დიდი სლემის 15-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი უიმბლდონის 1/8-ფინალში მსოფლიო რეიტინგის 26-ე ნომერთან ლუქსემბურგელ ჟილ მიულეთან 3:6, 4:6, 6:3, 6:4, 13:15 დამარცხდა. შეხვედრა 4 საათსა და 51 წუთს გაგრძელდა.
პირველ ორ სეტში მიულერმა თითო-თითო ბრეიკით იმარჯვა და 2:0 დაწინაურდა. რაფამაც მესამე და მეოთხე სეტში თითო-თითო ბრეიკი გააკეთა და გადამწყვეტი მეხუთე სეტი დაინიშნა, სადაც ტაი-ბრეიკის წესი არ მოქმედებს. ჩოგბურთელები თავიანთ ჩაწოდებებს მწყობრად იგებდნენ. 5:4-ზე მიულერის სასარგებლოდ, ლუქსემბურგელს ორი მატჩი-პოინტი ჰქონდა, თუმცა რაფამ ორივე გადაარჩინა. 6:6-ზე ნადალმა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, რა დროსაც მეორე ჩაწოდებაზე მიულერს ხაზის მსაჯმა აუტი დაუფიქსირა, ჟილმა ჩელენჯის უფლება გამოიყენა და აღმოჩდნა, რომ ბურთი ხაზს შეეხო, თავიდან ჩააწოდა და 7:6 დაწინაურდა. 10:9-ზე მიულერის სასარგებლოდ, ჟილს ორი მატჩ-პოინტი ჰქონდა, თუმცა რაფამ კარგად ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა. 14:13-ზე მიულერმა ორმაგი მატჩ-პოინტი გამოიმუშავა და ამჯერად ეს შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და რაფაელ ნადალი კარიერაში მეორედ დაამარცხა. ურთიერთშეხვედრებში ნადალი მიულერს 4:2-ს ამარცხებს.
ლუქსემბურგელმა 30 ეისი ჩააწოდა, ხოლო რაფაელმა - 23. მიულერმა 8 შესაძლებლობიდან სამი ბრეიკი შეასრულა, ხოლო ნადალმა 16-დან მხოლოდ ორი ბრეიკი გააკეთა.
1/4-ფინალში მიულერი ხორვატ მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ბაუტისტა-აგუტი 6:2, 6:2, 6:2 დაამარცხა.
დიდი სლემის 18-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა გრიგორ დიმიტროვს 6:4, 6:2, 6:4 აჯობა. ფედერერმა სამივე სეტი იოლად მოიგო, ბულგარელს შეხვედრის მოგების არანაირი შანსი არ ჰქონია. ურთიერთშეხვედრებში ფედერერი დიმიტროვს 6:0-ს უგებს. 1/4-ფინალსი როჯერის მეტოქე მილოშ რაონიჩი იქნება.







