ფეხბურთი

2:01 | 20.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩინებული "ინტერი", საშინელი - "იუვენტუსი"

იტალიის სერია A-ს XIII ტურის შემდეგ “ნაპოლიმ” ლიდერობა განიმტკიცა. მაურიციო სარის გუნდმა “მილანს” რომ მოუგო, უკვე გიამბეთ. უპირატესობის ზრდა კი ტურინის “იუვენტუსის” მარცხმა გამოიწვია.

თითქოს, 13 ტურში 31 ქულა სულაც არაა ცუდი შედეგი, მაგრამ ფაქტია, მოქმედ ჩემპიონს ეს არ ჰყოფნის და ლიდერთან უკვე 4 ქულას აგებს. ამის მიზეზი კი, მარტივია – “ნაპოლია” უბრალოდ ფანტასტიკური! “იუვემ” სეზონში მეორე შეხვედრა გენუაში წააგო. “სამპდორია” წელს მართლაც მოსაწონ ფეხბურთს თამაშობს და აგერ 12 შეხვედრაში 26 ქულა დააგროვა, რაც ჩინებული შედეგია, მაგრამ ტურინელთა ფეხის დაცდენა ლიგურიის დედაქალაქში მაინც მოულოდნელი იყო. “სამპამ” მრისხანე მეტოქეს უფრო მეტი კონცენტრაციის ხარჯზე აჯობა – 4-ჯერ დაარტყა მეტოქის კარში და სამი გოლი გაუტანა. მაშინ, როდესაც სტუმრებს პირველ ტაიმში არაერთხელ შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ ტურინელთა შემტევები ბევრს სცოდავნენ. მეორე ტაიმში კი “სამპდორიამ” დიდებული თამაში აჩვენა და ანგარიში 3:0 წაიყვანა. მართალია, “იუვე” გონს მოვიდა, მაგრამ ძალიან გვიან. მსაჯის კომპენსირებულ დროში გონსალო იგუაინისა და პაულო დიბალას გოლები უკვე მხოლოდ პრესტიჟის იყო. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ “იუვენტუსი” კონკრეტული თამაშის მიმდინარეობისას წინ არ გასულა და ყოველთვის მდევრის როლში იყო. ნამატჩევს, ალეგრიმ იხტიბარი არ გაიტეხა და თქვა, რომ მისმა გუნდმა კარგად ითამაშა, უბრალოდ მეტოქეს ძალიან გაუმართლა. მასიმილიანომ ისიც დასძინა, რომ წელს საუკეთესო პირველი ტაიმი გენუაში ვითამაშეთო... არ ვიცით, ალბათ ალეგრი სხვა მატჩზე საუბრობდა. ფაქტია, “ბებერი ქალბატონის” მდგომარეობა საგანგაშოა. თანაც, კალენდარიც ძალიან რთული აქვს – წინ ელოდება “ნაპოლისთან”, “ინტერთან” და “რომასთან” მატჩები მიყოლებით. მაგრამ იქამდე, ჩემპიონთა ლიგა და კატალონური “ბარსელონა”. "სამპამ" კი მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე მეშვიდედ ითამაშა და ჯერ ქულა არ დაუკარგავს!

ამასობაში, “იუვეს” მილანის “ინტერმაც” გადაასწრო – “ნერაძური” აგრძელებს ჩინებულად თამაშს და აგერ, 13 ტურის თავზე დაუმარცხებელია (10 გამარჯვება, 3 ფრე). ლუჩანო სპალეტის გუნდმა ამჯერზე ბერგამოს “ატალანტას” მოუგო ადვილად. გმირი კი კაპიტანი მაურო იკარდი გამოდგა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში დუბლი გაიფორმა და თავისი გუნდი მეორე ადგილზე დააბრუნა. ახლა “ინტერნაციონალე” “ნაპოლის” ორი ქულით ჩამორჩება. ცალსახაა, მიმდინარე სეზონში “ინტერის” საჩემპიონო ამბიციები ძალზე რეალურია.

სხვა მატჩებიდან დიდად გამოსარჩევი არცერთი ყოფილა. “ბენევენტოზე” ვთქვათ, რომელმაც ფეხბურთის ისტორიაში ანტირეკორდი დაამყარა და სტარტზე მიჯრით 13(!) მატჩი წააგო. აქამდე მსგავსი შედეგით მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედი” “იწონებდა” თავს – “წითელმა ეშმაკებმა” 87 წლის წინ 12 მატჩი ისე ჩაატარეს, რომ ქულა სანატრელი ჰქონდათ. რობერტო დე ძერბის გუნდმა კი ისტორიული მეცამეტე მარცხი დრამატულად განიცადა. “სასუოლოსთან” ბოლო წუთამდე ახერხებდა ქულის მოპოვებას, მაგრამ ფედერიკო პელუზოს გუნდმა მათი ოცნება სამომავლოდ გადადო.

ბევრი სტვენა იყო “გრანდე ტორინოზე” – “ტორინოს” ტიფოზებს სულაც არ მოსწონთ, რომ მათი საყვარელი გუნდი შინ “კიევოს” ვერ უგებს. მეტიც, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი აგებდა და მერე გაათანაბრა. ისე, მოგებაც შეეძლოთ “ხარებს”, მაგრამ ანდრეა ბელოტი მისი გუნდისა არ იყოს, კრიზისშია და ახლა უკვე პენალტის გატანა ვერ მოახერხა.

კიდევ ერთი ამბიციური გუნდი ვერ ახერხებს სათანადოდ თამაშს – “ფიორენტინაზე” ვსაუბრობთ, რომელიც დებიუტანტ “სპალთან” მარცხს თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ფედერიკო კიეზას გოლით გადაურჩა. “ჯენოას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხელახალი დებიუტი წარმატებული გამოუვიდა დავიდე ბალარდინის. “გრიფონემ” სტუმრად უშუალო კონკურენტ “კროტონეს” კალაბრიაში რიგონის სწრაფი გოლით მოუგო. ასევე 1:0 და ასევე სტუმრად გაიმარჯვა “კალიარიმ”, რომელმაც ჯიჯი დელ ნერის “უდინეზე” დატოვა უქულოდ.

“კროტონე” – “ჯენოა” 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 რიგონი (11)

“ბენევენტო” – “სასუოლო” 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 მატრი (57), 1:1 არმენტეროსი (65), 1:2 პელუზო (90)

“სპალი” – “ფიორენტინა” 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 პალოსკი (42), 1:1 კიეზა (80)

“სამპდორია” – “იუვენტუსი” 3:2 (0:0)

გოლები: 1:0 ძაპატა (52), 2:0 ტორეირა (71), 3:0 ფერარი (79), 3:1 იგუაინი (90, პენ), 3:2 დიბალა (90)

“ტორინო” – “კიევო” 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ჰეტემაი (14), 1:1 ბაზელი (33)

“უდინეზე” – “კალიარი” 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ჟოაო პედრო (54)

“ინტერი” – “ატალანტა” 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 იკარდი (51), 2:0 იკარდი (60)

ბომბარდირები: ჩირო იმმობილე ("ლაციო") - 15 გოლი, მაურო იკარდი ("ინტერი") - 13, პაულო დიბალა ("იუვენტუსი") - 12, დრის მერტენსი ("ნაპოლი") - 10.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.234366