ფეხბურთი

16:49 | 2.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რვა წლის წინანდელი პატარა ისტორია

დიღმის მასივი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რამდენიმე ბავშვი ძაღლს ასეირნებს. ერთმა ველოსიპედით შემოისეირნა და ერთმაც ბურთი შემოაგდო, მაგრამ ბურთი იქ აშკარად უმცირესობაში აღმოჩნდა, რადგან პატრონის გარდა, სხვა ბავშვს ფეხი არავის დაურტყამს.

ბავშვი არა, მაგრამ თემურ ჩხაიძე დაინტერესდა. ყოფილ პარლამენტარს ვგულისხმობთ, რომელიც ადრე ლანჩხუთის "გურიას" კაპიტანი იყო. იმ გუნდისა, რომელიც საბჭოეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადავიდა.

გულდაწყვეტილი ამბობდა, ამხელა სტადიონია და იშვიათად ნახავ, რომ ფეხბურთი ითამაშონო.

ბევრი ვისაუბრეთ. გამოხატა თავისი აზრი, რა შეიძლება იყოს ჩვენი ფეხბურთის საშველი, ისაუბრა თითოეულ რეგიონში აკადემიის შექმნის აუცილებლობაზე, რადგან ახლავე თუ არ ჩაეყარა საფუძველი, მერე არავინ გვაჩუქებს ფეხბურთელებს და თავისით არ დაიბადებიან.

"ოცი წლის წინ და მგონი უფრო ადრეც ვამბობდი, რომ საფეხბურთო აკადემიების გარეშე არაფერი გამოვა. ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომ ბობოლა ფეხბურთელები ჩამოვიყვანოთ. ჩვენ უნდა გავზარდოთ. სხვა რა პრობლემაზეც უნდა ვილაპარაკოთ, ყველაფერი მონაგონია. მთავარია მომავალზე ზრუნვა, რათა მერე მაინც მივიღოთ შედეგი".

კონკრეტულ ფეხბურთელებზეც ვისაუბრეთ. თემურ ჩხაიძემ პატარა თორნიკე ოქრიაშვილი გაიხსენა - რვა წლის წინანდელი თორნიკე, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში რომ იყო.

შეგახსენებთ, "ოქრი" პირდაპირ 21-წლამდელებში მოხვდა და პირველივე შეკრებაზე გამოძახებული ბიჭი ოთარ გაბელიამ სასტარტოში დააყენა. თანაც, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ირლანდიასთან. მაშინ გაბელიამაც აღნიშნა, თორნიკე ოქრიაშვილის ნაკრებში წაყვანა თემურ ჩხაიძემ მირჩია და კიდევ კარგი, დავუჯერეო.

მანამდე, ბავშვობაში, თორნიკე "ოლიმპის" სკოლაში იყო, მამუკა ფანცულაია ავარჯიშებდა.

ჩხაიძე კი იხსენებს ოქრიაშვილის "გაგრაში" გამოჩენის ამბებს:

"მაშინ "გაგრაში" ვმუშაობდი მწვრთნელად. დუბლებში გვყავდა პატარა, ტექნიკური ბიჭი. ძირითად გუნდში ანატოლი პისკოვეცს არ აჰყავდა და მისი მესმის კიდეც, კაცს შედეგი უნდოდა და პატარებისთვის, ან ლამაზი ფეხბურთისთვის არ ეცალა. მახსოვს, გაბელიას ვურჩიე, ნახე, გამოგადგება-მეთქი. დამიჯერა, ნახა და მოეწონა. გაბელიას თანაშემწე ზაურ სვანაძე იყო, ისიც წამოვიდა გორში თორნიკეს თამაშის სანახავად. მხოლოდ ერთ ტაიმს უყურა და თქვა, საკმარისიაო. ასე წაიყვანეს 21-წლამდელების ვარჯიშზე, იქ კი მისი პოზიციის ერთ-ერთი ფეხბურთელი დაშავდა და გაბელიამ ძირითადში დააყენა. ეს იღბალი იყო. მაგრად ითამაშა თორნიკემ, არადა ვიწრო წრის იქით არავინ იცნობდა ამ ბიჭს. დაიმკვიდრა კიდეც ადგილი 21-წლამდელთა ნაკრებში, მერე კი მისი პროგრესის შესახებ ყველამ იცის. "გაგრას" პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე გაოცებული იყო, კი მაგრამ, ასეთი ბიჭი თუ გვყავდა, დუბლებში რა უნდოდაო?! ზოგი მეუბნებოდა, გადაკიდება იცი ფეხბურთელებზე, ასეთი მაგარიც არ არისო, მაგრამ გამოჩნდა, რომ არ ვცდებოდი. ეს ამბავი 2009 წელს იყო. ახლა ვიღას ახსოვს..."

0.135151