ფეხბურთი

19:50 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე: “გუნდები ფეხბურთელებთან ასეთ დროს არ უნდა დაძვრებოდნენ!”

საჩხერის “ჩიხურას” მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე ავსტრიულ “ალტახთან” თამაშის წინ მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. გამოცდილი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მეტოქე აღნიშნულ წყვილში ფავორიტია და მათ ორგანიზებულ თამაშს გაუსვა ხაზი.

“ჩემპიონატის ახალი ფორმატის წინააღმდეგი არ ვართ, თუმცა პირადად ჩვენს გუნდზე ამან დადებითად არ იმოქმედა, რადგან ჩვენ უკეთესად ვხვდებოდით ევროტურნირებს ძველი ფორმატის ჩემპიონატის დროს. ალბათ, ამას მიჩვევა უნდა. თუ რამ გამოიწვია ეს შედეგი, ამის სააშკარაოზე გამოტანა არ მსურს, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ ვიცით მიზეზი და ამაზე უკვე ვიმუშავეთ.

რაც შეეხება მეტოქეს, მათ ბოლოს მაისის ბოლოს ითამაშეს და ალბათ ფეხბურთელებმა ერთი კვირა დაისვენეს, შემდეგ კი შეუდგნენ ევროპა ლიგისთვის მზადებას.

რა თქმა უნდა, ფავორიტი ნამდვილად არის “ალტახი”, რადგან ავსტრიის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა და მეოთხე ადგილზე გასული გუნდი ხელწამოსაკრავი არაა. ვნახე მათი ბევრი თამაში და ძალიან ორგანიზებული გუნდია. ჰყავთ ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა, დაცვიდან შეტევაში ძალიან კარგად გადადიან და ასევე, ცდილობენ, თავის დაცვის დროს ყველა ზონაში უპირატესობა შეიქმნან. მთავარ მწვრთნელ კლაუს შმიდტს რაც შეეხება, შემოქმედებითი მწვრთნელია და შესაბამისად, მისი გუნდისგან სანახაობრივი ფეხბურთია მოსალოდნელი. ბრაზილიელი გალვაო, ასევე ნეტცერი, რომელიც უნივერსალია და “რიდიდან” შეძენილი ფეხბურთელიც ძალიან ძლიერია. ასევე, სოლომონი, საკიჩი, შტაინერი.

“ალტახს” წაუგია გასულ სეზონში თამაშები, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც გაუაზრებლად ეთამაშათ და ყოველთვის, გამიზნულად, ორგანიზებულად გადადიოდნენ დაცვიდან შეტევაში. და რაც მთავარია, ჩვენთან შედარებით დიდი პლიუსი აქვთ ფეხბურთელთა სიმაღლეები. სტანდარტულებზე ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ჩვენს კოზირს რაც შეეხება – მისი გამოყენება იქედან იქნება განპირობებული თუ რამდენად შევძლებთ ფიზიკურად 90 წუთი მაღალ დონეზე თამაშს.

ივანიშვილი? – გადაწყდა, რომ იგი ჩვენს გუნდში დაბრუნდა, თუმცა ამჟამად მისი ფიზიკური კონდიციები არცთუ დამაკმაყოფილებელია. ვიმედოვნებთ, რომ მეორე თამაშისთვის მზად იქნება. იცით, რა არის?! – ჩვენ თუ გვინდა ევროპულ დონეზე ასვლა, მაშინ უნდა მოვიქცეთ ევროპულად. ძალიან ცუდია, რომ ევროტურნირების წინ გუნდები ბოდიში და დაძვრებიან ფეხბურთელებთან მოსალაპარაკებლად და არა გუნდებთან... ეს, არაა სწორი მიდგომა. თუ ფეხბურთელი გსურს, მაშინ მის გუნდს უნდა დაელაპარაკო და არა პირდაპირ ფეხბურთელს. ივანიშვილი ძალიან პატიოსანი ადამიანია – პირდაპირ გეტყვით, თბილისელი კაცია, თან შვეიცარიაშია გაზრდილი და ახლა საჩხერეში გაჩერება საჩხერელებს უჭირთ არათუ თბილისელ კაცს... თუმცა, ფეხბურთისთვის იქ ყველა პირობაა შექმნილი. მოვიდა და პირდაპირ მითხრა, ღამეები არ მძინავსო, პირველი შვილი ახლახან შეეძინა და რთულია. თუმცა, ვიმეორებ, ცუდია, როდესაც გუნდის მაგივრად მოლაპარაკებები პირდაპირ ფეხბურთელებთან მიმდინარეობს”, - განაცხადა ფრუიძემ.

საჩხერის “ჩიხურასა” და “ალტახის” შეხვედრა 29 ივნისს, “დინამო არენაზე”, 20:00 საათზე დაიწყება.

სტატისტიკა
0.410175