კალათბურთი

20:00 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

იქნებ, ახლა მაინც გამოვფხიზლდეთ!..

მიწაზე დავეშვით, სარკეც გაწმენდილია და რეალობაც დავინახეთ – ლიტვასთან შეხვედრა მაშინ დასრულდა, როდესაც მაჩულისმა გადამწყვეტი სამქულიანი ვერ ჩააგდო. იმის შემდეგ ორი ტური გავიდა და საქართველოს ნაკრების თამაშზე კარგის დაწერა გვინდა, მაგრამ უფლება არ გვაქვს.

დიახ, უფლება, რადგან, შეუძლებელია დადებითი ვთქვათ იმაზე, რაც გერმანიასთან და უკრაინასთან მატჩებში მოხდა. არადა, ეს, ის გუნდებია, რომლებთანაც საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ევრობასკეტის დაწყებამდე გამარჯვებას და ამის ხარჯზე პლეი-ოფში გასვლას გეგმავდა. ახლა კი რა გამოდის? – ორივესთან წავაგეთ, წავაგეთ დამსახურებულად, უშანსოდ!

უკრაინის ნაკრები ერთი შეხედვით ევროპის ჩემპიონატის ბინადარ 24 ნაკრებს შორის რუმინეთთან ერთად ყველაზე სუსტად მიიჩნეოდა, მაგრამ ევგენი მურზინის გუნდმა საქართველოსთან საქმეს ხელი რომ მიჰყო პირველივე წუთიდან, ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია.

სცენარი იგივე იყო, როგორც წინა ორ მატჩში: თანაბარი პირველი, კატასტროფული მეორე, კარგი მესამე და გამოფიტული მეოთხე პერიოდი. ზუროსის გუნდის მთავარი პრობლემა გერმანიასთან მატჩისგან განსხვავებით ამჯერად შეტევა არ ყოფილა, დაცვა – იყო. 88 ქულა მივიღეთ ნაკრებისგან, რომლის რიგებშიც არათუ სუპერვარსკვლავებს, არამედ ვარსკვლავსაც ვერ ვიპოვით. სამაგიეროდ, უკრაინა ბევრად დაბალანსებულია, ვიდრე საქართველო. თავად განსაჯეთ მურზინმა თამაშის შესაძლებლობა 12-ვე კალათურთელს მისცა და ყველამ თავისი სოლიდური წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. და მაინც, საოცარი მატჩი ჩაატარა დენის ლუკაშოვმა – იგი ერთადერთი იყო პარკეტზე, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა: 17 ქულა, 11(!) პასი, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა – ფანტასტიკური შედეგია. ლუკაშოვს არც ალექსანდრ ლიპოვი ჩამორჩა (17 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი).

საპირისპიროდ, საქართველოს ნაკრების რიგებში მხოლოდ 9 კალათბურთელმა ითამაშა და აქედან ორმა ჯამში 5 წუთი დაჰყო პარკეტზე. ამან ბოლო, გადამწყვეტ მეოთხედში იჩინა თავი – აშკარაა, რომ ფიზიკურად საქართველოს ნაკრები ვერ უძლებს და თამაშების დასკვნით ნაწილში მოედანზე გამოფიტულია. სხვას რას მივაწეროთ, რომ გუშინაც და დღესაც, მეოთხე პერიოდის წინ ჩამორჩენა აღმოფხვრადი იყო, მაგრამ ამის მაგივრად, სხვაობა გაიზარდა. ახლაც ასე იყო.

უკრაინამ პირველივე პერიოდში მოპიოვა უპირატესობა და 10 ქულით გაიჭრა წინ. თუმცა, ქართველები გონს მალევე მოვიდნენ და საბოლოოდ, მეოთხედი ქულით დათმეს – 20:21. აი, მეორე პერიოდი კი კოშმაული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ 18 ქულა ჩავუგდეთ მეტოქეს, რაც ნორმალური შედეგია, დაცვაში თამაში კრიტიკასაც ვერ უძლებდა – 10 წუთში უკრაინამ 30 ქულა დააგროვა. უკრაინამ და არა ესპანეთმა!!!

შესაბამისად, დიდ შესვენებაზე მდგომარეობა ძალიან, ძალიან მძიმე გახლდათ. და მაინც, მესამე პერიოდი, როგორც ამ ევრობასკეტზე ხდება, საქართველომ აღმაფრენით ჩაატარა და 9 ქულის სხვაობით მოიგო. ათი წუთი რჩებოდა, 4 ქულით ვაგებდით და თითქოს ფსიქოლოგიური უპირატესობაც გვქონდა, მაგრამ რად გინდა? – დაღლილობამ თავი იჩინა: დასკვნითი მეოთხედიც წავაგეთ. ეგ კი არა, სათოფეზეც ვერ მივუახლოვდით მოწინააღმდეგეს და პირველ 6 წუთში მხოლოდ ორი(!) ქულა შევმატეთ აქტივს. საბლოოდ, ლოგიკურად წავაგეთ. ამ წაგებამ კი სიტუაცია ძალიან დაამძიმა. წინ ორი თამაშია და ორივე ერთმანეთზე მძიმე – ისრაელი მასპინძელია, იტალია – ფავორიტი. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ერთი მოგება დარჩენილ ორ ტურში საკმარისი არ გამოდგეს. გააჩნია, სხვა შეხვდრები როგორ დასრულდება.

