ფეხბურთი

18:43 | 14.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

15 173 წუთი, 7320 დღე და 241 თვე...

ვეტერანმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა შვედეთთან (0:0) მატჩის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 39 წლის კიპერმა “სკუადრა აძურას” რიგებში ზუსტად 20 წელიწადი გაატარა.

სიმბოლურია, რომ ყველაფერი მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფით და დაიწყო და ასევე დასრულდა. დიახ, ჯიჯიმ იტალიის ნაკრების ფორმა პირველად მუნდიალის პლეი-ოფის ეგიდით გამართულ მატჩში მოირგო.

1997 წლის 29 ოქტომბერი. მოსკოვი, “ლუჟნიკების” სტადიონი. ჩეზარე მალდინის ვარსკვლავებით გაძეძგილი “სკუადრა აძურა” რუსეთის ნაკრებს საფრანგეთში გასამგზავრებელი საგზურისთვის ეთამაშება. მოყინულ და თოვლიან მოედანზე არცთუ სანახაობრივი თამაში იყო და ალბათ, არც არაფრით შემორჩებოდა ისტორიას, რომ არა 32-ე წუთი. “სკუადრა აძურას” მთავარი კარის დარაჯი ჯანლუკა პალიუკა ტრავმას იღებს და შეხვედრას ვეღარ აგრძელებს. ვინაიდან იმ დღეს, სათადარიგო სკამზე “პარმას” 19 წლის მეკარე იჯდა, თამაშშიც ის ჩაერთო.

მიუხედავად დებიუტისა, ბუფონს ნერვიულობა დიდად არც დასტყობია – რამდენჯერმე გადაარჩინა კიდეც საკუთარი გუნდი. ჯიჯის კარში პირველი გოლი მეტოქეს არ გაუტანია. ფაბიო კანავარომ იმ დღეს ავტოგლი მიითვალა. ეს იყო პირველი გამოჩენა. თუმცა, დიდი დრო არ დასჭირვებია ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გამხდარიყო.

ჩეზარე მალდინიმ ჯიჯი 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანა, თუმცა მხოლოდ მესამე მეკარის რანგში. სამაგიეროდ, საფრანგეთიდან დაბრუნებული უკვე “სკუადრა აძურას” პირველი ნომერი გახდა. დინო ძოფი ევრო 2000-ის შესარჩევ ციკლში სწორედ ბუფონს ეყრდნობოდა. ამასობაში, ბელგია-ჰოლანდიაში გასამართი ევროფორუმიც კარს მომდგარიყო და იტალიის კარი 22 წლის ბუფონს უნდა დაეცვა. მაგრამ, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, იტალია ოსლოში ნორვეგიას ესპარინგებოდა, რა დროსაც ჯიჯიმ ხელის თითი მოიტეხა და კონტინენტის პირველობის ყურება სახლიდან მოუწია. მართალია, ევრო 2000 დიდებულად ჩაატარა ფრანჩესკო ტოლდომ, მაგრამ არავის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგ ბუფონი კუთვნილ ადგილს დაიბრუნებდა. ასეც მოხდა – იქედან მოყოლებული ჯიჯი შეუცვლელი იყო აპენინელთა კარის სადარაჯოზე.

თავიდან ბუფონსა და იტალიას იმედგაცრუება ელოდათ. თითქოს საჩემპიონო გუნდი ჩაიყვანა ჯოვანი ტრაპატონიმ 2002წელს აზიაში, მაგრამ “სკუადრა აძურა” მერვედფინალში გავარდა მასპინძელ სამხრეთ კორეასთან დამატებით დროში მარცხით. იმავე მატჩში უკვე “იუვენტუსის” კიპერმა თერთმეტრიანი მოიგერია, მაგრამ დამატებით დროში ან ჰვანის თავურს ვერაფერი მოუხერხა. იტალიას კარგი დღე არც 2004 წელს ევროპის ჩემპიონატზე დაადგა. ჯგუფში ჩარჩა და ბედის ირონიით ამაში მთავარი დამნაშავე მაშინაც შვედეთი გამოდგა.

