ფეხბურთი

17:45 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ალტახი" - გუნდი, რომელმაც ბოლოს 11 მარტს მოიგო

ავსტრიის "ალტახი" - ეს გუნდი ერგო მეტოქედ საჩხერის "ჩიხურას". ალტახი პატარა ქალაქია ავსტრიის უკიდურეს დასავლეთში, ზედ შვეიცარიის საზღვართან. ქალაქში დაახლოებით 6500 მაცხოვრებელია, აი, სტადიონი "შნაბელჰოლცი" კი 8500 მაყურებელს იტევს!

სტადიონი უცხოური გუნდების ამხანაგური თამაშებისთვისაცაა გათვლილი. ალტახთან ახლოს, ზაფხულობით, არაერთი გუნდი გადის შეკრებას.

გუნდი ავსტრიის ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილზე გავიდა, მაგრამ ბოლოს 11 მარტს მოიგო! ბოლო 11 მატჩი გუნდმა "ალტახმა" პირწმინდად ჩააგდო და შვიდჯერ წააგო, ოთხჯერ კი ფრედ ითამაშა. მოკლედ, სამ თვეზე მეტია, "ალტახს" თამაში არ მოუგია... ჩემპიონატი ბურთების უარყოფითი ბალანსით დაასრულა: 46:49.

"ალტახის" წამყვანი ფეხბურთელია თავდამსხმელი ნიკოლა დოვედანი, რომელმაც სეზონში 10 გოლი გაიტანა. ავსტრიის ნაკრებში ფეხბურთელი არ ჰყავთ, ეგაა, მეკარე ანდრეას ლუკსე ერთხელ ათამაშეს ამხანაგურში და ხშირად არც იძახებენ. ორი კამერუნელი ჰყავთ - ნახევარმცველი მუმი ნგამალუ და ფორვარდი ლუი ნგუატ-მაოპი. ნგამალუს კამერუნის ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, ისე კი, გასული სეზონი კარგად ჩაატარა და 7 გოლიც მიითვალა.

"ალტახი" აქამდე მხოლოდ ერთხელ გასულა ევროტურნირებზე. 2015 წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიის "გიმარაეში" გამოთიშა (2:1, 4:1) და შემდეგ, ბედად ისევ პორტუგალიურ კლუბს შეხვდა: "ბელენენსეშს". მათთან კი გავარდა - 0:1, 0:0.

"ჩიხურასა" და "ალტახის" პირველი შეხვედრა 29 ივნისს, თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება, ავსტრიაში კი ეს გუნდები 6 ივლისს ითამაშებენ.

Loading...
სტატისტიკა
0.322652