ფეხბურთი

16:24 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

NO JANO, NO PARTY

NO TOTTI, NO PARTY – ალბათ, ყველასთვის ნაცნობი ფრაზაა და უპირველესად სწორედ იტალიელ ლეგენდასთან ასოცირდება. თუმცა, საქართველოს ნაკრების ბოლო ორი თამაშის შემყურე, ასეთი გრძნობა გამიჩნდა: NO JANO, NO PARTY – შესაძლოა, გადამეტებულადაც ჟღერდეს, მაგრამ ნათლად გამოჩნდა, თუ რამხელა ძალაა საქართველოს ნაკრებისთვის ჯანო ანანიძე.

გინდ უელსთან მატჩი ავიღოთ, გინდაც სერბეთთან, საქართველოს ნაკრებს ძალიან უჭირდა მეტოქის ნახევარზე ბურთის გაგორება და კომბინაციური ფეხბურთის თამაში. აშკარი იყო, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდს რატომღაც იმპროვიზაცია დააკლდა და ეჭვი მაქვს, ეს რატომღაც, ჯანოს არყოფნა გახლდათ.

როგორც უნდა იყოს, ფაქტები ყველაფერზე მეტყველებენ. შესარჩევი ციკლის 10 მატჩიდან “სპარტაკის” შემტევმა 6 ითამაშა: ავსტრიასთან (ორივე), ირლანდიასთან (ორივე), უელსთან (კარდიფში) და სერბეთთან (თბილისში). მშრალი მონაცემები რომ ავიღოთ, ხსენებულ 6 შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 5 გოლი გაიტანა და აქედან სამში უშუალოდ ჯანომ მიიღო მონაწილეობა – ავსტრიას თავად გაუტანა “დინამო არენაზე”, იმავე ავსტრიასთან ვენაში საგოლე პასი მიითვალა და ირლანდიასთანაც იგივე გაახერხა.

გარდა ამისა, ვინც კარგად აკვირდება ნაკრების თამაშს, თვალნათლივ დაინახავდა, რომ თამაში მთლიანად ანანიძეზეა აწყობილი და იშვიათად, შეტევა ისე დაიწყოს, მასში მონაწილეობას არ იღებდეს. 25 წლის ნახევარმცველის დანაკლისი საქართველოს ნაკრებისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა – მართალია, სხვადასხვა პერიოდში გუნდს სხვა ლიდერები, მაგალითად ჯაბა კანკავა ან თორნიკე ოქრიაშვილი არ ჰყოლია, მაგრამ ცალსახაა, გუნდის თამაშის ხარისხზე ისეთი გავლენა არ მოუხდენია, როგორც ანანიძის შემთხვევაში.

ამას, ვაისიც აღიარებს: თითქმის ყველა ინტერვიუში სლოვაკი ჯანოს მნიშვნელობას ცალკე აღნიშნავს და ისედაც ცხადად ჩანს, რომ თამაში ძირითადად მასზეა აწყობილი – საქართველოს ნაკრებისთვის ანანიძე მთავარი ღერძია. ღერძი, რომელიც ნახევარდაცვასა და შეტევას ერთმანეთთან აკავშირებს. მოკლედ, არ იყო ჯანო და არ იყო ზეიმი. არ იყო ჯანო და არც ფანტაზია იყო შეტევაში.

საერთოდ, ლიდერების არყოფნა ყველა გუნდზე აისახება და მათ შორის, ბუნებრივია, რომ საქართველოს ნაკრებზეც – გუნდზე, რომელსაც ნამდვილად არ აქვს დიდი არჩევანი და არ ჰყავს ბევრი მაღალი კლასის შემსრულებელი.

NO JANO, NO PARTY…

Loading...
0.13113