ფეხბურთი

1:46 | 25.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" საჩემპიონო ნიშნები (+VIDEO)

პროგნოზების და მითუფრო დასკვნების გაკეთება შესაძლოა, ჯერ ადრე იყოს, მაგრამ “ინტერი” სკუდეტოს მაძიებელთა შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. ლუჩანო სპალეტის გუნდი შარშანდელთან შედარებით გარდაიქმნა და აგერ უკვე 10 ტური ისე გაილია, შედეგს თავი რომ დავანებოთ, თამაშის ხარისხიც საჩემპიონოა.

ციფრებიც ყველაფერზე მეტყველებენ: 26 ქულა “ინტერს” ათ ტურში 1997-1998 წლების სეზონის შემდეგ არ მოუპოვებია. მოკლედ, ეს ბოლო 20 წელიწადში საუკეთესო სტარტია. შარშან “ნერაძურის” 10 ტურში სულ რაღაც 14 ქულა ჰქონდა მოპოვებული და ახლა? – 26...

“ინტერი” დამაჯერებელია და “ინტერი” უკვე ერთპიროვნულად გალიდერდა. მართალია, “ნაპოლი” მეათე ტურში ჯერ არ ჩართულა, მაგრამ მაინც დასაფასებელია. სპალეტის ბიჭების მორიგი ლუკმა გენუის “სამპდორია” გამოდგა – ლიგურიელები კარგად თამაშობენ წელს და “ჯუზეპე მეაცაზეც” კარგად ითამაშეს, ოღონდ მხოლოდ ბოლო ნახევარი საათი. მანამდე, “ინტერნაციონალე” დომინირებდა და გოლებიც შეაგდო. მილან შკრინიარმა და მაურო იკარდიმ. სხვათა შორის, მილანურმა გრანდმა თავის დროზე ორივე ფეხბურთელი “სამპდორიასგან” იყიდა. იკარდიმ საერთოდაც დუბლი გაიფორმა და ბომბარდირთა დავაში პაულო დიბალას გადაასწრო. ახლა, არგენტინელი მხოლოდ ჩირო იმმობილეს ჩამორჩება. ისევ იკარდის თემას გავაგრძელებთ: ზედიზედ მეოთხე სეზონია მაურიტო ორნიშნა ციფრს აღწევს სერია A-ში და ბოლოს “ინტერის” ფეხბურთელთაგან მსგავსი შედეგი ბობო ვიერის ჰქონდა.

ზემოთ ნახევარი საათი და “სამპას” კარგი თამაში ვახსენეთ – მარკო ჯამპაოლოს გუნდი გონს გვიან მოვიდა და ორი გოლი გაქვითა, მაგრამ ეს მარცხისგან თავის ასარიდებლად საკმარისი არ გამოდგა. მთლიანობაში, “ინტერი” გამარჯვებას იმსახურებდა და მოიგო კიდეც – 3:2.

“ინტერი” – “სამპდორია” 3:2 (2:0) VIDEO

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მაყურებელი: 54 451

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, ნაგატომო (სანტონი 84); ვესინო (ჟოაო მარიო 74), გალიარდინი; კანდრევა, ბორხა ვალერო, პერიშიჩი; იკარდი (ედერი 87)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; ბერეშინსკი, სილვესტრე, ფერარი, მურუ; ბარეტო (ლინეტი 65), ტორეირა, პრატი; რამირესი (კაპრარი 46); კვალიარეალ, ძაპატა (კოვნაცკი 57)

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლები: 1:0 შკრინიარი (18), 2:0 იკარდი (32), 3:0 იკარდი (55), 3:1 კოვნაცკი (64), 3:2 კვალიარელა (85)

გაფრთხილება: გალაირდინი (89), ედერი (90) – მურუ (61), კვალიარელა (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (13) – 11 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: მარკო გუიდა

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.239509