კალათბურთი

13:05 | 23.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

აკროპოლისის თასი: საქართველო საბერძნეთთან მატჩით იწყებს (+VIDEO)

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ დასკვნით ეტაპზე საბერძნეთში მყოფი საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს აკროპოლისის თასის პირველ შეხვედრას გამართავს. ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე მისი მშობლიური საბერძნეთის ნაკრები იქნება, რომელსაც 2011 წლის ევრობასკეტზე წვრთნიდა.

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებთა შეხვედრა ათენის ოლიმპიურ დარბაზში (O.A.K.A) თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.

საქართველოს ნაკრები საბერძნეთში გუშინ დილით ჩავიდა და სასტუმრო "სივიტელში" დაბინავდა. ილიას ზუროსმა შეგირდები ოლიმპიურ დარბაზში საღამოს ავარჯიშა. მწვრთნელმა კალათბურთელები დიდად არ დატვირთა. ძირითადად ორმხრივად ათამაშა და ცალ ფარში კომბინაციები დაამუშავებინა. ზაზა ფაჩულიამ მცირე ხანს ბურთი ისროლა, თუმცა სავარჯიშო ფორმა არ ჩაუცვამს და არც გუნდთან ერთად უვარჯიშია. კაპიტნის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის და დაგეგმილ დროში ის ვარჯიშს განაახლებს.

ვარჯიშის დაწყებამდე მოედანზე შესასვლელთან ერთმანეთს ბერძენი და ქართველი კალათბურთელები შეხვდნენ და გულთბილად მოიკითხეს ერთმანეთი. ყველაზე მეტი ახლობელ-მეგობარი გიორგი შერმადინმა გამონახა, რომელსაც არა მხოლოდ კალათბურთელები მიესალმნენ თბილად, არამედ O.A.K.A-ს მომსახურე პერსონალი და მწვრთნელები. ამ დარბაზში თამაშობს ათენის „პანათინაიკოსი“, სადაც შერმადინი 2008-10 წლებში ასპარეზობდა და 2009-ში ევროლიგის ჩემპიონიც გახდა.

შერმადინს თანასის ადეტოკუმბო, იანის ბურუსისი, გეორგიოს პრინტეზისი, კოსტას პაპანიკოლაუ და სხვანი მიესალმნენ. ასევე თორნიკე შენგელიამ და ვიქტორ სანიკიძემ მოინახულეს ყოფილი თანაგუნდელები, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრების ვარჯიშიც დაიწყო.

O.A.K.A-ს დარბაზის თვალუწვდენელი ტრიბუნები ვარჯიშზე, ცხადია, ცარიელი იყო, თუმცა არც მატჩზე იგეგმება მათი შევსება. როგორც ილიას ზუროსმა განაცხადა, ბერძენთა სუპერვარსკვლავის - იანის ადეტოკუმბოს გამოკლებამ ხალხის ინტერესი მნიშვნელოვნად გაანელა და ბილეთები ისე დატაცებაზე არაა.

ჩვენი დღევანდელი მეტოქე საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობაში 14 მოთამაშეა:

ნიკ კალატესი (პანათინაიკოსი)
იანის ბურუსისი (ჟეიანგ ლაიონსი, ჩინეთი)
კოსტას სლუკასი (ფენერბაჰჩე, თურქეთი)
ნიკოს პაპასი (პანათინაიკოსი)
იანულის ლარენცაკსი (აეკ)
გიორგოს პაპაიანისი (საკრამენტო კინგსი, აშშ)
გიორგოს პრინტეზისი (ოლიმპიაკოსი)
კოსტასპაპანიკოლაი (ოლიმპიაკოსი)
ვაკელის მანცარისი (ოლიმპიაკოსი)
დიმიტრის აგრავანისი (ოლიმპიაკოსი)
იანის პაპაპეტრუ (ოლიმპიაკოსი)
გიორგოს ბეგრისი (ოლიმპიაკოსი)
თანანის ადეტოკუმბო (პანათინაიკოსი)
კოსტანტინოს მიტოღლუ (პანათინაიკოსი)

მთავარი მწვრთნელი: კოსტას მისასი

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.114289