მაგრად მოულოდნელად დამთავრდა თამაში უკრაინასთან. ნუ, მოულოდნელად ჩვენთვის. ლიტვასთან ავკრიფეთ, სოლიდურ გუნდს ვაწყენინეთ და შეიქმნა ილუზია, რომ უნდა მოგვეგო. შემდეგი ტესტი, გერმანიასთან. და იქ შრიოდერმა, ბენზინგმა და სხვა კარგმა ბიჭებმა გადაგვიჯოკრეს.
უკრაინასთან ბევრი შეცდომა გვქონდა. უკრაინასთან ეპიზოდებში ვიდექით. უკრაინასთან ჩასაგდები ვერ ჩავაგდეთ და უკრაინამ ლებრონის სტილში ბევრჯერ ჩაგვიგდო. ძალიან ბევრჯერ და ლამაზად.
იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ უკრაინას დეტალურად, იდეალურად ჰყავდა გაშიფრული ჩვენი ნაკრები და ჩვენ მოწინააღმდეგეს ფანტაზიის გარეშე, ძალით ვაწვებოდით. კარგად ვერ ვითამაშეთ. უკრაინამ უბრალოდ, ჩვენზე უკეთ შეასრულა საშინაო დავალება.
მოუმატა ზაზა ფაჩულიამ. კაპიტანი ითხოვდა ბურთს, ის იგებდა პოზიციას და კაპიტანმა უკრაინას ბევრი „ჭრილობა“ დაუტოვა. უკრაინამ სიღრმით მოგვიგო და ზაზას წინააღმდეგ ყოველთვის ახალი კალათბურთელი იდგა. ზაზაზე იღებდნენ ფოლს და ეგრევე იცვლებოდა NBA-ს ჩემპიონის პერსონალური ოპონენტი.
ვაგებთ ტემპში. წესით და რიგით, უკრაინასთან ამ კომპონენტში არ უნდა ვაგებდეთ და წავაგეთ.
პოზიტივი - გვრჩება შანსი. შემდეგ ეტაპზე გადასვლის. უნდა მოვუგოთ იტალიას და ისრაელს, ან - ერთ-ერთს, ან - უნდა დავითვალოთ ვარიანტები.
უკრაინასთან უფრო ვიდექით, ვიდრე - გავრბოდით. პოზიციური, მძიმე, მონოტონური კალათბურთისთვის ჩვენ ფიზიკურად ბოლომდე მზად არ ვართ. საქართველომ არითმიით უნდა ითამაშოს და საქართველომ მოულოდნელად, ცოტა არასტანდარტულად უნდა წარმართოს შეხვედრა.
ერთი დღე დასვენებაა. ჩვენც დავისვენოთ და ნაკრებიც დავასვენოთ. ორი რთული თამაში გვრჩება და იქ დანდობა არ იქნება. უნდა ავიღოთ ბურთი, უნდა მოვხსნათ მოსახსნელი და უნდა ჩავაგდოთ. ჩაგდების, ქულების გარეშე ცოტა რთულია კალათბურთში მოგება.
ველოდებით დასვენების შემდეგ დასვენებულ საქართველოს და მოგებულ ტესტს.
მიდით რა, შეუბერეთ და მოიგეთ. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ.
ჩვენი სპონსორია Crocobet.
ზურა თალაკვაძე ისრაელიდან, სპეციალურად worldsport.ge-სთვის