სამაგიეროდ, ტრიუმფალური გამოდგა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი. გერმანიის მუნდიალამდე იტალიაში საფეხბურთო სკანდალი მძვინვარებდა და ბევრს არც სჯეროდა, რომ მარჩელო ლიპის გუნდი ღირსეულად წარმოაჩენდა თავს პლანეტის პირველობაზე. თუმცა, “სკუადრა აძურა” უბრალოდ ფანტასტიკური იყო: იტალია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ამაში უდიდესი როლი ჯიჯიმ ითამაშა. 7 შეხვედრაში მან მხოლოდ 2 გოლი გაუშვა – ერთი პენალტით და ერთიც თანაგუნდელ ძაკარდოსგან. ბუფონი ყოველთვის იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო და ბუფონი გამოდგა იტალიის ნაკრების მხსნელი არაერთ კრიტიკულ მომენტში. იმავე მუნდიალზე იტალიელთა მეკარემ კარი მშრალად მიჯრით 470 წუთის განმავლობაში შეინახა და ეს მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში მეოთხე შედეგია. სხვათა შორის, რომ არა ფინალში ზინედინ ზიდანის სწრაფი პენალტი, ჯიჯი რეკორდის მფლობელიც გახდებოდა. ამისთვის საჭირო იყო იტალიას გოლი თამაშის პირველ საათში არ გაეშვა. და მაინც, რეკორდს ვიღა ჩიოდა, “სკუადრა აძურა” მეოთხედ ავიდა საფეხბურთო მწვერვალზე. წლის ბოლოს კი, ბუფონს ფენომენალური თამაში დაუფასდა და “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში მეორე ადგილზე გავიდა. ჩამორჩა რა, თანაგუნდელ ფაბიო კანავაროს.

ეს გამოდგა ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც იტალიამ ღირსეულად ითამაშა – 2010 და 2014 წლებში აპენინელებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიეს. ამაში ჯიჯის როლი ნაკლები იყო. სამხრეთ აფრიკაში ბუფონმა მხოლოდ პირველ მატჩში ითამაშა და ისიც 45 წუთი. მერე ზურგის ტრავმის გამო მოედანზე კარგა ხანს არ გასულა. 2014 წელს კი, სამიდან ორ მატჩში ითამაშა. სამაგიეროდ, ევროპის ჩემპიონატზე გაცილებით კარგად ასპარეზობდნენ იტალიელები. 2012 წელს ჩეზარე პრანდელის გუნდი ფინალამდე მივიდა და იქ შეუჩერებელ ესპანეთთან მართლაც სტატისტის როლში აღმოჩნდა.

ჯანლუიჯი ბუფონის კარიერა დაიწყო მუნდიალის პლეი-ოფიდან და დასრულდა მუნდიალის პლეი-ოფში. 20 წელი, 7320 დღე – ეს, ის დროა, როცა ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის ნაკრებთან ასოცირდებოდა.

ამ ხნის განმავლობაში ჯიჯიმ 175-ჯერ მოირგო “სკუადრა აძურას” მაისური. აქედან 79-ჯერ კაპიტნის რანგში. 69 მატჩში კარი მშრალად შეინახა და გაუშვა 144 გოლი. ბუფონმა იტალიის ნაკრების რიგებში წუთების მხრივ მართლაც დაუჯერებელი რაოდენობა დააგროვა: ჯიჯიმ “სკუადრა აძურას” რიგებში 15 173 წუთი გაატარა მოედანზე...

ბუფონი ლოთარ მათეუსთან და ანტონიო კარბახალთან ერთად მესამე ფეხბურთელია, ვინც 5 მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფებოდა ფეხბურთელის რანგში.

ჯანლუიჯი ბუფონი ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით რეკორდსმენია იტალიაში. მის უკან ფაბიო კანავაროა 136 მატჩით. ისე, ევროპელ ფეხბურთელებს შორის ჯიჯიზე მეტჯერ საკუთარი ეროვნული გუნდის რიგებში არავის უთამაშია. ეგ კი არა, მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ სამ მოთამაშეს ჩამორჩება: აჰმედ ჰასანს (ეგვიპტე), კლაუდიო სუარესს (მექსიკა) და ჰოსამ ჰასანს (ეგვიპტე). საინტერესოა, რომ პირველ ადგილზე მყოფ აჰმედ ჰასანის აქტივში 184 სანაკრებო კეპია. მოკლედ, აბსოლუტურ რეკორდამდე ბევრი არაფერი იყო დარჩენილი. იტალია რომ შვედეთს გასცდენოდა, ალბათ ჯიჯი ამ რეკორდის მფლობელიც გახდებოდა.

გარდა ამისა, ბუფონი რეკორდსმენია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ და საკვალიფიკაციო ეტაპებზე ჩატარებული მატჩების მიხედვითაც (58 შეხვედრა).

5 მუნდიალი, 4 ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი, 175 თამაში, 15 173 წუთი, 7320 დღე და 20 წელიწადი – ჯიჯი ბუფონის შთამბეჭდავი სანაკრებო ციფრები...

Loading...
0.153392