კალათბურთი

14:43 | 3.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

Houston Rockets - ზღაპრული უკანა ხაზი და მისი პერსპექტივა

ჯეიმს ჰარდენი და კრის პოლი - ლიგის ყველაზე გაპიარებული და დამაინტრიგებელი უკანა ხაზი, რომელიც გულშემატკივარს საოცარ სანახაობას ჰპირდება. ყველაზე ცნობილი და პერსპექტიული, მაგრამ არა საუკეთესო. ჯერ არა... და შეიძლება, ვერც ვერასდროს გახდეს. რთულია, რომელიმე დუეტის საუკეთესოობა ივარაუდო ან წარმოიდგინო, როდესაც აქ Splash Brothers და სხვები არიან... ძალიან რთული.

ვარსკვლავური დუეტი კარგია. ტრიო უკეთესი და ა.შ. მაგრამ მთავარი შეთამაშებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას იგივე ბედი ელის, რაც თავის დროზე (უკვე 2-ჯერ) "ლეიკერსმა" გადაიტანა - ერთწლიანი სუპერგუნდი, რომელიც სეზონის ბოლოს იშლება და გუნდს გონს მოსასვლელად რამდენიმე წელი სჭირდება. მას შემდეგ, რაც კრის პოლის გაცვლა დადასტურდა, ერთი კითხვა მაქვს, პასუხად კი განსხვავებულ, არასაკმარის ვარაუდებს ვიღებ. ძალიან მაინტერესებს, როგორ გესახებათ "როკეტსის" შეტევები, როდესაც პოლიც და ჰარდენიც პარკეტზე იქნებიან?

ორი კალათბურთელი, რომელიც თითოეულ თამაშში დაახლოებით 10 შედეგიან გადაცემას აკეთებს...

ორი კალათბურთელი, რომელიც მიჩვეულია, რომ შეტევების 90%-ს თავად მართავს...

ორი კალათბურთელი, რომელიც ბურთით გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე უბურთოდ...

ორი კალათბურთელი, რომელიც ბოლო წლებში თავისი გუნდის უდავო ლიდერი იყო...

ორი კალათბურთელი, რომელსაც საუკეთესო გამთამაშებლობაზე აქვს პრეტენზია...

ეს არ არის შემთხვევა, როდესაც სამწამიანში ორი უმაღლესი დონის მოთამაშე გყავს. ეს არ ჰგავს რობინსონი-დანკანის, გაზოლი-ბაინუმის და დევისი-კაზინსის Twin Towers-ს. ეს შემთხვევა გაცილებით დიდი თავსატეხია. დიახ, თავსატეხი და არა უპირატესობა. აქ ბურთის გაყოფაზე შეიძლება პრობლემები იყოს და იმაზე ბევრად სერიოზულიც კი, ვიდრე ნეიმარსა და კავანის ჰქონდათ. ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე ყველა ვარიანტში ასე იქნება და ვნახოთ, პროცესში როგორ დალაგდება.

ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია ჰარდენის მძიმე ხასიათი, რომელიც ბაბუაწვერას წინსვლაში ხელს უშლის. ვითომ ახალი გამოწვევების გამო დატოვა "ოკლაჰომა" და გადავიდა უსუსტეს "როკეტსში", სადაც კარგ კალათბურთელს მონატრებული გულშემატკივრები პირველივე დღიდან აღმერთებდნენ. "ჰიუსტონის" ხელმძღვანელობამ ნელ-ნელა გუნდის გაძლიერება დაიწყო და ერთი წლის შემდეგ გუნდში დუაით ჰოვარდი გადმოიყვანა. ვარსკვლავური დუეტის შექმნის ნაცვლად, ორმა "ბუტიამ" კალათბურთელები ორ ბანაკად გაყო და სანამ ერთ დროს დომინანტი ცენტრი "ატლანტაში" არ წავიდა, ტეხასელებმა ვერაფერს მიაღწიეს. ბოლო სეზონის ძალიან კარგად ჩატარების შემდეგ, თითქმის დავრწმუნდი, რომ ჰარდენი კარგად თამაშობს მაშინ, როდესაც თანაგუნდელებს "ზემოდან" უყურებს. ის ვერ იტანს, როდესაც გუნდში მე-2 ან მე-3 ვარიანტია.

