ფეხბურთი

14:00 | 1.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რომამ" პელეგრინი დაიმატა

იტალიის ნაკრების წევრობის კანდიდატი და "სასუოლოს" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლორენცო პელეგრინი კარიერას „რომაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ „ჯალოროსის“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

21 წლის ნახევარმცველმა დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ხოლო „სასუოლომ“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ პელეგრინი „რომას“ აკადემიის აღზრდილია და სერია A-ში დებიუტიც ორი წლის წინ სწორედ ამ გუნდის რიგებში ჰქონდა.

პელეგრინი აპენინზე ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ნახევარმცველად მიიჩნევა. 21 წლამდე ნაკრების ლიდერი იყო აწ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო ივნისის დასაწყისში იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც ჩაატარა ორი შეხვედრა, მათ შორის, ერთი ოფიციალური.

0.108563