყოფს მისი ახალი პროგრამების ტექნიკურ მახასიათებლებს. ამის დასტურია მორის ყვითელაშვილის მიერ ამ ტურნირზე თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისაგან 157, 58 ქულის მიღება , " შანხაი ტროპი 2017" -ზე მეორე ადგილის მოპოვება და ვერცხლის მედლით დაჯილდოვება, რაც ქართველი სპორტსმენისათვის ნამდვილად წარმატებული შედეგია და იმედიანი დასაწყისია მომავალი ჩემპიონატებისა და ოლიმპიური თამაშების წინ.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ტურნირს, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ტურნირებს, მსაჯობდა საერთაშორისო კატეგორიის ქართველი მსაჯი სალომე ჩიგოგიძე, რომლის მონაწილეობა მსოფლიო რანგის მსაჯთა ამ საერთშორისო ელიტაში თითოეული ქართველი მოციგურავის, მათი მწვრთნელებისა და მთლიანად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციისათვის სერიოზული რესურსი და საიმედო გარანტია საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი სპორტსმენების შეფასებისას მათ მიმართ ობიექტურობის დასაცავად.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.108323