ფეხბურთი

20:17 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ტრენჩინი" - ახალგაზრდული, მაგრამ გამოცდილი

საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი ქუთაისის “ტორპედო” ევროსარბიელზე თამაშს სლოვაკურ “ტრენჩინს” შეხვდება. ვერ ვიტყვით, რომ სლოვაკური გუნდი მაინც და მაინც აშკარა ფავორიტია.

WORPDSPORT.GE ეცდება უფრო ახლო ხედით წარმოგიდგინოთ “ტორპედოს” მომავალი მეტოქე.

ისტორია

“ტრენჩინი” 1943 წელს დაარსდა და თავდაპირველად ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონატში იღებდა მონაწილეობას. თუმცა, განსაკუთრებული წარმატების გარეშე. პირველი წარმატება 20 წლის თავზე მოვიდა, როდესაც გუნდმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. მთავარი წარმატებები მაინც ბოლო წლებს უკავშირდება.

“ტრენჩინმა” ზედიზედ ორჯერ, 2015 და 2016 წლებში მოიპოვა სლოვაკეთის ჩემპიონის ტიტული, ხოლო 2014 წელს ვერცხლის მედლებს დაეუფლა. საერთოდ, 2014-2015 და 2015-2016 წლებში გუნდმა მისთვის ისტორიული დუბლი შეასრულა. მოიგო რა, ფორტუნა ლიგასთან ერთად სლოვაკეთის თასიც.

გასული სეზონი წინანდელივით წარმატებული ვერ გამოუვიდა, მაგრამ მეოთხე ადგილი მაინც დაიკავა და ევროპა ლიგის საგზურიც ერგო.

ევროპული ისტორია

“ტრენჩინის” ევროპული ისტორია 1966 წლით იწყება, როდესაც “მიტროპს თასზე” ორი ეტაპი გაიარა - ვენის “ადმირა”, ბელგრადის “რედ სტარი” და უნგრული “ვაშაში” დაამარცხა, ხოლო ფინალში ფლორენციის “ფიორენტინასთან” წააგო.

იგივე ტურნირში “ტრენჩინი” 1967-1968 წლებშიც ჩაერთო, მაგრამ პირველივე ეტაპზე დამარცხდა ხორვატულ “ჟელენჩინართან”. შემდგომ იყო დიდი პაუზა და საბოლოდ, ევროპაში დაბრუნება 1998 წელს, ინტერტოტოს თასზე შედგა. ლატვიურ “დინაბურგთან” სლოვაკები გამარჯვებულები გამოვიდნენ, მაგრამ მერე რუსულ “ბალტიკასთან” წააგეს.

საერთოდ, ამ ტურნირზე “ტრენჩინმა” 1999, 2000, 2002 წლებშიც ითამაშა, თუმცა, სამჯერვე წარუმატებლად. ევროპა ლიგას კი, პირველად 2013-2014 წლებში შეუერთდა. დებიუტი წარმატებული გამოვიდა და შვედური “გიოტებორგი” ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა, მაგრამ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის “ასტრა” უფრო ძლიერი გამოდგა (3:5). მომდევნო სეზონში “ტრენჩინმა” იმავე ევროპა ლიგაზე ერთი ეტაპი დაძლია. ამჯერად “ვოივოდინა” დაამარცხა, ხოლო ინგლისურ “ჰალ სიტისთან” დაძაბულ ბრძოლაში წააგო (0:0, 1:2).

შემდეგ ჯერი ჩემპიონთა ლიგაზე დადგა: 2015-2016 წლების სეზონის სტარტზე სალიგო დებიუტი წარმატებული არ იყო. გამოცდილმა ბუქარესტის “სტიაუამ” სლოვაკეთის ჩემპიონს აჯობა – 2:0, 2:3.

გასულ სეზონში კი, “ტრენჩინი” უკეთ გამოვიდა ევროპის მთავარ ტურნირზე. მეორე საკვალიფიკაციო ეტაზე სლოვენიის ჩემპიონ “ოლიმპიას” მოუგო (2:3, 4:3) და ხოლო პლეი-ოფში მოსახვედრად მცირედი დააკლდა. ვარშავის “ლეგიამ” “ტრენჩინს” ორ მატჩში ერთადერთი გოლი გაუტანა, მაგრამ თავად საერთოდ არ გაუშვა. სლოვაკები ევროპა ლიგაზე გადაერთვნენ და პლეი-ოფში ვენის “რაპიდთან” მოსინჯეს ძალები – “ტრენჩინმა” სახლში 0:4 წააგო, სტუმრად 2:0 გამარჯვება კი, საკმარისი აღარ გამოდგა.

მოკლედ, როგორც ვხედავთ, “ტრენჩინი” ევროსარბიელზე ბოლო წლებში სტაბილურად თამაშობს და მართალია ჯგუფურ ეტაპზე შესვლას ვერ ახერხებს, მაგრამ საშვილიშვილოდ თავი არც არასდროს შეურცხვენია...

დღეს

“ტრენჩინის” რიგებში ცნობად გვარებს ნაკებად ვნახავთ. გუნდი დაკომპლექტებულია როგორც სლოვაკი, ისე ლეგიონერი ფეხბურთელებით. ადგილობრივები ძირითადად მეკრეები და მცველები არიან, ხოლო ლეგიონერებზე აქცენტი შუა ხაზსა და შეტევაშია გადატანილი.

სლოვაკურ გუნდს ჰყავს ჰოლანდიელი, ბრაზილიელი, ხორვატი, ბოსნიელი, ნიგერიელი, ტრინიდადელი და ქართველი ფეხბურთელები. გიორგი ბერიძე “ტრენჩინმა” გასულ ზამთარს ბელგიური “გენტიდან” შეუერთდა და უმალვე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ბერიძემ სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში მართლაც ჩინებული შტაბეჭდილება დატოვა და ამიტომაც იყო, რომ იჯარა მას ცოტა ხნის წინ გაუხაგრძლივეს.

სხვა ლეგიონერებზე ბევრი სათქმელი არც არაფერია, რადგან განსაკუთრებული კარიერის განვლილი წლები მათ არ ჰქონიათ. აღსანიშნავია, რომ “ტრენჩინი" საკმაოდ ახალგაზრდული გუნდია. მაგალითად ყველაზე ასაკოვანი მეკარე იგორ სემრინეჩია – 29 წლის. მასზე ერთი წლით პატარები არიან მცველი პეტერ კლეშჩიკი და არგენტინელი ნახევარმცველი ალდო ბაეზი. საგულისხმოა, რომ სამივე მათგანი უკვე წლებია ამ გუნდის ღირსებას იცავენ. სხვა მხრივ, საშუალო ასაკი 21-22 წლამდე მერყეობს.

მთავარი მწვრთნელი კი, მარტინ შეველაა – 41 წლის სლოვაკი სპეციალისტი, რომელმაც გუნდი 2015 წლის ივლისში ჩაიბარა და პირველსავე სეზონში ჩემპიონატი და თასი მოაგებინა. ეს, შეველასთვისაც პირველი სერიოზული წარმატებული იყო.

მოკლედ, “ტორპედოს” ყურადღებით თამაში მართებს – ფაქტია, რომ “ტრენჩინს” ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება უკვე დაგროვილი აქვს.

Loading...
სტატისტიკა
0.382138