ფეხბურთი

0:52 | 7.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

როდესაც "სახლში" წაგება ძვირად გიჯდება

ასეა, ძვირად ფასობს საკუთარ მოედანზე წაგება – საჩხერის “ჩიხურამ” ავსტრიაში ბევრად კარგი ფეხბურთი აჩვენა, ვიდრე ერთი კვირის წინ თბილისში, მაგრამ მაშინდელი მარცხი ევროპა ლიგიდან გამოვარდნის ფასად დაუჯდა.

არადა, დასანანია – არ ჩანდა “ალტახი” ის გუნდი, რომლის ბარიერის დაძლევა არ შეიძლებოდა. არც პირველ მატჩში უჩვენებიათ რამე განსაკუთრებული კლაუს შმიდტის გუნდს და არც საპასუხო შეხვედრაში. თუმცა, წვრილმანი შეცდომები საჩხერელებს ძვირად დაუჯდათ. “ქეშფოინთ არენაზე” გამართული მატჩის პირველი ტაიმი მთლიანად “ალტახის” გამოდგა და ლოგიკურიც იყო ანტრაქტზე დაწინაურებული რომ გავიდა. გოლს რაც შეეხება – მოულოდნელად გავიდა. მართალია კუთხური იყო, მაგრამ დინო ჰამზიჩს უკეთ გარჯა მართებდა…ბოსნიელმა კიპერმა ნუტცის ჩაწოდების შემდეგ ნაბიჯი ჯერ უკან გადადგა, მერე წინ და ბოლოს აღმოაჩინა, რომ ბურთი თავზე გადააფრინდა – “ალტახი” კუთხურიდან გატანილი გოლით დაწინაურდა! ასეთ თამაშებში ერთი გოლიც ძვირად ფასობს და აკი დაფასდა კიდეც.

მართალია, მეორე ტაიმში სოსო ფრუიძის გუნდმა ბევრად გამართულად ითამაშა, მაგრამ საკუთარ თავს ვეღარ გადაახტა. იმერლები თამაშშ 58-ე წუთზე დაბრუნდნენ: ჩიკვაიძემ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა, ხოლო დიმიტრი ტატანაშვილმა მაღალი ოსტატობა გამოვლინა – მცველს მაღალ ბურთზე დაასწრო და გაშლილი ფეხით გაათანაბრა. ეს უკვე შანსს ნიშნავდა. შანსი კი “ჩიხურას” 85-ე წუთზე მიეცა.

მიშიკო სარდალიშვილი საჯარიმოში აღმოჩნდა, დაარტყა, ბურთი გზად მცველს მოხვდა და თითქოს გარდაუვალი რომ იყო გოლი, მეკარე კობრასმა სასწაული სეივი შესთავაზა პუბლიკას და იმედიც აქ დასრულდა.

დარჩენილ დროში, უკვე ჰამზიჩმა ითამაშა ჩინებულად და მეორე მატჩში მარცხს გადაარჩინა “ჩიხურა”. საინტერესოა, რომ ბოლო ხუთი წუთი (აქედან მსაჯის დამატებული სამი) მთლიანად საჩხერელთა კუთხურის ალამთან წარიმართა. ვინც თამაშს თვალი მიადევნა, ხსენებულ წუთებსაც აუცილებლად ნახავდა – კომიკური სიტუაცია იყო – ქართველი ფეხბურთელები ვერაფრით ახერხებდნენ ბურთის მოპოვებას და ავსტრიელიბიც აღარ უძალიანდებოდნენ – მათთვის ასე ძვირფასი დრო ხომ სულ რაღაც 15-20 მეტრიან რადიუსში გადიოდა?!

მერე მსაჯის საფინალო სასტვენი იყო, რომელმაც არამარტო “ჩიხურას” არამედ მთლიანად ქართული გუნდებისთვის დაასრულა ევროპა ლიგის ჯერ ნორმალურად არც დაწყებული გათამაშება. “ჩიხურაზე” კი, რა უნდა ვთქვათ? – არ იყო “ალტახი” გადაულახავი ბარიერი. თბილისში, სახლში, რომ უკეთ ეთამაშა მეორე ეტაპზე ითამაშებდა, მაგრამ პირველ მატჩში დათესილი მეორეში მოიმკა. ისე კი, სახლში თამაშს ვახსენებ და ესეც ფორმალობაა – სათაურშიც "სახლში" ბრჭყალებში შემთხვევით არ დაგვიწერია - რეალურად “ჩიხურას” საკუთარ კედლებში არ უთამაშია – საჩხერეში ხომ სტადიონი არაა?! ამასთან, ნახევარ საქართველოში...

ახლა ერთი იმედი დარჩა ქართულ საკლუბო ფეხბურთს – ჩემპიონი “სამტრედია”, რომელიც აზერბაიჯანულ “ყარაბაღს” 11 ივლისს დაუპირისპირდება.

“ალტახი” – “ჩიხურა” 1:1 (1:0) – ორი მატჩში ჯამში “ალტახმა” 2:1 მოიგო

ალტახი, “ქეშპოინთ არენა”

მაყურებელი: 6 000

“ალტახი” (4-4-2): კობრასი; საკიჩი, ზეხი, ნეტცერი, გალვაო; გებაუერი (დობრაში 69), სალომონი, პიესინგერი, ნგვატი (შრეინერი 84); ნუტცი, აიგნერი (გრბიჩი 66)

მწვრთნელი: კლაუს შმიდტი

“ჩიხურა” (4-3-3): ჰამზიჩი; კაშია, ჭელიძე, ჩიკვაიძე, კაკუბავა; გორგიაშვილი (ივანიშვილი 61), კორიფაძე, განუგრავა (დეკანოიძე 82); სარდალიშვილი, ტატანაშვილი, გელაშვილი (ფონიავა 77)

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 1:0 ნუტცი (29), 1:1 ტატანაშვილი (57)

გაფრთხილება: აიგნერი (58), დობრაში (90) – ფონიავა (90), გელაშვილი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 6 (2) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: ვიაჩესლავ ბანარი (მოლდოვა)

სტატისტიკა
0.228545