2017 წლის ევრობასკეტის „დ“ ჯგუფის ცენტრალურ მატჩში, რუსეთმა სერბეთი დაძაბულ ბრძოლაში 75:72 დაამარცხა. მასპინძელ თურქეთთან შეხვედრის მსგავსად, რუსებმა ამჯერადაც 3 ქულიანი სხვაობით, შვედის დამსახურებით მოიგეს და სატურნირო ცხრილის სათავეში გამაგრდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა და პირველი ტაიმი სერბებმა 21:18 მოიგეს. მეორე პერიოდში რუსეთმა შეძლო მცირედი ჩამორჩენის აღმოფხვრა და დიდ შესვენებაზე ლიდერად გავიდა - 40:38.
სერბები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მესამე პერიოდში უპირატესობა ვეღარ დაიბრუნეს, დასკვნით წუთებში კი 6 უპასუხო ქულა მიიღეს და 51:58 ჩამორჩნენ. მეოთხე მეოთხედში სერბებმა შეძლეს და 60:59 დაწინაურდნენ, თუმცა ამას რუსეთის 11:1 გაქცევა მოყვა და მათი უპირატესობა 9 ქულამდე გაიზარდა. სერბებმა იბრძოლეს, მაგრამ მხოლოდ ჩამორჩენის შემცირება შეძლეს და 72:75 დამარცხდნენ.
ზემოთნახსენებმა შვედმა საკუთარ გუნდს 22 ქულა შესძინა, ხოლო სერბებისგან 19-19 ქულა ბოგდანოვიჩმა და მარჟანოვიჩმა მოაგროვეს. 4 სექტემბერს რუსეთი ბელგიას, ხოლო სერბეთი თურქეთს ეთამაშება.







