კალათბურთი

23:43 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავგლიჯეთ!
ზუროსი: „გავიცინებ, როდესაც მისიას ბოლომდე მივიყვანთ“

საქართველომ ლიტვას "აარტყა". საინტერესო? არა! ძალიან მაგარ, "სისხლიან ჩეხვაში". იქ, სადაც კაცები ქაჩავენ და იქ, სადაც კაცებმა გაქაჩეს. ლიტვას, თავისი ვალანჩუნასებით და სხვა კარგი ბიჭებით, მაგარი ვაწყენინეთ და უკვე საკმაოდ რეალურია ჯგუფიდან გასვლის პერსპექტივა.

შეხვედრის დამთავრების შემდეგ, ბრიფინგზე ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გენიალურ ილიას ზუროსს ვეკითხები, ქოუჩ, იგებთ - არ გეცინებათ, აგებთ - სახეზე იგივე უემოციო ნიღაბი გაქვთ. როდის გაგვიცინებთ? ზუროსის პასუხმაც დაგლიჯა - როდესაც მისიას ბოლომდე მივიყვანთ.

მისიის ბოლომდე მიყვანა არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ლიტვას რომ ყური ავუწიეთ, ფაქტია. საქართველოს ნაკრებს მისსავე ისტორიაში საუკეთესო პერიოდი აქვს. და ჩვენ არ ვაგებთ. ვერ ვაგებთ. ჩვენი მისია მხოლოდ ზუროსმა და (ალბათ) მოთამაშეებმაც იციან, მაგრამ პროცესი ყველასთვის სასიამოვნოდ მიმდინარეობს და უკვე მოუთმენლად ველი შემდეგ ტესტს.

ისრაელში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების შესახებ იციან და ისრაელში ინფორმირებული ახალგაზრდები ცხოვრობენ. ჰერცლიაში, სადაც ჩვენ არაჩვეულებრივ სასტუმროში ვართ გამაგრებულები (ჟურნალისტების ნაწილი და ჩვენი ნაკრების ოფიციალური ფანკლუბის წევრები), მიმტანები, კონსულტანტები, მენეჯერები, ყველა კალათბურთზე ჭორაობს და ყველამ იცის საქართველოს ნაკრები. და ყველამ იცის ერთი ჯადოსნური სიტყვა - ზაზა. და პაუზა. თითქოს ჩვენი ნაკრების კაპიტანმა ებრაელებსაც ისეთივე სიხარული აჩუქა, როგორც ჩვენ. ფაჩულია აქ ისევე იციან, როგორც ყველაზე პოპულარული ებრაელი კალათბურთელი - ომრი კასპი.

დარბაზამდე რამდენიმე ავტობუსი გამოვიცვალეთ. ერთში, მძღოლმა, რომელიც საოცრად ჰგავდა ვესლი სნაიპსს, მიგვასწავლა მოკლე გზა და ის მოკლე გზა იყო არასწორი. მინუსი, რომ დავკარგეთ დრო და კინაღამ დავაგვიანეთ გერმანიისა და უკრაინის გარჩევაზე. და პლიუსი, რომ იმ თამაშს მაინც მივუსწარით. და ჩავუჯექით ამერიკელი გერმანელი სუპერვარსკვლავის, დენის შრიოდერის ჯადოსნურ კალათბურთს. გერმანიამ ზუსტად ისევე მისცა თავისი ბედი და სიყვარული ამ პატარა ბიჭს, როგორც თავის დროზე დირკ ნოვიცკის. შრიოდერმა გერმანიას მოაგებინა და შრიოდერი იყო გენიალური.

და მერე ჩვენი შეხვედრა დაიწყო. კარგად ორგანიზებული, ჯერ არამრავალრიცხოვანი, მაგრამ მაინც მაგრად აზრზე მოსული ფანკლუბი ეპიზოდებში ფარავდა ლიტვურ ლავას, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა, ცხელდებოდა და წვავდა ყველაფერს და ყველას. ჩვენი ფანკლუბი ახალი შექმნილია და მაგრად გავშლით. გპირდებით.

თამაშზე მინდა ბევრი გითხრათ და ბევრი არ გამოდის. ემოციები იქ, ლამაზ, კოხტა დარბაზში დარჩა და ემოციები ნაკრებმა წაიღო.

უცხოპლანეტელივით შეასრულა მწვრთნელის დავალება თორნიკე შენგელიამ. დაიწყო და დაამთავრა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. თოკო ჩვენი კალათბურთის მომავალია. რომელიც უკვე შეიძლება შევიყვანოთ ევროპის საუკეთესო მეოთხე ნომრებში. შენგელია იყო ტერორი და ლიტვამ ეს ტერორი ვერ გააჩერა.

შეჭამა ლიტველები დაცვაში მანუჩარ მარკოიშვილმა. ჩვენი მანუ. ჩვენი ნდობა. ჩვენი სისხლი.

პატარა დიქსონმა მორიდებულად დაიწყო და მერე შეუბერა. ჩააგდო, სხვას არ ჩააგდებინა მოხსნა, მიაწვა, მოკლა, დაისვენა. ეს სქემა ჩვენებისთვის წაუგებელი იყო.

მაგრად მეწყინა გიორგი ცინცაძის ტრავმა და ჯერ არ ვიცით, რამდენად სერიოზულია გიოს პრობლემა. ჩვენი პრობლემა. გვინდა, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდეს.

და კაპიტანი. ზაზა ტრავმით თამაშობს. და ზაზას გარეშე ამ თამაშის წამოღება არარეალური იყო. ზაზა დადგა საკუთარ ტერიტორიასთან და დაიცვა ჩვენი სამწამიანი, როგორც ლეონიდემ სპარტა. და მინდა, რომ ამ მითის დასასრული უფრო ბედნიერი იყოს, ვიდრე სპარტელების მამაცი მეფისთვის. ზაზა უკეთეს დასასრულს იმსახურებს. ჩვენც. ეს ნაკრებიც.

ცოტა მერე, ცოტა დეტალურად და ცოტა ღრმად დავილაპარაკოთ და მანამდე გეტყვით, რომ დავგლიჯეთ.

და ველოდებით ზუროსის ღიმილს.

მომავალ წერილამდე.

და შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირისთვის ჩვენს ჩაცმულობაზე Nick and Dave ზრუნავს.

ზურა თალაკვაძე ისრაელიდან, სპეციალურად worldsport.ge-სთვის

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131713