ფეხბურთი

18:49 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან სალუქვაძე - კოვტალიუკზე, არაბულზე, ჩაკვეტაძეზე და "დინამოს" სტრატეგიაზე

თბილისის "დინამო" ხვალ სლოვენიაში გაემგზავრება შეკრებაზე. როგორც იცით, გუნდის შემადგენლობაში ბევრი ცვლილება მოხდა და კიდევ მოხდება ამ ზაფხულს. საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი - ეს ფეხბურთელები სხვა კლუბში განაგრძობენ კარიერას, შესაბამისად, "სარაგოსასა" და "რანდერსში". "დინამოდან" მიდის ბაჩანა არაბულიც. შესაძლოა, გუნდს შეუერთდეს უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკი, რომელიც ფოთის "კოლხეთში" შედეგიანად თამაშობს და ჩემპიონატში 10 გოლი გაიტანა.

worldsport.ge "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველს, ლევან სალუქვაძეს დაუკავშირდა. ბევრია მითქმა-მოთქმა, ჭორები...

- შევიტყვეთ, რომ ბაჩანა არაბული მიდის "დინამოდან".

- მას კონტრაქტი უმთავრდება და 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი ხდება. "დინამოს" მასთან თანამშრომლობის გაგრძელება სურდა, მაგრამ არაბულმა გვითხრა, რომ ერთ-ერთ უცხოურ კლუბში გააგრძელებს კარიერას.

- ასევე გავიგეთ "დინამოს" აკადემიის აღზრდილის,16 წლის ზურაბ დავითაშვილის ყაზანის "რუბინში" გადასვლაზე...

- ამ ეტაპზე დავითაშვილზე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა ვიცი, რომ მის მიმართ უცხოეთიდან ინტერესი არის.

- მიკოლა კოვტალიუკის შესაძლო დამატებაზე?

- შესაძლოა, კოვტალიუკი შემოგვიერთდეს სლოვენიურ შეკრებაზე. მის მიმართ ინტერესი გვაქვს და დანარჩენი მოლაპარაკების საკითხია. ზოგადად, შეკრებაზე სხვა პოტენციური ახალწვეულებიც შეიძლება გამოჩნდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე რომელიმე მათგანთან კონტრაქტის გაფორმებაზე საუბარი არ არის.

- გიორგი ჩაკვეტაძის ბელგიურ "გენტში" გადასვლა რეალურია?

- ჩაკვეტაძე ჯერ დინამოელია და არსად არ გაყიდულა. გიორგი "დინამოში" სეზონის ბოლომდე ნამდვილად დარჩება. "გენტთან" დაკავშირებით სხვაგვარი ვითარებაა - ბელგიურ კლუბს ჩაკვეტაძის შეძენის უპირატესი უფლება აქვს. თავიდან მოვყვები: ჩაკვეტაძე გენტში ჩავიდა და გაიარა წინასწარი სამედიცინო ტესტი, ანუ კლუბმა თავიდან ბოლომდე შეამოწმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველაფერი რიგზე იყო და "გენტთან" მიმართებაში ახლა ასეთი ვითარებაა: თუ სხვა კლუბი შემოგვთავაზებს ჩაკვეტაძეში თანხას, ჩვენ უნდა ვაცნობოთ "გენტს". თუ "გენტი" თანახმა იქნება იგივე პირობებზე, რასაც სხვა კლუბი გვთავაზობს, გიორგი წავა "გენტში". ანუ, ნებისმიერი სხვა კლუბის წინანადების შემთხვევაში, ბელგიელებს გვერდს ვერ ავუვლით.

- "დინამოს" პაპუნაშვილის, არაბულისა და ლობჟანიძის შემცვლელები დასჭირდება. გუნდის სტრატეგიაც ხომ არ შეიცვლება?

- არა. ლევან გეგეჭკორი მანამდე დავიმატეთ, კიდევ გამოჩნდებიან ახალწვეულები, მაგრამ ისე არ იქნება, არიქა, გუნდი გავავსოთ ფეხბურთელებით. "დინამოს" სამწლიანი პროგრამა აქვს და პირველი წელიწადი სწორედ საფუძვლის ჩაყრაზე იყო გათვლილი. შარშან ბევრმა არ იცოდა, თუ ვინ იყო ჩაკვეტაძე, მაგრამ 17 წლის ფეხბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ "დინამო" ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. გამოჩნდნენ გიორგი ზარია, ნიკა ნინუა, გიორგი კუცია და სხვები. ისინიც მოუმატებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119309