არგუმენტები? ახლავე...

ჰოვარდზე უკვე ვისაუბრე...

გავიხსენოთ მისი თამაშები ამერიკის ნაკრებში - მეც არანაირი "Highlight" მახსენდება, არადა Dream Team-ის უცვლელი წევრია...

All-Star? ვერასდროს ვერაფერს აკეთებს...

თუ ვინმე შემედავებით, რომ ვარსკვლავური სამეულის მიუხედავად ის "ოკლაჰომაში" კარგად ასპარეზობდა, დაგეთანხმებით, მაგრამ ეს სხვა თემაა - იქ ჰარდენი არც მე-2 იყო და არც მე-3 - სამივე ლიდერს დაახლოებით ერთნაირი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. მაგრამ როგორც კი დაინახა, რომ მალე უესტბრუკთან და დურანტთან დაიჩაგრებოდა და მე-3 ვარიანტი იქნებოდა, თითქოს ფსიქოლოგიურად გატყდა და ჯერ სუპერფინალში კატასტროფულად ითამაშა, შემდეგ კი ვითომ 4 წლის განმავლობაში $ 4.5 მილიონიანი განსხვავების გამო გუნდი დატოვა. თანაც, ეს 4.5 მილიონი მთლიანი კონტრაქტის ძალიან მცირე ნაწილი იყო - "ოკლაჰომა" $ 55.5 მილიონს სთავაზობდა, "როკეტსმა" კი 60 "გაიმეტა" და ჯეიმსიც აღარაფერზე დაფიქრებულა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ეს პრინციპის ამბავი იყო. მისი თქმით, "თანდერმა" ის არ დააფასა, მაგრამ ჩემი თვალით დანახული რეალობა ცოტა სხვა ფერისაა...

მოკლედ, ჰარდენმა ძლივს მოიშორა გუნდში "კონკურენტები" და როგორც იქნა, ბოლომდე გაიხსნა, მაგრამ ვინ აცადა - ახალ მეწყვილედ კარგი მსროლელისა და დამცველის ნაცვლად კრის პოლი დაუყენეს.

Tom & Jerry მახსენდება, როდესაც ტომს სახლში რობოტი კატა მოუყვანეს... მეშინია, აქაც იგივე არ მოხდეს.

რა "დაუჯდა" ტეხასურ გუნდს CP3? ცოტა რთული და უმნიშვნელო დეტალებით დატვირთული გაცვლა იყო, მაგრამ მარტივად გეტყვით - ბევერლი, ლუ უილიამსი, ჰარელი, დეკერი, 2018 წლის პირველი რაუნდის პიკი, კიდევ რამდენიმე მოთამაშე და გარკვეული თანხა. ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, კიდევ ერთი რამ მაკვირვებს: რატომ შეაფასა "როკეტსის" ხელმძღვანელობამ 32 წლის გამთამაშებელი ასე ძვირად?

მართალია, სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ეს ვარსკვლავური დუეტი მაქსიმუმ სეზონის ბოლოს დაიშლება, მაგრამ, მოდი "ჰიუსტონისთვის" საუკეთესო მომავალი დავინახოთ - ვთქვათ, დუეტმა გაამართლა და რამდენიმე სეზონი სტაბილურად ჩაატარა. ჩნდება ორი კითხვა:

  1. რამდენი წლის განმავლობაში შეძლებს ეს წყვილი მაღალ დონეზე თამაშს?
  2. რა იქნება მისი მაქსიმუმი?

