ფეხბურთი

22:52 | 18.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლოგიკური შედეგი: აქაც წავაგეთ

საქართველოსთვის ევროპული საკლუბო ფეხბურთი მიმდინარე სეზონში ოფიციალურად დასრულდა. საქართველოს ჩემპიონმა “სამტრედიამ” “ყარაბაღთან” წარმოუდგენელი სასწაული ლოგიკურია, რომ ვერ შემოგვთავაზა და უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა.

ერთი კვირის წინ ბაქოში, გია ცეცაძის გუნდმა 5:0 წააგო, თბილისშიც ვერ შეძლო პატარა რევანშის აღება. კლასში სხვაობა ამჯერადაც დიდი იყო და მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს თავი არ მოუკლიათ, მაინც გაიმარჯვეს.

პირველი ტაიმი მეტად მოსაწყენი სანახავი გამოდგა – “ყარაბაღი” თამაშით თავს არ იკლავდა, “სამტრედია” ვერ თამაშობდა და ასე, ჯახირ-ჯახრი გაილია 45 წუთი. თუმცა, გოლი მაინც გავიდა: 22-ე წუთზე დონალდ გუერიემ საჯარიმო ეშმაკურად დაარტყა და ომარ მიგინეშვილი დარტყმულს ვერ გაუმკლავდა – 0:1.

მეორე ტაიმში სათამაშო სურათი შეიცვალა და მასპინძლებმა რამდენჯერმე განახორციელეს მწვავე შეტევა, თუმცა ეს ზღვაში წვეთი იყო. ყველაზე რეალური მომენტი გურამ სამუშიას მიეცა, რომელიც დავით რაჟამაშვილის ჩინებული პასით მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა ვერ ივარგა. შემდეგ იყო მჭედლიშვილი - მანჯგალაძის კარგი კომბინაცია, მაგრამ ამ უკანასკნელბა კარს მცირედით ააცილა. ორ ეპიზოდში ნიკა სანდოხაძე ურტყამდა თავით სახიფათოდ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ერთხელ, გიული მანჯგალაძემ სახიფათო ჯარიმა დაარტყა, მაგრამ ბურთის კარის ბადეს გარედან შეეხო. ეს იყო და ეს – ორი მტჩში ჯამში “ყარაბაღმა” “სამტრედიას” უშანსოდ 6:0 მოუგო და დამსახურებულად გავიდა შემდეგ ეტაპზე.

ჩვენ კი, ჩვენი ვიკითხოთ – ევროსეზონი საქართველოსთვის დასრულდა და ახლა მხოლოდ მომავალი წლისთვის თუ მოვემზადებით.

ცალკე აღნიშვნის ღირსია “დინამო არენაზე” შექმნილი ატმოსფერო – აზერბაიჯანელი ქომაგები უფრო სჭარბობდნენ, ვიდრე ქართველები და ხშირად იქმნებოდა შთაბეჭდილება თითქოს “სამტრედია” მეორე მატჩსაც სტუმრად ატარებდა. ამის ფონზე კიდევ უფრო გაუგებარი ხდება მიზეზი, რატომ გადაწყვიტა “სამტრედიამ’ მატჩის თბილისში ჩატარება და არა ვთქვათ ზესტაფონში ან ქუთაისში, სადაც ბუნებრივია გაცილებით მეტი სამტრედიელი ადვილად მოხვდებოდა...

ასეა თუ ისე, ორი მატჩის ჯამში, “სამტრედიამ” მოედანზეც პირწმინდად წააგო. ოთხივე ქათული კლუბი მიმდინარე სეზონში ევროტურნირებს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშნენ – მდგომარეობა სავალალოა.

“სამტრედია” – “ყარაბაღი” 0:1 (0:1)

თბილისი, “დინამო არენა”

მაყურებელი: 2 000

“სამტრედია” (4-2-3-1): მიგინეიშვილი; მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე; მანჯგალაძე, დათუნაიშვილი; მარკოზაშვილი (სამუშია 58), რაჟამაშვილი, ინტერს გი (ნინუა 84); საბანაძე (ჯიქია 77)

მწვრთნელი: გია ცეცაძე

“ყარაბაღი” (4-3-3): კანიბოლოცკი; მედვედევი, ჰუსეინოვი, რჟეჟიჩაკი, აგოლი; მიჩელი, გარაიევი, ალმეიდა (ამირგულიევივი 62); მადატოვი, ნდლოვუ (რამაზანოვი 70), გუერიე (ისმაილოვი 62)

მწვრთნელი: გურბან გურბანოვი

გოლები: 0:1 გურიე (22)

გაფრთხილება: რაჟამაშვილი (53), სანდოხაძე (59) – ამირგულიევი (67), რამაზანოვი (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 6 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: სრდან იოვანოვიჩი (სერბეთი)

0.170351