ჭიდაობა

20:35 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

დაძაბულობა ქართული ჭიდაობის გარშემო

მე-6 თვეა, რაც ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით გელა ბერუაშვილი აირჩიეს. ფედერაციის მმართველი გუნდის დაკომპლექტება კი საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, დიდხანს გაიწელა და სიტუაცია ისე ვითარდება, სკანდალის აგორებაც არაა გამორიცხული. ამ თემასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაერთ ინტერნეტ და ბეჭდურ გამოცემაში დაიწერა. "მსოფლიო სპორტს" რამდენიმე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მიაწოდეს, რომლებიც უკვე გამხდარა შიდა არაჯანსაღი ატმოსფეროს მიზეზი.

ქართული ჭიდაობის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 10 თებერვალს გაიმართა და ხმის უფლების მქონე დელეგატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ღია კენჭისყრით არჩევანი გელა ბერუაშვილზე შეაჩერა. პრეზიდენტმა დამსწრეთ ერთი კვირა სთხოვა, მმართველი გუნდის დასასახელებლად.

ამ ვადის გასვლის შემდეგ, ბერუაშვილის არჩევანით არავინ დაინტერესებულა. ისიც არავინ იცოდა, რომ პრეზიდენტს მმართველი გუნდის დასახელების უფლება არ ჰქონდა და გადაწყვეტილება ფედერაციის ყრილობას უნდა მიეღო. თითქოს ყველაფერი უცვლელად დარჩა. ტარდებოდა ტურნირები და ერთი შეხედვით, უკმაყოფილო არავინ ჩანდა.

ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში პრეზიდიუმის კრების ოქმი 6 ივნისს შეიტანა. ოქმს ახალი პრეზიდიუმის ცხრავე წევრი აწერდა ხელს: შოთა ხაბარელი, გელა ბერუაშვილი, ომარ იაძე, მალხაზ ბერუაშვილი, ოთარ ყურაშვილი, შავლეგ ბერუაშვილი, ჯემალ მჭედლიშვილი, მირიან გონჯილაშვილი და ვალერიან პარუნაშვილი.

პრეზიდიუმის 9 წევრიდან 3 ბერუაშვილი იყო. პრეზიდენტის ძმა - მალხაზი და ვაჟი - შავლეგი. საქართველოს 5-გზის ფალავნის, მალხაზ ბერუაშვილის ფედერაციის მმართველ გუნდში გამოჩენა არავის გაკვირვებია. შავლეგ ბერუაშვილის პერსონამ კი შიდა წრეები აალაპარაკა. ის ფედერაციაში ისედაც ირიცხებოდა, ხელშეკრულებით და "მსოფლიო სპორტის" წყაროს ცნობით, "ქართუ ჯგუფისგან" ხელფასსაც იღებდა, ისევე, როგორც მისი მეჯვარე, ყოფილი ძიუდოისტი მირიან გონჯილაშვილი, რომელიც გელა ბერუაშვილმა ფედერაციის გენერალურ მდივნად დანიშნა, ოღონდ ამ სიახლის შესახებ მხოლოდ ახლახან შეიტყო აწ უკვე ყოფილმა გენერალურმა მდივანმა იური იმერლიშვილმა.

10 თებერვლის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის შემდეგ, სწორედ იმერლიშვილი აწერდა ხელს მთელ რიგ დებულებებს, ორგანიზებას უწევდა რეგიონალურ ტურნირებს და აჯილდოვებდა გამარჯვებულებს და მხოლოდ არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ შეიტყო, რომ გადააყენეს.

7 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ფედერაციას პრეზიდიუმის კრების ოქმის შეჩერების შესახებ აცნობა. მდგომარეობის გამოსასწორებლად მოჭიდავეებს ერთი თვე ჰქონდათ, მაგრამ... 11 ივლისს პრეზიდიუმს სარეგისტრაციო წარმოება შეუწყვიტეს.

სულ რაღაც სამ დღეში, გამოჩნდა ახალი დოკუმენტი – ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის ოქმი (ს.კ 204898539), რომელიც 10 თებერვლითაა დათარიღებული. ამ ოქმის თანახმად, ფედერაციის 9-კაციანი პრეზიდიუმი სწორედ ყრილობამ აირჩია, რომელსაც დელეგატთა სრული უმრავლესობა დაესწრო.

საჯარო რეესტრის მიერ დაწუნებული ოქმისგან განსხვავებით, საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატებისგან დამტკიცებული და რატომღაც გვიან გახსენებული ოქმის შემადგენლობაში ორი ცვლილება აღმოჩნდა – შავლეგ ბერუაშვილისა და ვალერიან პარუნაშვილის ადგილები რეკორდსმენ ფალავან ალექსი დავითაშვილსა და ირაკლი იოსებაშვილს დაეკავებინათ. ამავე დოკუმენტის თანახმად, ფედერაციის გენერალური მდივანი მირიან გონჯილაშვილია, ისევე, როგორც ზემოთ აღნიშნულ დაწუნებულ ოქმში.

რეესტრმა მეორედ წარდგენილი ოქმი რეგისტრაციაში გაატარა. "მსოფლიო სპორტი” ყოფილი გენერალური მდივნის – იური იმერლიშვილის აზრითაც დაინტერესდა, მაგრამ მან ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

მეორე უსიამოვნო თემა, რომელზეც მედიაში დაიწერა, საქართველოს 2016 წლის ფალავნისთვის დაწესებული მთავარი ჯილდოს საკითხია. შარშანდელ აბსოლუტურ ფალავანს – გიორგი კაციაშვილს პრიზი ჯერ არ მიუღია. წინასწარი ინფორმაციით, მას ჯილდოდ დაწესებული საცხოვრებელი ბინ აიმ კორპუსში გადაეცემა, რომელსაც შპს "ფალავანი” აშენებს და რომელიც გელა ბერუაშვილის ოჯახური ბიზნესია.

კომპანიის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, რომელიც 2017 წლის 10 ივლისითაა დათარიღებული, "ფალავნის” დირექტორად ლევან ექიზაშვილი დაინიშნა. ეს უკანასკნელი გვარის განსხვავების მიუხედავად გელა ბერუაშვილის ვაჟია და ქართული ჭიდაობის ფედერაციასთან ისიც თანამშრომლობს.

ქართული ჭიდაობის ტრადიციულ, წლის შემაჯამებელ ფალავნობას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. შესაბამისად, სამინისტრო რიცხავს მთავარი ჯილდოსთვის საჭირო თანხასაც, რომელიც დაახლოებით 60 ათას ლარს შეადგენს.

"მსოფლიო სპორტი” დამატებითი გარემოებების შემთხვევაში თემას დაუბრუნდება.

0.123664