ფეხბურთი

11:25 | 12.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

...როდესაც რეალობას კარგავ

2006 წელია, იანვარი იწურება, გარეთ ცივა (მგონი თოვდა კიდეც), მაგრამ არ დამზარებია ქუჩაში გაზეთის საყიდლად გასვლა (სახელს შეგნებულად არ დავასახელებ, ეგებ, ვინმემ რეკლამაში ან ანტირეკლამაში ჩამითვალოს). მაშინ ქართული ონლაინ გამოცემები, დღეს რომ არიან ყოველ თვალის გახელაზე, სად იყო. ჰოდა, გაზეთის ყიდვა ყოველდღე მიწევდა, თანაც რამდენიმე დასახელების. იმ დღეს კიდევ უფრო მოუთმენლად ველოდი ფურცლების ხელში მომწყვდევას – ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და მაინტერესებს, საქართველოს ნაკრების შესახებ ახალს რას გავიგებ.

ჯგუფი გვერგო, ნუ იტყვით: იტალია, საფრანგეთი, უკრაინა, შოტლანდია, ლიტვა და ფარერები. ვშლი გაზეთის ფურცლებს და შევუდექი სტატიის კითხვას. უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს უშანსოდ ვართ, მაგრამ იმედი მომეცა – როგორც ამოვიკითხე, რთული იქნება, მაგრამ საქართველოს ნაკრებს შუეძლია მეორე ადგილზე მაინც გავიდეს (ეს პირდაპირ იძლევა ევრო 2008-ის საგზურს). კი, მაგრამ როგორ?!

იმედს რამდენიმე ფაქტორი აღვივებდა – ახალი მწვრთნელი, კლაუს ტოპმოილერი. ალბათ გახსოვთ, რა იმედებით ჩავაბარეთ ნაკრები და რა მოლოდინით. ახლაც მახსოვს, ჩვენი მეტოქეების მწვრთნელების მინუს-პლიუსებზეც იყო საუბარი: მაშინ ნამდვილად დავიჯერე, რომ ყველაზე კარგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს ედგა სათავეში, ბუნებრივია, მარჩელო ლიპის შემდეგ. თუმცა, ლიპი მუნდიალის შემდეგ იტალიას შედეგის მიუხედავად ტოვებდა. ასე რომ, ჰერ კლაუსი პირველი იყო. ბედის ირონიით, ჩვენი სიკვდილის ჯგუფი ზაფხულში კიდევ უფრო ჯოჯოხეთური გახდა – იტალიამ მუნდიალი მოიგო, საფრანგეთი დაამარცხა ფინალში. არც უკრაინა ყოფილა ტურისტად – მეოთხედფინალს უწია. და მაინც, ჩვენ ისევ იმედიანად ვართ. ჰიმნიც კი შეიქმნა და ყველა ტელეარხზე ყოველ საათში გადიოდა – “ჩვენ ერთი გუნდი ვართ”. ეს ძალიან მახარებდა და მალევე გავიზუთხე ტექსტი. მერე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქციაც დაიწყო, რომელიც 2 სექტემბერს, საქართველო – საფრანგეთის თამაშით საზეიმოდ უნდა გახსნილიყო და გაიხსნა კიდეც, მაგრამ სხვა საზეიმო იმ დღეს ნამდვილად არ გვქონია.

თუმცა, იქამდე საქართველოს ნაკრები ფარერის კუნძულს ეწვია და “მეთევზეები”, “მასწავლებლები”, მძღოლები” კარგა გვარიანად დაჩაგრა – 6:0. მეტი რა გვინდოდა?! ჩვენი უსაზღვრო ამბიციები და ალბათ უფრო ფანტაზიები, ამ გამარჯვებამ კიდევ უფრო გაზარდა. მოკლედ, მაშინ ბევრს სჯეროდა, რომ ბოლოს და ბოლოს საქართველოს ნაკრების კარიც გაიღებოდა დიდ ფეხბურთში...

ჰოდა, რატომ მოვაყოლე ამხელა შესავალი... უცნაური ხალხი ვართ ქართველები. შეიძლება ითქვას, გამოუსწორებელი ოპტიმისტები და რაც მთავარია, ვერასდროს ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე. აგერ, მერამდენე შესარჩევი ციკლი გაილია და დიდ ფორუმზე გასვლას ვინ ჩივის, ახლოსაც არ ვყოფილვართ. მიუხედავად ამისა, ყოველი წილისყრის შემდეგ, ვითვლით შანსს, ვითვლით პოტენციურ ქულებს და ავსტრია იქნება თუ შოტლანდია, ზოგჯერ არადაც მივიჩვენთ. მოკლედ, ასე იმედით აღსავსე და ანთებული გულით ვიწყებთ საკვალიფიკაციო ეტაპს. მერე, ნელ-ნელა მეთოდურად აღმოვაჩენთ, რომ თურმე საქართველოს ნაკრები არ ყოფილა მზად და მერე ვბრაზდებით. გაბრაზება კი კარგად ვიცით.

არადა, რეალობა სხვაგანაა – საქართველოს ნაკრები დღეს ნამდვილად არ იმყოფება იმ დონეზე, რომ გადაჭრით მოვითხოვდეთ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. მესმის, რომ გვიყვარს, მესმის, რომ გვინდა და ისიც მესმის, რომ ამდენი წაგებაც ყელში ამოვიდა, დამღლელია, სიხარული გვინდა... ვის არ უნდა, მაგრამ სიმართლე რომ ვაღიაროთ უმჯობესია.

