სხვა

13:50 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მორის ყვითელაშვილმა გრან პრი ხუთეულით გახსნა (+VIDEO)

მორის ყვითელაშვილმა გრან პრის სერიის პირველი ეტაპი მე-5 ადგილით დაასრულა. მოსკოვში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველი მოციგურავე მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარსდგა და მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 250,26 ქულა მოაგროვა.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ცნობით, ქართველი სპორტსმენის თავისუფალი პროგრამა დატვირთული იყო ისეთი ურთულესი ელემენტებით, როგორებიცაა ოთხმაგი სალხოვი და ოთხმაგი ტულუპი, სამმაგი აქსელი და სამმაგი ტულუპი კომბინაციაში. ყვითელაშილმა თავისუფალ პროგრამაში ტექნიკური ელემენტების შესრულებისთვის მსაჯებისაგან 90,95 ქულა მიიღო და შეფასების ტექნიკურ ნაწილში მე-4 ადგილი დაიკავა.

გრან პრის რუსულ ეტაპზე მონაწილეობა ტრადიციულად, 12-მა სპორტსმენმა მიიღო. მათ შორის საუკეთესო ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წევრი ნათან ჩენი იყო, 293,78 ქულით. მეორე და მესამე საპრიზო ადგილები კი იაპონელმა იუჟურუ ჰანიუმ (290,77) და რუსმა მიხაილ კოლიადამ (271,06) დაიკავეს.

მეორე ეტაპს 17-19 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქი გრენობლი უმასპინძლებს.

გრან პრის სერია ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შემდეგ ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრებაა. მასში მონაწილეობას მაღალრეიტინგიანი მოციგურავეები იღებენ. ტურნირის ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ კი დგინდება ახალი რეიტინგი და სწორედ მასზეა დამოკიდებული მოციგურავეთა სასტარტო გამოსვლები ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118338