ფეხბურთი

10:49 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" "სლოვაკური აიაქსის" წინააღმდეგ 

"სტადიონ ნა სიჰოტი" - ეს 3500-იანი სარბიელი ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად უმასპინძლებს ევროტურნირების მატჩს. სლოვაკური "ტრენჩინი" მშობლიურ სტადიონზე დაუხვდება ქუთაისის "ტორპედოს". ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი 19:20 საათზე დაიწყება და ბუნებრივია, დიდ ინტერესს იწვევს.

სტადიონს კი ცუდი საფარის გამო იწუნებდნენ. აქვე დავწერთ, რომ "სტადიონ ნა სიჰოტზე" ხელოვნური საფარია.

საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი, კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. "ტრენჩინმა" კი გასული სეზონი სლოვაკურ ლიგაში მეოთხე პოზიციაზე დაასრულა.

"ტრენჩინის" ერთ-ერთი მთავარი იმედია ქართველი გარემარბი გიორგი ბერიძე, რომლიც ბელგიური "გენტიდან" გახლავთ განათხოვრებული. ბერიძემ მშვენივრად ჩაატარა სეზონის მეორე ნახევარი. ბოლო ამხანაგური მატჩი გუნდმა 6:3 მოიგო სლოვაკეთის ჩემპიონ "ჟილინასთან" და ბერიძემ გოლი ხომ გაიტანა, საგოლე პასი გაახერხა და პენალტიც მოინადირა.

"ტორპედოდან" ბოლო პერიოდში გამორჩეულია გრიგოლ დოლიძე. 34 წლის დოლიძეს ულამაზესი გოლები გააქვს. ის და თორნიკე კაპანაძე თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან ლამაზი გოლების გატანაში. ზოგადად, ჩხეტიანს დაბალანსირებული გუნდი ჰყავს - რთულია, ქუთათურთა სუსტ და ძლიერ რგოლებზე ისაუბრო.

და მაინც, მეკარე როინ კვასხვაძე, შემტევი ნახევარმცველი ბექა ტუღუში, მარცხენა მცველი გიორგი ქიმაძე, ცენტრალური მცველი გიორგი გურული, 36 წლის ნახევარმცველი შოთა ბაბუნაშვილი - არიან გუნდში ფეხბურთელები, ლიდერობა რომ შეუძლიათ.

ისე, ევროტურნირებზე "ტრენჩინის" მიერ ნაჩვენებ შედეგებს გადავხედეთ და სტუმრად მკვეთრად უკეთ თამაშობს, ვიდრე - სამშობლოში. წარმოიდგინეთ, ბოლო ოთხი ევრომატჩიდან ოთხივე წააგო, გასვლაზე კი ოთხი თამაშიდან სამი მოგება და ერთი ფრე აქვს. ასეთებიც ხდება.

"ტორპედოს" იმედი გვაქვს. გუნდი დანაკლისის გარეშეა. "ტრენჩინი" სწრაფ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ რაც უნდა ვთქვათ, მაინც საკმაოდ ახალგაზრდული გუნდია.

ადრეც დაგვიწერია და შეგახსენებთ: "ტრენჩინი" 2015 და 2016 წლებში, ზედიზედ ორჯერ გახდა სლოვაკეთის ჩემპიონი, შემდეგ კი წამყვანი ფეხბურთელები გაყიდა და ფინანსურად დიდი სარგებელი ნახა. ერთ-ერთ სლოვაკურ გვერდზე წერია, "ტრენჩინი" ჩვენი "აიაქსიაო".

Loading...
სტატისტიკა
0.311663