ფეხბურთი

10:50 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

TUTTOSPORT: საქართველოს ვარსკვლავი - გიორგი ჩაკვეტაძე

გუშინ, საქართველოში ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატი დაიწყო. ეს, ის ტურნირია, რომელშიც მომავალი ვარსკვლავები თამაშობენ. ფეხბურთელები, რომლებიც ახლო მომავალში საფეხბურთო ამინდს შექმნიან.

მაგალითისთვის, ერთი წლის წინ, იმავე კატეგორიის ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო, რომლის რიგებშიც კარგად ნაცნობი კილიან მბაპე ირჯებოდა. საერთოდ, ტალანტების ნაკლებობას 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატი არასდროს უჩიოდა და ბუნებრივია, გამონაკლისი არც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ტურნირი იქნება.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Tuttosport-ი, რომელიც სხვათა შორის, ახალგაზრდა ფეხბურთელებზე წერილებს დიდ როლს ანიჭებს, საინტერესო სტატიას აქვეყნებს: 8 ტალანტი!

კერძოდ, იტალიელმა ჟურნალისტებმა ჩემპიონატის მონაწილე 8 გუნდიდან თითო ფეხბურთელი გამოარჩიეს და მათ შორის, ქართველიც. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ Tuttosport-ის რედაქციამ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი არაბიძე არ გამოჰყო და არჩევანი თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეზე გააკეთა.

მაშ ასე, 8 ტალანტი, რომლებიც დიდ ფეხბურთთან ყველაზე ახლოს არიან - Tuttosport-ის ვერსია:

გიორგი ჩაკვეტაძე (საქართველო) - მასპინძელი ქვეყნის, საქართველოს ვარსკვლავი უნდა გამოდგეს გიორგი ჩაკვეტაძე. 17 წლის ნახევარმცველი თბილისის „დინამოდან“.

სეად ჰაკსაბანოვიჩი (შვედეთი) - წარმოშობოთ მონტენეგროელი, თუმცა შვედი მოთამაშე, რომელსაც „ჰელინბორგის“ პირველ გუნდში დებიუტი 15 წლის ასაკში ჰქონდა.

აიმენ ბარკოკი (გერმანია) - გერმანიის მთავარი იმედი ფრანკფურტის „აინტრახტის“ წევრი აიმენ ბარკოკი უნდა იყოს. მას ბუნდესლიგაში დებიუტი ჯერ კიდევ ნოემბერში ჰქონდა.

დიოგო დალო (პორტუგალია) - პორტუგალიის ყველაზე საინტერესო ფეხბურთელი. „პორტუს“ მეორე გუნდის მარჯვენა მცველი, რომელსაც მთავარ გუნდში ჯერ არ უთამაშია. თუმცა, უკვე მოახერხა ევროპის 17 წლამდე ჩემპიონატის მოგება.

რაიან სესენიონი (ინგლისი) - ინგლისის ნაკრების გამორჩეული ფიგურაა „ფულჰემის“ 17 წლის მცველი რაიან სესენიონი. ინგლისელები იმედოვნებენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ 20 წლამდელებში, ევროპის ჩემპიონტსაც ტრიუმფით დაასრულებენ.

გეორგი რუსევი (ბულგარეთი) - იგი ბულგარეთის ნაკრების ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია. თავდამსხმელი, რომელიც 1998 წელს დაიბადა.

ფერდი კადიოღლუ (ჰოლანდია) – ჰოლანდიის ნაკრების მთავარი ფიგურა. 18 წლის ფეხბურთელი, რომელიც „ბრედაში“ თამაშობს, გასულ სეზონში 27 მატჩში გატანილი 4 გოლით გამოირჩა - ერედივიზიონში!

მიხალ სადილეკი (ჩეხეთი) - პსვ ეინდჰოვენის ფეხბურთელია. ჩეხეთის ნაკრების ნახევარდაცვა მთლიანად მასზეა აწყობილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116898