რთულია, რომელიმე კითხვას ზუსტი პასუხი გასცე, მაგრამ, ჩემი აზრით, კრისი ამ ფორმას კიდევ მაქსიმუმ 2-3 სეზონის განმავლობაში შეინარჩუნებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ ორიდან ერთმა მხოლოდ შეტევა იცის და დროის გასვლასთან ერთად, "როკეტსის" დაცვაში თავისუფლად გავლა სულ უფრო მარტივი იქნება.
"ჰიუსტონში" დაცვა მხოლოდ უკანა ხაზის პრობლემა არაა - ძირითად შემადგენლობაში პოლის გარდა მხოლოდ ერთი კარგი დამცველია - ტრევორ არიზა და ისიც 32 წლის, რაც იმის ფიქრის საბაბს იძლევა, რომ მომავალ სეზონში "როკეტსისგან" უხვქულიან შეხვედრებს უნდა ველოდოთ. სავარაუდოდ, მომავალ სეზონში გუნდის ძირითად შემადგენლობას პოლი - ჰარდენი - არიზა - ანდერსონი - კაპელა შეადგენენ და რამდენადაც კარგია ეს ხუთეული შეტევაში, იმდენად გაუჭირდება მას თავდაცვა.

გუნდს გამორჩეულად კარგი მცველი არც სკამზე ჰყავს - გორდონი და ნენე დაცვით არასდროს გამოირჩეოდნენ. რაც შეეხება ბლექს, ტაკერსა და მბა ა მუტეს, ნორმალური დამცველები არიან, მაგრამ არა გამორჩეულად კარგი. "როკეტსს" ბევერლისა და ჰარელის წასვლა, სავარაუდოდ, ძალიან დაეტყობა.

რა ხდება შეტევაში?

პერიმეტრიდან გუნდი ისევ სერიოზულ ძალას წარმოადგენს - იქნება მომენტები, როდესაც პარკეტზე ჰარდენი, პოლი, არიზა, ანდერსონი და გორდონი ერთდროულად იქნებიან და რთულია, დაცვაში ისე დადგე, რომ ჰარდენი-პოლის დუეტმა ბურთის გათამაშების შედეგად რომელიმე მოთამაშე თავისუფალ მდგომარეობაში ვერ დატოვოს. შესაბამისად, "ჰიუსტონი" ხშირად შეუტევს შორი დისტანციიდან. შესაძლოა, იმაზე ხშირადაც კი, ვიდრე ამას გასულ სეზონში აკეთებდა. რთული წარმოსადგენია, რადგან 2016-17 წლების რეგულარულში გუნდი პერიმეტრიდან საშუალოდ 40.1 სროლას ახორციელებდა, რითიც ლიგას ლიდერობდა და სხვა გუნდებისგან ძალიან მოწყვეტილი იყო (მეორე მაჩვენებელი "კავალიერსს" ჰქონდა - 33.9). რთულია, მაგრამ ამ შემადგენლობისთვის შესაძლებელი. სხვა თემაა რეალიზაცია, აქ "როკეტსს" პრობლემები შეექმნა - 35.7% და მე-15 პოზიცია. ძალიან ცუდი მაჩვენებელი. მიზეზი ერთია - ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც თავისუფალ პოზიციაში რჩებოდა, მაშინვე ესროდა. ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ფაქტი ფაქტია. ისე, დანტონის ერთ რჩევას მივცემდი - თუ რეკორდის მოხსნა გინდა, უკეთესი ვარიანტებიც არსებობს, გუნდისთვის უფრო სასარგებლო. ხოლო თუ თამაშის და საერთოდ NBA-ს მოგება გინდა, ცოტა გონების დაძაბვაა საჭირო. იგებს ის, ვინც მეტს ჩააგდებს და არა ის, ვინც მეტჯერ ისვრის. და საერთოდ, უმარტივესი ლოგიკაა - კალათბურთში რამდენჯერაც შეუტევ, თავის დაცვაც დაახლოებით იმდენჯერ მოგიწევს...