ისევ 2006 წელს დავუბრუნდები, მარჩელო ლიპი ყოველ პრესკონფერენციაზე იმას გაიძახოდა, ჩვენ აქ საჩემპიონოდ არ ვართ, უბრალოდ გვინდა თამაშიდან თამაშამდე მოვახდინოთ კონცენტრაცია და ვნახოთ, ბოლოში რა შეგვრჩებაო. ბოლოში დონ მარჩელოს მსოფლიოს თასი შერჩა ხელში, თავის ცნობილ სიგარასთან ერთად. ასეა, პრაგმატიზმი ზოგჯერ ყველაზე კარგი გამოსავალია.

კი შესაძლოა, ვთქვათ, რომ თუ ისლანდიამ შეძლო, ჩვენც ხომ შეიძლება შევძლოთ?! – როგორ არ შეიძლება, შეიძლება, მაგრამ ამას დრო და შრომა სჭირდება. ისლანდიის ნაკრების წარმატება ციდან არ ჩამოვარდნილა. ევრო 2004-ის შესარჩევია. რეიკიავიკში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გერმანია ჩავიდა და შინ კუდამოძუებული დაბრუნდა (0:0). ბუნებრივია, რუდი ფიოლერს კრიტიკა არ ასცდენია, მაგრამ ისლანდიელთა კინკილა ქულაზე მეტად მნიშვნელოვანი მათი სტაბილურობა იყო: ჯგუფში, სადაც გერმანია გახლდათ, ისლანდია ლიდერობდა 5 თამაშში 13 ქულით(!). მართალია მაშინ, ისლანდიური ვულკანი მეტად ვეღარ ამოიფრქვა, მაგრამ ნაკრებმა და ზოგადად ფეხბურთმა ზრდა-განვითარება გააგრძელა. ჩვენ კი? ჩვენ აქამდე ძალიან ბევრი გვიკლია. ჩვენ ამასთან ახლოსაც არ ვართ. და მაინც, ჩვენი მიზანი იქ მოხვედრაა. იქ, სადაც ჯერ ჩვენი ადგილი არაა.

ახლა ერთა ლიგა შეიქმნა – ეს ჩვენი შანსია - გავიძახით. ასეცაა. ისეთებიც არიან, რომ ეთალიკებათ. აბა, ბოლო დივიზიონში რა გვესაქმება, სან მარინო და ანდორა, რა ჩვენი საკბილოაო – რას იზამ, ძალიან გვიყვარს ფეხბურთი... ჰოდა, ახლა მოლოდინი, რომ ევროპის ჩემპიონატი უჩვენოდ არ ჩაივლის, კიდევ უფრო გამძაფრდა. დაილოცოს სოციალური ქსელი, იმდენი მოსაზრების ამოკითხვა და გაცნობა შეგიძლია, ნუ იტყვით. ჰოდა, მინდა, გითხრათ, რომ უკვე იქ ვართ, უკვე ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. ძნელი მისახვედრი არაა, ჩვენ ერთა ლიგა უკვე მოვიგოთ (ჯერ არც დაწყებულა, მაგრამ მაინც).

რას ვიზამთ, გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ ქართველები – და მაინც, ალბათ, უმჯობესი იქნება ერთხელ და სამუდამოდ ვაღიაროთ: ჩვენ ვართ შესარჩევი ციკლის ქვეჯგუფში აუტსაიდერი და მიზნად გინდა თუ არა, ფინალურ ეტაპზე გასვლა, არამედ თამაშიდან თამაშამდე მაქსიმუმი უნდა დავისახოთ. ალბათ, ასე აჯობებს. ასე ნაკლები წნეხი ექნება ნაკრებს და ასე ნაკლებად დაგვწყდება გული.

მოკლედ, უცნაური ხალხი ვართ. ყოველთვის ვითხოვთ მაქსიმუმს, ვერ ვიღებთ, მერე ისევ ვითხოვთ და ასე გაუთავებლად... ამაში დამნაშავე, ყველანი ვართ. მეც, შენც და ისიც. ისიც, 2006 წლის 29 იანვარს, გაზეთის ფურცლებიდან უდიდესი იმედით, რომ აღმავსო ჯერ კიდევ პატარა ბიჭი და წლების მერე, მივხვდი, რომ ეს იყო შეცდომა.

და ბოლოს, ქართულ ფეხბურთში დიდი ხანია კარგი არაფერი ხდება. ქართული ფეხბურთი, რომელიც 11 წლის წინაც უშანსოდ იყო შესარჩევ ეტაპსა თუ საკლუბო ტურნირებზე, და, საქართველოს ნაკრები, რომელიც ფარერის კუნძულებზე ადვილად იგებდა, დღეს უკვე იმავე ქვეყნაში სამარცხვინოდ თამაშობს. და, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა – და, მაინც: ისევ იქნება წილისყრა, ისევ დაიწყება შეფასება, ისევ დაითვლება წინასწარ ქულები, ისევ დაიგეგმება ფინალური ეტაპი. ისევ მოხდება შედარება და ისევ ითქმება, რომ ჰერ კლაუსი უფრო მაგარია, ვიდრე რაიმონ დომენეკი - ჩვენ ისევ მოვწყდებით რეალობას და თვალს გავუსწორებთ ოცნებას...

Loading...
0.142489