რატომ წავაგეთ უკრაინასთან? – მიზეზი ბევრია. თამაში კვლავ არ გამოსდის გიორგი ცინცაძეს, რომელმაც რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ქართველთაგან ყველაზე მეტი დრო გაატარა მოედანზე. მაიკლ დიქსონი მთელი თამაში გამქრალი იყო და 2 ქულით შეგვეწია მხოლოდ.

საუკეთესოები გიორგი შერმადინი და ზაზა ფაჩულია იყვნენ – ორივემ 17 ქულა დააგროვა, გიორგიმ 4-ჯერ მოხსნა ბურთი, ზაზამ – ხუთჯერ. თორნიკე შენგელია 16 ქულას, 5 მოხსნასა და 7 პასს გამორჩა.

აქვე ვთქვათ, რომ ურიგოდ არ გვისვრია: მაგალითად სამქულიანების 42% და საჯარიმოების 79% ზუსტი იყო. მეტოქეს ამ მაჩვენებლით ვაჯობეთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ უკრაინის ნაკრებმა ბევრად მეტჯერ შეუტია ფარს, ვიდრე – საქართველომ. საქმე ისაა, რომ საქართველოს ნაკრებმა 16(!) შეცდომა დაუშვა, საქმე ისაა, რომ საქართველოს ნაკრებმა მეტოქის ფარზე ბურთი მხოლოდ ხუთჯერ მოხსნა, მაშინ როცა, საკუთარი ფარი 11-ჯერ (!) წავაგეთ. ბუნებრივია, ევრობასკეტზე, გინდ უკრაინას ეთამაშებოდე, გინდ – ესპანეთს, ასეთი სტატისტიკით, ასეთი თამაშით და ასეთი კატასტროფული დაცვით თამაშს ვერ მოიგებ...

ვნახოთ რა იქნება მეოთხე ტურში: საქართველოს ნაკრებს 5 სექტემბერს, მასპინძელ ისრაელთან მოუწევს გაჯიბრება.

საქართველო – უკრაინა 81:88 (20:21, 18:30, 25:16, 18:21)

საქართველო: დიქსონი (24:30 წთ, 2 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა). ფაჩულია (21:22 წთ, 17 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა). ცინცაძე (36:20 წთ, 6 ქულა, 3 მოხსნა, 6 პასი). შერმადინი (18:30 წთ, 17 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება). სანაძე (24:12 წთ, 11 ქულა, 2 მოხსნა, 1 დაფარება). მარკოიშვილი (33:37 წთ, 11 ქულა, 4 მოხსნა, 1 დაფარება). ბერიშვილი (03:47 წთ, 1 ქულა), შენგელია (35:41 წთ, 16 ქულა, 5 მოხსნა, 7 პასი, 1 ჩაჭრა). ლონდარიძე (02:01 წთ, 0 ქულა).

ქულა ჯამში: 81, ორქულიანი: 17/31 (54.8%), სამქულიანი: 8/19 (42.1%), საჯარიმო: 23/29 (79.3%). მოხსნა: 29, მოხსნა დაცვაში: 24, მოხსნა შეტევაში: 5, პასი: 24, დაკარგვა: 16, ჩაჭრა: 4, დაფარება: 2.

უკრაინა: პუსტოვზონოვი (25:57 წთ, 8 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა). კოლჩენკო (19:03 წთ, 7 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი). ლუკაშოვი (34:05 წთ, 17 ქულა, 6 მოხსნა, 11 პასი, 3 ჩაჭრა). ოტვერჩენკო (04:33 წთ 1 პასი). ლიპოვი (25:42 წთ, 17 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი). კორნიენკო (06:52 წთ, 2 მოხსნა). ბობროვი (29:03 წთ, 13 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება). ზაიცევი (10:20 წთ, 3 ქულა). პუსტოვი (29:32 წთ, 19 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრამ 2 დაფარება). კონიევი (07:32 წთ, 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი). მიშულა (07:31 წთ, 0 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი).

ქულა ჯამში: 88, ორქულიანი: 21/40 (52,5%), სამქულიანი: 10/27 (37%), საჯარიმოები: 16/21 (76.2%), მოხსნა: 33, მოხსნა შეტევაში: 11, მოხსნა დაცვაში: 22, პასი: 23, დაკარგვა: 12, ჩაჭრა: 7, დაფარება: 3.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120773