გუნდს ნორმალური მაღალი მოთამაშეები ჰყავს, მაგრამ არა სამწამიანში. რა? როგორ? ძალიან მარტივად - გუნდში სიმაღლით მეორე რაიან ანდერსონია, რომელიც სამწამიანში თითქმის არ ჩადის, მაგრამ რბილი მაჯა აქვს და ძირითადად პერიმეტრზე იტვირთება. ამის ფონზე არიზა და ჰარდენი იმაზე მეტ მოხსნას აგროვებდნენ, ვიდრე საჭირო იყო და ვიდრე, როგორც წესი, გამთამაშებელსა და მსუბუქ ფორვარდს ევალებათ. დანტონიმ ეს როგორმე უნდა გამოასწოროს, თორემ ჰარდენი ყველა გუნდთან 10+ მოხსნას ვერ გააკეთებს და "როკეტსს" პრობლემები ექნება. დიდი პრობლემები.

აშკარაა სიღრმის დეფიციტიც, რადგან გორდონისა და ნენეს გარდა, გუნდს ნორმალური სათადარიგო მოთამაშე არ ჰყავს. მთელი სეზონის 7 კაცზე გადაგორება კი წარმოუდგენელია - რომელიმე ლიდერის ტრავმა და ცუდადაა საქმე. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ "კლიპერსთან" განხორციელებულ გაცვლაში ლოს-ანჯელესურმა გუნდმა უფრო იხეირა. უფრო სწორად, კალიფორნიელებმა იხეირეს, ტეხასელები კი დაზარალდნენ.

რაც შეეხება ასაკს, გუნდის ბირთვს გამოცდილი ვეტერანები შეადგენენ - ჰარდენი (28), პოლი (32), არიზა (32), ანდერსონი (29), გორდონი (28), ტაკერი (32), მბა ა მუტე (31), ნენე(35). ახალგაზრდებიდან კი მნიშვნელოვანი როლი მხოლოდ კაპელას (23) აკისრია. რაც შეეხება დანარჩენებს, გუნდს 20-23 წლის ბიჭებიც ჰყავს, მაგრამ მათი სათამაშო დრო მომავალ სეზონში Garbage Time-ით შემოიფარგლება.

დასავლეთ კონფერენციაში რამდენიმე ძალიან ძლიერი კოლექტივია, მათგან რამდენიმეს გამოვყოფ და შევეცდები, ამ გუნდების წინააღმდეგ "ჰიუსტონის" შანსები შევაფასო.

დავიწყოთ "მინესოტათი" - ძირითადი ხუთეული ფურცელზე ორივე გუნდს მეტ-ნაკლებად თანაბარი ჰყავს. ამიტომ, ამ დაპირისპირებაში მთავარი გუნდურობა, გამოცდილება და სკამის სიძლიერე იქნება. მოდი, ეს გუნდები ერთმანეთს უფრო დეტალურად შევადაროთ:

უკანა ხაზი

ჰარდენი & პოლი

VS

ტიგი & ბატლერი


მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილების უპირატესობა ცალსახად ტეხასელთა მხარესაა. ჰარდენისა და პოლის წყვილი მინესოტელებს იმპროვიზაციასა და სწრაფ კალათბურთშიც აჯობებს. "როკეტსს" უპირატესობა პერიმეტრიდანაც ექნება. ინდივიდუალურად რომ შევადაროთ, CP3 ჯეფ ტიგს აბსოლუტურად ყველა ასპექტში აღემატება, როგორც შეტევაში, ისე - დაცვაში. რაც შეეხება ჰარდენსა და ბატლერს, ჯიმის წინააღმდეგ ჰარდენს პრობლემები ექნება, რადგან დაცვისას ბაბუაწვერა მას ბევრს ვერაფერს დააკლებს, ბატლერი კი ამ კომპონენტში ერთ-ერთი საუკეთესოა და იმ ეპიზოდებში, სადაც ისინი ერთმანეთის პირისპირ იდგებიან, ჯიმი თავის მეტოქეს "არ ამოასუნთქებს".

