ფეხბურთი

1:46 | 6.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერია A: ტური "იუვენტუსის" სასარგებლოდ (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XII ტურის შემდეგ ლიდერი უცვლელი დარჩა, მაგრამ ცხრილის ზედა ნაწილში ისედაც დაძაბული ვითარება, კიდევ უფრო დაიძაბა. ეს ყველაფერი იმან განაპირობა, რომ “ნაპოლიმ” და “ინტერმა” ვერ მოიგეს.

თავდაპირველად, ლუჩანო სპალეტის გუნდზე ვთქვათ: ძალზე გამართული და საზრიანი ფეხბურთი დაუპირისპირა “ტორინომ” მიმდინარე სეზონში მრისხანედ მოთამაშე “ინტერნაციონალეს”. ოდნავ რომ გამართლებოდა დაამარცხებდა კიდეც, მაგრამ ალბათ საბოლოო შედეგი უფრო ლოგიკური იყო. თავიდან, დაწინაურდნენ კიდეც სინიშა მიხაილოვიჩის ბიჭები – იაგო ფალკემ მოხდენილი გოლი შეაგდო. არანაკლებ ლამაზი იყო “ინტერის” პასუხიც: პერიშიჩი-იკარდი-ედერის კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. “ინტერმა” ორი ქულა და ერთი პოზიცია დაკარგა, მაგრამ ლიდერთან ჩამორჩენა უცვლელი დარჩა. სხვათა შორის, “ნერაძური” ჯერაც დაუმარცხებელია და 12 ტურის მერე ასეთ ვითარებაში 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ არ ყოფილა.

“ინტერს” არ ჩამორჩა “ნაპოლი” და ვერ მოიგო. მაურიციო სარის ნაქებმა გუნდმა ვერონაში, “კიევოსთან” მეტად უფერული მატჩი ჩაატარა და ლოგიკურიც იყო, რომ გოლი ვერ გაიტანა. მეტიც, გაცილებით მწვავე შეტევები “მფრინავ ვირებს” ჰქონდათ და შეეძლოთ მოგება. თუმცა, როგორც მატჩის მერე “კიევოს” თავკაცმა როლანდო მარანმა თქვა, “ნაპოლისთან” კარის მშრალად შენახვა ფანტასტიკური შედეგია...

ლიდერთა წაფორხილებით ისარგებლა “იუვენტუსმა”. “ბებერი ქალბატონი”, რომელიც 120 წლის იუბილეს აღნიშნავდა და სპეციალური მაისურითაც ითამაშა, ღრმა აუტსაიდერ “ბენევენტოს “ ხვდებოდა. ბუნებრივია, მასიმილიანო ალეგრის გუნდი უდაო ფავორიტი იყო, მაგრამ “იუვეს” ნერვიულობად დაუჯდა სამი ქულა. პირველ ტაიმში ტურინელები კოლოსარულ უპირატესობას ფლობდნენ, უბრალოდ ბურთს არ სურდა სტუმართა კარში შესვლა. სამაგიეროდ, მე-19 წუთზე ჩიჩირეტიმ ფანტასტიკური საჯარიმო გაუტანა ვოიცეხ შჩესნის და მოულოდნელად “ჯალოროსი” დაწინაურდა. საერთოდაც, “ბენევენტომ” ტაიმი მოიგო და საინტერესოა, რომ მოიგო ისე, 45 წუთში მეტოქის საჯარიმოში ბურთს ერთხელაც არ შეხებია... თუმცა, ფაქტი იყო, ასე ვერ გაგრძელდებოდა და ასეც მოხდა: მეორე ტაიმში 7 წუთიან ინტერვალში გონსალო იგუაინმა და ხუან კუადრადომ იტალიის ჩემპიონს მოაგებინეს. “იუვენტუსმა” “ინტერს” გადაასწრო, ხოლო “ნაპოლისთან” ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა (1 ქულა). რაც შეეხება “ბენევენტოს” – 12 ტური გავიდა და ქულა არ მოუპოვებია. ამით გაიმეორა “მანჩესტერ იუნაიტედის” 87 წლის წინ დამყარებული ანტირეკორდი...

ლიდერთა ტრიოს არაფრით ჩამორჩება “რომა”. დიდებულ ფორმაშია ეუსებიო დი ფრანჩესკო გუნდი და სკუდეტოს მაძიებელთა შორის ერთ-ერთი ნამდვილადაა. “რომამ” ამჯერად ფლორენციაში მოიგო. პირველი ტაიმი ბრაზილიელი ჟერსონის ბენეფისი იყო: სამხრეთმაერიკელმა დუბლი გაიფორმა (პირველი გოლები “რომას” მაისურით). თუმცა, “იებიც” არ ჩამორჩნენ. ვერეტუმ და სიმეონემ ორივე გოლი გაქვითეს. და მაინც, მეორე ტაიმში კლასმა თავისი გაიტანა – კოსტას მანოლასმა და დიეგო პეროტიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. “რომამ” მიჯრით მე-12 გასვლითი თამაში იტალიის ჩემპიონატში და ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო სერიაა. “ჯალოროსის” 27 ქულა აქვს, მაგრამ ერთი თამაშით ნაკლები აქვს სხვებთან შედარებით. მოკლედ, “რომაც” ერთ-ერთი გამორჩეულია ამ სეზონში.

ვინჩენცო მონტელა უმუშევრად დარჩენას გადაურჩა – “მილანმა” რეჯიო ემილიაში “სასუოლო” უპრობლემოდ დაამარცხა და ხასიათი ოდნავ, მაგრამ მაინც გამოიკეთა. “როსონერიმ” თითო ტაიმში თითოჯერ იხეირა. ჯერ ალესიო რომანიოლიმ შეაგდო თავით, შემდეგ ესპანელმა სუსომ გაიტანა ლამაზი გოლი – 0:2. “მილანს” 19 ქულა აქვს, მაგრამ ოთხეულზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა.

“ლაციოს” შესახებაც უნდა გვესაუბრა დღეს, მაგრამ “უდინეზესთან” მატჩი ძლიერი წვიმის გამო არ შედგა. აღნიშნული მატჩი 24 იანვრისთვის გადაიტანეს.

“ინტერი” – “ტორინო” 1:1 (0:0) VIDEO

გოლები: 0:1 იაგო ფალკე (59), 1:1 ედერი (79)

“კალიარი” – “ვერონა” 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ძუკულინი (6), 1:1 ჩეპიტელი (28), 2:1 ფარაგო (85)

“კიევო” – “ნაპოლი” 0:0 (0:0) VIDEO

“ფიორენტინა” – “რომა” 2:4 (2:2) VIDEO

გოლები: 0:1 ჟერსონი (5), 1:1 ვერეტუ (9), 1:2 ჟერსონი (30), 2:2 სიმეონე (39), 2:3 მანოლასი (50), 2:4 პეროტი (87)

“იუვენტუსი” – “ბენევენტო” 2:1 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 ჩიჩირეტი (19), 1:1 იგუაინი (57), 2:1 კუადრადო (65)

“ატალანტა” – “სპალი” 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 კრისტანტე (23), 1:1 რიცო (64)

“სასუოლო” – “მილანი” 0:2 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 რომანიოლი (40), 0:2 სუსო (67)

ბომბარდირები: ჩირო იმმობილე ("ლაციო") - 14 გოლი, პაულო დიბალა ("იუვენტუსი") - 11, მაურო იკარდი ("ინტერი") - 11, დრის მერტენსი ("ნაპოლი") - 10.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.487113