ფეხბურთი

12:58 | 14.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის მერიის თასის გამარჯვებული გამოვლინდა

კვირას, 12 ნოემბერს, 16:00 საათზე, 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონ „მარაკანაზე“ მოყვარულთა თასის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტის - „თბილისის მერიის თასის“ გათამაშების ფინალი გაიმართა სამოყვარულო საფეხბურთო კლუბებს - „35-ე თბილისსა“ და „ნახალოვკას“ შორის.

ფინალურმა მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, რაზეც სტადიონზე მოსული გულშემატკივრების რაოდენობაც მეტყველებს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამაშმა სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრების მოლოდინი სრულად გაამართლა.

მატჩის საწყის წუთებში აშკარა იყო “35-ე თბილისის” სათამაშო უპირატესობა, რაც გატანილ გოლში აისახა და გაგა კირკიტაძემ უკვე მე-2 წუთზე შეძლო გუნდის დაწინაურება. მატჩის მე-14 წუთზე, შოთა ავსაჯანიშვილმა უნაკლოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმის საშუალებით 2-მდე გაზარდა 35-ე თბილისის უპირატესობა. უნდა აღინიშნოს რომ „ნახალოვკას“ ფეხბურთელებმა დროულად მოახდინეს მობილიზაცია და ნიკოლოზ მაისურაძის ცივსისხლიანი თამაშის შედეგად მატჩის 23 წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა, რის შემდეგაც „ნახალოვკას“ ფეხბურთელებმა ზეწოლა განაგრძეს და 31-ე წუთზე ნიკოლოზ მაისურაძემ მეორედ შეძლო ბურთის კარის ბადეში გახვევა და ანგარიშიც გათანაბრდა 2:2. ტაიმის მიწურულს „35-ე თბილისს“ კვლავ შეეძლო დაწინაურება, თუმცა გიორგი ადეიშვილმა გაგა კირკიტაძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტის რეალიზება ვერ მოახდინა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მატჩის მეორე ნახევარი ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი უკვე პენალტების სერიისთვის ემზადებოდა, როდესაც მატჩის ბოლო წუთზე გიორგი სილაგავას ჩაწოდებულ ბურთზე ნიკოლოზ მაისურაძემ ბრწყინვალე ნახტომში მესამედ აიღო „35-ე თბილისის“ კარი, რითაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:3 „ნახალოვკას“ სასარგებლოდ.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“.

ინტერნეტპორტალები: “sportstar.ge”, „worldsport.ge“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო„ჯაკო“.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160285