წინა ხაზი

არიზა - ანდერსონი - კაპელა

VS

ვიგინსი - დიენგი - თაუნსი


აქ "მინესოტას" დომინაცია აშკარაა - სამივე კალათბურთელი თავის მეტოქეს აღემატება, მაგრამ "ჰიუსტონს" რამდენიმე უპირატესობა მაინც აქვს - არიზას დაცვა და ანდერსონის სამქულიანები, რომლის დროსაც მეტოქის მაღალი მოთამაშე იძულებული იქნება პერიმეტრზე ამოვიდეს. თუმცა ეს "ფორას" მხოლოდ მაშინ გაძლევს, როდესაც არაზუსტი ტყორცნის შემდეგ შეტევაში ბურთს მოხსნი. ეს კი კაპელას თაუნსის წინააღმდეგ ძალიან გაუჭირდება. თანაც, ანალოგიურის თქმა 2015 წლის დრაფტის პირველ პიკზეც შეგვიძლია და თუ ახალგაზრდა ცენტრის დასაკეტად პერიმეტრზე შვეიცარიელი ამოვა, უშედეგო სროლის შემთხვევაში, მოხსნისას მინეაპოლისელებს უდიდესი ჰანდიკაპი ექნებათ.

სკამი

გორდონი - ბლექი - ნენე - ტაკერი - მბა ა მუტე

VS

ბრუქსი - კროუფორდი - მუჰამედი - ბიელიცა - გიბსონი

ჩემი აზრით, "მინესოტას" ყველაზე დიდი უპირატესობა სწორედ ამ მხრივ აქვს. ტიბოდოს ზურგს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო და პერსპექტიული სკამი უმაგრებს და ძალიან რთულია, "ჰიუსტონმა" ამ გუნდს აჯობოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა გუნდურობაა და შეთამაშების პრობლემას, წესით, "როკეტსი" უფრო მოკლე დროში აღმოფხვრის, რადგან მათ არც თამაშის სტილის შეცვლა სჭირდებათ და არც ბევრი ახალწვეული ჰყავთ. კრის პოლს სისტემას მოარგებენ და გუნდი აეწყობა. მაგრამ ეს უპირატესობა, სავარაუდოდ, მხოლოდ რეგულარულის უკეთ ჩატარების საშუალებას მისცემს და ტეხასელებმაც მაქსიმუმ მოედნის უპირატესობას გამოჰკრან ხელი, თორემ პლეი-ოფებამდე ახალგაზრდა ბიჭებიც შეთამაშდებიან და ვნახოთ, მოედნის არაგარანტირებული უპირატესობა "ჰიუსტონს" რამდენად ეყოფა.

არის კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომელთაგანაც ორი აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ:


  1. საპლეიოფო გამოცდილება, რომელიც "როკეტსს" ბევრად დიდი აქვს.
  2. კონკრეტულ მოთამაშეებზე დამოკიდებულება - ჰარდენი-პოლის დუეტზე "ჰიუსტონი" მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე "მინესოტა" თავის ნებისმიერ რგოლზე.


ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან რთულია, რომელიმე გუნდს უპირატესობა მიანიჭო, მაგრამ ჩემი აზრით შანსები 60/40-ზეა "მინესოტას" სასარგებლოდ.

"სან ანტონიო"

უკანა ხაზის გარდა, პოპოვიჩის ბიჭებს ამ დაპირისპირებაში ყველა რგოლში უპირატესობა აქვთ. თანაც, თუ ვამბობთ, რომ "როკეტსი" დასუსტდა, ხოლო "ბებრები" ყოველთვის ერთ დონეზე არიან, "სპურსი" აშკარა ფავორიტია. კონფერენციის ნახევარფინალებიც გავიხსენოთ, სადაც პირველ მატჩში განადგურების შემდეგ პარკერის გარეშე მოთამაშე "სან ანტონიომ" მეტოქისგან "ქვა ქვაზე არ დატოვა". ცოტა უხეში ნათქვამია და შეიძლება შემედავოთ, 4:2 არც ისე დიდი უპირატესობააო, მაგრამ თუ ყველა შეხვედრას უყურეთ, მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ.

