ფეხბურთი

10:54 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გამოდგება "ტორპედო" "ბარსელონა"?

1:5 - არაა სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ ქუთაისის „ტორპედო“ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას ასეთ ვითარებაში ხვდება. ერთი კვირის წინ „ტრენჩინთან“ შეხვედრა ქუთათურთათვის ცუდად არ დაწყებულა, მაგრამ კატასტროფულად დასრულდა.

აკი, ითქვა კიდეც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, „ტორპედოს“ ფიზიკურად ბოლო წუთებში თამაში უჭირდა და ეს ვიცოდითო - სლოვაკებმა ხუთიდან სამი გოლი სწორედ მატჩის ბოლო 15 წუთში გაიტანეს...

ახლა, „რამაზ შენგელიაზე“ კი, საქართველოს სამგზის ჩემპიონს მინიმუმ 4 გოლი აქვს გასატანი - სხვა გზა მოჭრილია. კახა ჩხეტიანი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს. იმედი აქვს გულშემატკივრებისაც და ამბობს, რომ ისინი სტადიონს გაავსებენ. თავის მხრივ, მარტინ შეველა დიპლომატიური განცხადებებით გამოირჩა და „ტორპედომ“ პირველ მატჩში დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიაო.

„ტორპედოს“ სლოვაკურ გუნდთან თამაშის გამოცდილება აქამდეც ჰქონია: 2013-2014 წლების სეზონის ევროპა ლიგის ამავე ეტაპზე „ჟილინას“ გაეჯიბრა, თუმცა დამარცხებული გამოვიდა. მაშინაც, ყველაფერი პირველივე მატჩში გადაწყდა, როდესაც ქუთაისში სლოვაკებმა 3:0 მოიგეს. აი, საპასუხო შეხვედრა კი, შედეგიანობით გამოირჩა და ფრე დაფიქსირდა - 3:3.

ბედის ირონიით, „ტორპედოს“ ევროპული გზა ამჯერადაც სლოვაკეთით გადის და შანსი იმისა, რომ გაგრძელდეს, ძალიან მცირეა. თუმცა, ფეხბურთში სასწაულები ხდება. ამის ჩხეტიანსაც სჯერა და ამბობს, რომ ქუთაისში პატარა სასწაული შეიძლება მოხდეს.

ისე, ცოტა ხნის წინ, „ბარსელონამ“ პსჟ-ს ანალოგიურ ვითარებაში აჯობა და იქნებ, „ტრენჩინისთვის“ „ბარსელონა“ „ტორპედო“ გამოდგეს...

შემადგენლობებს რაც შეეხება - ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობითაა. „ტორპედოს“ ვერ დაეხმარებიან საღრიშვილი და ბურჯანაძე, რომლებიც პირველ მატჩშიც აკლდნენ ქუთაისელებს – 19 წლამდე ნაკრებში არიან. საკადრო პრობლემებს არც სლოვაკები უჩივიან და იმერეთის დედაქალაქში ერთი მიზნით ჩამოვიდნენ - მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.

რაც მთავარია, "ტრენჩინი" ქუთაისს პრობლემების გარეშე, ჩარტერული რეისით ეწვია. აი, "ტორპედოს" კი, ერთი კვირის წინ რაც გადახდა, თავს უკვე ყბადაღებული თემაა. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს - წესით, "ტორპედოს" მთავარი მიზანი სწრაფი გოლი უნდა იყოს. ჩხეტიანმა თქვა, რომ მისმა გუნდმა აქტიურ პრესინგს უნდა მიმართოს და მეტოქეს შეცდომები დააშვებინოს. ასეცაა, თანამედროვე ფეხბურთში ასეთ თამაშზე ბევრი რამაა დამოკიდებული. თუმცა, ქუთაისელები სლოვაკთა კონტრშეტევებსაც უნდა უფრთხოდნენ. პირველმა შეხვედრამ კარგად გამოაჩინა, რომ "ტრენჩინს" საკმაოდ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ ხიფათის შექმნა. ამ მხრივ კი, გამორჩეული ქართველია - გიორგი ბერიძე. ისე, პრესკონფერენციაზე ისიც იყო და თქვა კიდეც, მისთვის ემოციური რომ იქნება ქართული პუბლიკის წინაშე თამაში.

"ტორპედოს" სასარგებლოდ არც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ბოლო ორი თამაში წაგებული აქვს. ტრენჩინში გამართულ დაპირისპირებამდე, კახა ჩხეტიანის გუნდმა ეროვნული ლიგის მეორე წრის ბოლო ტურის მატჩიც დათმო - თბილისში, "დინამოსთან" (1:2). აღსანიშნავია, რომ იმერლები მაშინაც იგებდნენ, თუმცა თამაშის სადავეები ხელიდან გაექცათ და უქულოდ დარჩნენ. აი, საპირისპირო ვითარებაა სლოვაკთა ბანაკში: "ტრენჩინს" ბოლო ხუთი შეხვედრიდან 4 აქვს მოგებული. უკანასკნელად კი, 7 მაისს წააგო ტრნავას "სპარტაკთან" (3:4).

მოკლედ, "ტორპედოს" მდგომარეობა მძიმეა - ასეთ ვითარებას კი პირველი მატჩის წინ, ცოტა თუ წარმოიდგენდა, მაგრამ წინ კიდევ 90 წუთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება. მატჩს ხორვატ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, მთავარი არბიტრი მარიო ზებეჩი იქნება. დღევანდელი შეხვედრა, ქუთაისში, "რამაზ შენგელიას" სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ტორპედო" - "ტრენჩინი"

ქუთაისი, "რამაზ შენგელია"

21:00 საათი

"ტორპედო" (4-3-3): კვასხვაძე; ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე; ბაბუნაშვილი, გიგაური; დოლიძე, კუხიანიძე, ტუღუში; კაპანაძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

"ტრენჩინი" (4-3-3): ჩოვანი; შულეკი, კლეშჩიკი, ლოურენსი, სკოიასა; პაური, ზუბაირუ, უბნიკი; გონგი, მანსე, ბერიძე

მწვრთნელი: მარტინ შეველა

მსაჯი: მარიო ზებეჩი (ხორვატია)

აქვე, კახა ჩხეტიანის, მარტინ შეველასა და გიორგი ბერიძის წინასამატჩო განცხადებები.

0.125806