ფეხბურთი

19:36 | 5.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

4:0 – ნერვიულობის გარეშე

თბილისის “დინამომ” 4:0 მოუგო ბათუმის “დინამოს” და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. კახა კაჭარავას გამარჯვება დიდად არ გასჭირვებია, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი ბექა მიქელთაძე გახლდათ – ჰეთ-თრიქი მიითვალა და მიმდინარე ჩემპიონატში 15 გოლი მოუგროვდა. ამ 15-დან მესამედი, ანუ ხუთი გოლი ბათუმელებს გაუტანა.

პირველი გოლი კი ექს-ბათუმელი ლევან გეგეჭკორისა იყო. შორიდან დაარტყა და ლევან შოვნაძე შეცდა – 1:0. ისე, გეგეჭკორმა გოლი არ აღნიშნა, ყოფილი გუნდის საპატივსაცემოდ.

რაც შეეხება მიქელთაძის გოლებს, სამივეჯერ დაეხმარა აკაკი შულაია. ორი ბურთი უშუალოდ მისი პასით გაიტანა, ერთიც კომბინაციას მოჰყვა და საბოლოდ, თავით დააგვირგვინა ბექამ.

ბოლოს კი 16 წლის ხვიჩა კვარაცხელიას არ გაუმართლა და ულამაზეს გოლამდე ცოტა დააკლდა: აკრობატულ ნახტომში დაარტყა და ხარიხას მოარტყა ბურთი.

ბათუმის “დინამოს”, დიდი ალბათობით, ფლეი ოფში მოუწევს თამაში ბოლნისის “სიონთან”. თუმცა ჯერაც აქვს მეშვიდეზე გასვლის შანსი, ოღონდ მცირე.

ეროვნული ლიგა. 33-ე ტური

თბილისი. დინამო არენა

დინამო (თბილისი) – დინამო (ბათუმი) 4:0 (1:0)

დინამო თბ: ლიტოვჩენკო, გეგეჭკორი, სალუქვაძე, კობოური, თოთაძე, შულაია, ქარდავა (დავიტაშვილი 85), ზარია (ქოჩლაძე 33), კიტეიშვილი, მიქელთაძე, ბ.ქავთარაძე (კვარაცხელია 79)

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

დინამო ბთ: შოვნაძე, ფარტენაძე, მახარაძე, მგელაძე, სუხიაშვილი, არზიანი (თევდორაძე 36), შონია, კვანტალიანი (მარცვალაძე 46), ჩოგაძე (ფლამარიონი 70), ე.გრიგალაშვილი, გ.ქავთარაძე

მწვრთნელი: ასლან ბალაძე

გოლები: 1:0 გეგეჭკორი (19), 2:0 მიქელთაძე (49), 3:0 მიქელთაძე (79), 4:0 მიქელთაძე (82)

გაფრთხილება: ქარდავა

მსაჯი: ყრუაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.169018