"კლიპერსი"

"ყოფილი გუნდების წინააღმდეგ" - "კლიპერსისა" და "როკეტსის" ბოლო ტრეიდის შემდეგ ამ დაპირისპირებას შეგვიძლია სწორედ ასე ვუწოდოთ. პრესეზონის პირველ შეხვედრაში რივერსმა ტეოდოსიჩი სათადარიგო ხუთეულში გაამწესა და სავარაუდოდ, ასე იქნება სეზონის მსვლელობისასაც. ამის ფონზე, "ჰიუსტონს" უკანა ხაზში კოლოსალური უპირატესობა ექნება (თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ექნებოდა), რადგან ლოს-ანჯელესელთა შეტევების უმრავლესობა წინა ხაზით იმართება. ბევერლი პრობლემებს პოლსაც შეუქმნის და ჰარდენსაც, მაგრამ პატარა რივერსი მას ვერაფრით დაეხმარება.

აი, წინა ხაზში კი ანალოგიური უპირატესობა "კლიპერსის" მხარესაა. ასეთ პირობებში კი, ჩემი აზრით, საერთო ჯამში გრიფინის გუნდი უკეთესია, რადგან წინა ხაზი ყოველთვის უფრო სტაბილურია, ვიდრე უკანა. რაც შეეხება სკამს, ვარსკვლავებს არც ერთი გუნდი წყვეტს და მოიგებს ის, რომელიც მეტოქის შეცდომებს უკეთ გამოიყენებს.

"კლიპერსი" - "როკეტსი" სწორედ ის წყვილია, რომელთა შორის შანსები 50/50-ზე მიმაჩნია და სწორედ ასეთი დაპირისპირებებისთვის არსებობს Game 7. გადამწყვეტი მატჩი ბევრი პერსონალურითა და ტექნიკურით, ჩაკეტილი, დაცვითი ტაქტიკა და ოვერტაიმი... იდეალური ვარიანტია. არის ალბათობა, რომ მე-4 და მე-5 ადგილებზე სწორედ ისინი გავიდნენ და თუ ასე მოხდა, ვნახოთ, რომელი მოერევა.

"ოკლაჰომა"

რობერსონი დაცვაში კარგია და ნებისმიერს შეაწუხებს. არც რასია ძალიან ცუდი და პრობლემებს პოლსა და ჰარდენს თანაბრად შეუქმნის. შეტევისას კი MVP შეუჩერებელია და "ჰიუსტონში" კი არა, მთელ ლიგაში არ მეგულება მოთამაშე, რომელიც უესტბრუქს გააჩერებს. რასი იზამს იმას, რაც დასჭირდება. სავარაუდოდ, ამ დაპირისპირებისას რობერსონს დაცვაში კუ ნინძაზე მეტად პოლ ჯორჯი დაეხმარება, რომლისთვისაც მეორე ნომრების წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს. რობერსონი პოლს აიყვანს, ჯორჯი - ჰარდენს (ან პირიქით). უესტბრუქი კი ასეთ სიტუაციაში არიზაზე გადავა. მართალია, ტრევორს დიდი უპირატესობა ექნება, მაგრამ შეტევაში ის მაინც ლიმიტირებულია და არამგონია, გუნდის ლიდერობა ითავოს. კაპელას ადამსის დონემდე ბევრი უკლია, როგორც შეტევაში, ისე - დაცვაში. მელომ კი ანდერსონი შესაძლოა საერთოდ არ შეიმჩნიოს. ეჭვი მეპარება, პოლს, ჰარდენს და ანდერსონს სროლები ყველა თამაშში წაუვიდეთ. შესაბამისად, ამ სამეულიდან ორმაც რომ დაიჭიროს რითმი, რობერსონი და ჯორჯი როგორმე გაუმკლავდებიან.

