ფეხბურთი

22:36 | 21.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

იუპი და "ბაიერნი" ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდნენ

მიუნხენის “ბაიერნი” ორი ტურის წინ “დორტმუნდს” 5 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ მერე, “რეკორდმაისტერი” იუპ ჰაინკესმა ჩაიბარა და ახლა ჩამორჩენა უკვე გაბალითებულია. რა თქმა უნდა, მხოლოდ “ბაიერნის” კარგ თამაშზე არ იყო ეს ყველაფერი დამოკიდებული, მაგრამ “დორტმუნდმაც” ხელი შეუწყო – პეტერ ბოშის გუნდი ძალიან ცუდ ფორმაშია.

“ბაიერნი” მისთვის ერთობ საყვარელ “ჰამბურგს” სტუმრობდა. საყვარელს იმიტომ, რომ ბოლო 10 თამაშიდან 9 მოგებული ჰქონდა მეტოქისთვის. აქედან უმეტესობა დიდი ანგარიშებით (8:0, 5:1, 9:2). მართალია, ამჯერად მიუნხენურმა გიგანტმა მთლად ასე ვერ გაილაღა, მაგრამ რაც მთავარი იყო, მაინც შეძლო – კორენტინ ტოლისოს მეორე ტაიმის სტარტზე გატანილი გოლი ერთადერთი და 3 ქულის მომტანი აღმოჩნდა “ბაიერნისთვის”. ისე, აღვნიშნოთ, რომ “ჰამბურგი” პირველი ტაიმიდან მოყოლებული კაცნაკლული თამაშობდა გიდეონ იუნგის გაძევების შემდეგ. “ბაიერნი” ამასობაში “რეკორდმაისტერი” მთავარი კონკურენტ “დორტმუნდს” დაეწია სატურნირო ცხრილში.

დორტმუნდის “ბორუსიას” თავს მთლად კარგი ამბები არაა – პეტერ ბოშის გუნდი თუ ასე გააგრძელებს, შორს არ იქნება ის დღე, როდესაც ჰოლანდიელ სპეციალისტს სამსახურის დაკარგვის საფრთხე დაემუქრება. ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელ თამაშს აქამდე ბუნდესლიგაში კარგი გამოსვლა აბათილებდა, მაგრამ ბოლო ორ ტურში “ყვითლებმა” გამარჯვება ვერ მოახერხეს. არადა, ფრანკფურტში “დორტმუნდისთვის” ყველაფერი კარგად მიდიოდა: ჯერ ნური შაჰინმა გახსნა ანგარიში, მერე ფილიპმა სხვაობა გააორმაგა. ეს ყველაფერი თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ხდებოდა და თითქოს, რა შანსი უნდა ჰქონოდა “აინტრატხს”... თუმცა, ნიკო კოვაჩის გუნდი სწორედ სოლიდური ჩამორჩენის შემდეგ გამოფხიზლდა და თამაშიც გადაარჩინა. ჰალერის პენალტს ვოლფსი სადებიუტო გოლი მოჰყვა ბუნდესლიგაში – 2:2. “აინტრახტმა” რამდენადაც მნიშვნელოვანი ქულა ირგუნა, იმდენად მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა “დორტმუნდმა”. ამ ფრის წყალობით “ბორუსიამ” ორი ტურის წინ “ბაიერნთან” მოპოვებული 5 ქულიანი ფორა ქარს გაატანა.

ვიცე-ჩემპიონმა “ლაიფციგმა” “რედ ბულ არენაზე” “შტუტგარტი” მიიღო. “შვაბებმა” მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მარსელ ზაბიცერის შეჩერება ვერ მოხერხდა – ავსტრიელის გოლით რალფ ჰასენჰუტლის გუნდმა სასურველი და თანაც, მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

ლევერკუზენის “ბაიერის” საქმე აქამდე არც ისე კარგად მიდიოდა და “ბორუსია პარკზეც” არ დაწყებულად ყველაფერი იდეალურად. ჯონსონის გოლით “გლადბახი” მალევე დაწინაურდა და პირველი ტაიმი გამარჯვებამდე მიიყვანა. ანტრაქტზე “ლევერკუზენის” ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც ვერ წარმოიდგენდა იმას, რაც მეორე ტაიმში მოხდა – “ლევერკუზენმა” შოუ დადგა და “ბორუსია” შეარცხვინა. სვენ ბენდერმა მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, რომ გაათანაბრა, ხოლო მერე “ფარმაცევტებმა” კიდევ ოთხი გოლი შეაგდეს და – 1:5.

პირველი ტაიმი “ჰანოვერმაც” წააგო აუგსბურგში, მაგრამ მეორე ნახევარში სტუმრებმა მობილიზება შეძლეს და თამაში თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს.

ბუნდესლიგის IX ტური კვირას სამი შეხვედრით დასრულდება.

“აუგსბურგი” – “ჰანოვერი” 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 გრეგორიტში (33), 1:1 ფოლკრუგი (76), 1:2 ფოლკრუგი (89)

“გლადბახი” – “ლევერკუზენი” 1:5 (1:0)

გოლები: 1:0 ჯონსონი (7), 1:1 ს. ბენდერი (48), 1:2 ბაილი (59), 1:3 ბრანდტი (61), 1:4 ვოლანდი (69), 1:5 პიანპალო (81)

“აინტრახტი” – “დორტმუნდი” 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 შაჰინი (19), 0:2 ფილიპი (57), 1:2 ჰალერი (64, პენ), 2:2 ვოლფი (68)

“ლაიფციგი” – “შტუტგარტი” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ზაბიცერი (23)

“ჰამბურგი” – “ბაიერნი” 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ტოლისო (52)

თეგებიბუნდესლიგა
0.557707