ფეხბურთი

18:34 | 7.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - მაისის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება, რომელშიც ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. როგორც ყოველთვის აღნიშნული გამოკითხვა ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ “თქვენ ირჩევთ” სექტემბრიდან იღებს სათავეს. აქამდე ორ-ორჯერ გამოკითხვაში საუკეთესოობა მხოლოდ ლევან მჭედლიძემ და ჯანო ანანიძემ მოახერხეს, თუმცა, ამჯერად მაისის თვის ნომინანტთა შორის ვერცერთი მათგანი ვერ მოხვდა. აქვე, ჩამოგითვლით წინა გამარჯვებულებს:

ჯანო ანანიძე (სექტემბერში), ვაკო გვილია (ოქტომბერში), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერში), ლევან მჭედლიძე (დეკემბერში), ლევან მჭედლიძე (იანვარში), გიორგი მაკარიძე (თებერვალში), ჯანო ანანიძე (მარტში), გურამ კაშა (აპრილში).

ახლა კი, მაისის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. გეტყვით, რომ შვიდი კანდიდატი გვყავს და თითქმის ნახევარი საქართველოს ეროვნულ ლიგას წარმოადგენს - ბაჩანა არაბული, გრიგოლ დოლიძე და თორნიკე კაპანაძე. დანარჩენი ოთხი კი ლეგიონერია.

მაისში თავი ლუკა ზარანდიამ (პოლონეთის თასის ფინალში გადამწყვეტი და სუპერგოლი გაიტანა), ვაკო გვილიამ, ვლადიმერ დვალიშვილმა, ელგუჯა ლობჯანიძემ და სხვებმაც დაგვამახსოვრეს, მაგრამ ეპიზოდურად. ამიტომ, ამჯერად ნომინანტებში მათ გვარებს ვერ ამოიკითხავთ.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ მაისის თვის ნომინანტთა სიას და ჯერი თქვენზეა – “თქვენ ირჩევთ”:

გიორგი ბერიძე („ტრენჩინი“, სლოვაკეთი) – 20 წლის ქართველი შემტევი ჩვენს რჩეულთა შორის აპრილის თვეშიც იყო და მაისშიც არ შეურცხვენია თავი. ბერიძე გასულ თვეში „ტრენჩინს“ 3 შეხვედრაში გატანილი 2 გოლით შეეწია. გარდა ამისა, აქტიურობითაც გამოირჩა. მოკლედ, გიორგი ბოლო დროს ჩინებულ ფორმაშია და კარგი იქნება დამდეგ სეზონშიც თუ გააგრძელებს პროგრესირებას.

გიორგი ქვილითაია („რაპიდი“, ავსტრია) - გიორგი ქვილითაია „თქვენ ირჩევთ“ გამოკითხვის თითქმის ყოველი თვის ნომინანტია, თუმცა აქამდე, გამარჯვება ვერ მოახერხა. ქვილითაიამ მაისში „რაპიდის“ რიგებში სამჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. 6 მაისს, „ვოლფსბერგერის“ კარში დუბლი გაიფორმა. თუმცა, ქართველისთვის მაისი კარგად არ დასრულებულა: მძიმე ტრავმა მიიღო და ფეხბურთს საკმაო დროით ჩამოშორდა.

ნიკა კაჭარავა („ეთნიკოსი“, კვიპროსი) – 3 თამაში ორი გოლი - ასეთი ჰქონდა მაისის თვე ნიკას. კაჭარავამ ფანტასტიკური გოლი გაუტანა „ერმისს“ (მაკრატელა) და სეზონი 16 გოლით დასრულა. სხვათა შორის, ქვილითაიასი არ იყოს, „ეთნიკოსის“ ფორვარდიც ხშირად ხვდება თვის ნომინანტებში და სრულიად დამსახურებულადაც.

გიორგი არაბიძე („შახტარი“, უკრაინა) - აი, გიორგი არაბიძე კი, ჩვენს გამოკითხვაში პირველად მოხვდა. 19 წლის ქართველმა „შახტარის“ 21-წლამდე გუნდში მაისში დიდებულად ითამაშა: 5 გოლი გაიტანა და ორჯერ დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ არაბიძე შესაბამისი ასაკის ჩემპიონატში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მეორე გუნდში წარმატებული თამაშის მერე, პაულო ფონსეკამ იგი მთავარ გუნდშიც ათამაშა - ბოლო ტურში „ოლექსანდრიასთან“. მიუხედავად იმისა, რომ არაბიძემ მოედანზე ერთი ტაიმი გაატარა, ჩინებული საგოლე პასით გამოირჩა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

გრიგოლ დოლიძე („ტორპედო“) – 34 წლის ფეხბურთელი მეორე ახალგაზრდობას განიცდის - მაისში მან 6 თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, თუმცა საგოლე პასები არიგა ბლომად. ეს ერთადერთი ბურთი კი, გორის „დილას“ გაუტანა და თან როგორი?! - პირდაპირ კუთხური ჩაახვია. სხვათა შორის, დოლიძემ 2 ივნისს, უკვე „ჩიხურასთან“ მოაწყო შოუ - დუბლი შეასრულა და ორივე სუპერგოლი გაიტანა. ისეთი ნებისმიერ ტურნირს რომ დაამშვენებდა.

თორნიკე კაპანაძე („ტორპედო“) - გასული თვე ჩინებულად ჩაატარა მეორე ტორპედოელმა, კაპანაძემაც - 25 წლის ფორვარდმა მეტოქეთა კარში სამჯერ გაიტანა, მაგრამ აქედან ორი ზღაპრული სილამაზის გოლი იყო: „კოლხეთთან“ მაკრატელა და „დილასთან“ ნახევრად მაკრატელა.

ბაჩანა არაბული („დინამო“, თბილისი) - წარმატებული პერიოდი უდგას „დინამოს“ შემტევ ბაჩო არაბულსაც - 23 წლის თავდამსხმელმა მაისში თავი 3 გოლით გამოიჩინა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე აინაცვლა. განსაკუთრებით კარგი მატჩი მან „სამტრედიასთან“ ჩაატარა: დუბლი გაიფორმა და მათ შორის, მეორე და გამარჯვების მომტანი გოლი ბოლო წუთზე შეაგდო.

0.128177