წესით, "OKC"-ის სკამიდანაც დიდი უპირატესობა უნდა ჰქონდეს. აბრინესი, პატერსონი, სინგლერი, კანაანი, გრანტი, ფელტონი და სხვები გუნდს სერიას და სავარაუდოდ, ვერც ერთ თამაშს მოაგებინებენ, მაგრამ როგორც ყველა დიდი სამეულის დროს ხდება ხოლმე, ჯორჯი-მელო-რასის ტრიოდან მინიმუმ 1 ყოველთვის იქნება პარკეტზე + რობერსონი ან ადამსი (ან ორივე) და ამ დროს რომ მათ 2-3 სათადარიგო მოთამაშე დაამატო, გუნდი მაინც კარგად შეუტევს და თავსაც დაიცავს.

"ოკლაჰომაზე" დეტალურად ოდნავ მოგვიანებით, როდესაც მსგავს ბლოგს მათ შესახებ დავწერ, ახლა კი სხვა გუნდზე ვისაუბროთ, რომლის თამაშის ყურების დროსაც ხშირად უსამართლობის გრძნობა მეუფლება და თავს იმ ეპოქის ნაწილად ვთვლი, როდესაც ბატონ-ყმობა ჩვეულებრივი ამბავი იყო...

"უორიორზი"

"გოლდენ სტეიტზე" ჩემი შეხედულებები ერთხელ უკვე დავწერე (http://subwayalumnischronicles.blogspot.com/2017/09/golden-state-warriors.html) და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ გუნდის მიმართ სუბიექტური არ ვარ, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - ვინ უნდა გაუწიოს მას წინააღმდეგობა?

მართლა ვერ ვხვდები...

კარი-კლეი-დურანტი-გრინი...

ამერიკის ნაკრების 4 კალათბურთელი...

4 All Star...

ორგზის MVP, რომელმაც შეიძლება 13 სამქულიანი ჩაგიგდოს...

ადამიანი, რომელმაც შეიძლება სამ მეოთხედში 60 ქულა ჩაგიყაროს, ან უარესი - ერთ მეოთხედში 37. + ის დაცვაში გაუვალია, თუ არ დაეზარა...

NBA-ს საუკეთესო მექულე... 4-ჯერ(!)... თანაც იმ პერიოდში, როდესაც მას გუნდში უესტბრუქი ჰყავდა... ფინალების, რეგულარულის და All Star-ის MVP...

ლიგის საუკეთესო მცველი, რომელსაც შეუძლია სამმაგი დუბლი ისე გააკეთოს, რომ 10 ქულა საერთოდ არ ჩაგიგდოს, მაგრამ თუ საჭირო გახდა, თავისუფლად შეუძლია გუნდს 4-5 სამქულიანითა და 20+ ქულით დაეხმაროს...

რა არის იმის ალბათობა, რომ თამაში ყველას ერთდროულად ჩაუვარდეს? - 0. და მაინც, ასეც რომ მოხდეს, რაღაცას მაინც იზამენ. ლივინგსტონი, იანგი, იგუოდალა, ვესტი, მაკგი - ხუთეული, რომელმაც აღმოსავლეთში შეიძლება პლეი-ოფისთვის იბრძოლოს, აქ სათადარიგო ვარიანტია...

ამას დაამატეთ ზაზა, რომელიც იდეალური თანაგუნდელია + მაკქოუ და ბელი, რომლებიც ჯერ იზრდებიან და კასპი, რომელმაც ერთხელ კარის სამქულიანების ომი გამოუცხადა და მოუგო კიდეც, როდესაც თავის მომავალ გუნდს 12 მცდელობიდან 9 სამქულიანი ჩაუგდო (კასპიმ ის დუელი მოიგო, მაგრამ "საკრამენტო", ცხადია, მაინც უშანსოდ დამარცხდა).

არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ "უორიორზს" "როკეტსმა" კი არა, საერთოდ რომელიმე გუნდმა წინააღმდეგობა გაუწიოს... თუნდაც დანარჩენი ლიგის All Star-მა.

დაცვა, სამწამიანი, სიღრმე, შეთამაშება, ასაკი - როგორც ხედავთ, "ჰიუსტონს" ყველა ასპექტში სერიოზული პრობლემები აქვს. მათ გარდა, აღსანიშნავია მწვრთნელის ფაქტორი. მაიკ დანტონი არასოდეს ყოფილა მაღალი დონის სპეციალისტი. თუ არ ვცდები, მას კონტრაქტის ამოწურვამდეც კი არასდროს უმუშავია. ყველას გვახსოვს, რა შემადგენლობა ჰყავდა "ფინიქსში", მაგრამ შედეგი?

2005 - რეგულარულში პირველი ადგილი და უშანსოდ კონფერენციის ფინალში "სპურსთან" - 1:4.

2006 - რეგულარულში მეორე ადგილი და ოდნავ სოლიდური მარცხი იმავე ეტაპზე. ამჯერად "დალასთან" - 2:4

2007 - მეორე ადგილი და მეორე რაუნდი. "ფინიქსი" - "სან ანტონიო" 2:4.

2008 - მე-6 ადგილი და 5 საპლეიოფო შეხვედრა "სპურსთან" - 1:4.

მოკლედ, რამდენჯერაც დანტონი გრეგ პოპოვიჩს გადაეყარა, იმდენჯერ WIN OR GO HOME (პლეი-ოფის სლოგანი) პრინციპით სახლში წავიდა.

გახსოვთ იმ "სანზის" შემადგენლობა?

PG - სტივ ნეში
SG - რაჯა ბელი
SF - გრანტ ჰილი
PF - ამარე სტადემაიერი
C - შაკილ ო'ნილი

სკამიდან კი ბარბოსა, დიაო და სხვა ნაკლებად ცნობილი, მაგრამ კარგი მოთამაშეები. კარგი მწვრთნელი ამ შემადგენლობით ჩემპიონობას ნამდვილად მიაღწევდა. მეც ახლა გავიაზრე, რა მაგარი შემადგენლობა ჰყავდა იმ გუნდს... წინა ხაზი ხომ საერთოდ...

მოკლედ, დანტონის გარეშე თუ მისი ხელმძღვნელობით, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა "როკეტსს" ძალიან გაუჭირდება. ჩემი ვარაუდი მომავალ სეზონში "ჰიუსტონთან" დაკავშირებით ასეთია:

რეგულარულში ვერ გაასწრებენ "უორიორზს", "სპურსს" და "ოკლაჰომას". თანაბარი ბრძოლა ექნებათ "კლიპერსთან" და "მინესოტასთან". წესით, "იუტას", "დენვერს", "პორტლენდს", "მემფისს" და სხვებს უნდა აჯობონ და პლეი-ოფში შევიდნენ, მაგრამ ოთხეულში მოხვედრა გაუჭირდებათ.

პლეი-ოფი - 99/1

მეორე რაუნდი - 50/50, თუ პირველ რაუნდში "სპურსს" ან "გოლდენ სტეიტს" არ გადაეყარნენ

კონფერენციის ფინალი - 5/95

სუპერფინალი/ჩემპიონობა - არანაირი შანსი.

შესაძლოა, კრიტიკულად და პესიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ მხოლოდ ჰარდენი-პოლის შედეგების მიმართ. თორემ ეს ის წყვილია, რომლის სანახავად ღამეების თენება ნამდვილად ღირს და თუ ვინმე ყოყმანობთ, დაივიწყეთ! ასეთი უკანა ხაზი ძალიან იშვიათად ყალიბდება და სანამ შეგვიძლია, დავტკბეთ!

წარმატებები ბაბუაწვერას და მის მეგობრებს!

https://subwayalumnischronicles.blogspot.com/

თეგებიჰიუსტონიNBA
0.117312