კალათბურთი

10:30 | 27.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის ორმაგი დუბლი და ისტორიული გამარჯვება "რეალთან" (+VIDEO)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას მეოთხედფინალურ სერიაში გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის „მორაბანკ ანდორამ“ მადრიდის „რეალთან“ ანგარიში გაათანაბრა. „ანდორამ“ შინ მეტოქე ყველაფერში დაჯაბნა და დამსახურებულადაც იმარჯვა - 89:77.

ლოგიკურია, რომ პარკეტზე საუკეთესო მასპინძელთა ქართველი ცენტრი იყო. შერმადინი წლეულს დიდებულ ფორმაშია და ამჯერადაც დაამტკიცა, რომ ეს შემთხვევითობა არაა. გიორგიმ 27:32 წუთში საკუთარ გუნდს 19 ქულა და 11 მოხსნა (8 საკუთარ ფარზე) შესძინა. გიო მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახლდათ, მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე მაღალი ჰქონდა - 25. შესაბამისად, მატჩის MVP-იც გახდა.

ქართველმა მოთამაშემ 12-დან 8 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ისროლა ზუსტად. რაც შეეხება ბექა ბურჯანაძეს, მას ტრავმა კვლავინდებურად აწუხებს და ამიტომაც შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

საგულისხმოა, რომ "ანდორამ" თავის ისტორიაში პირველად მოიგო ლიგა ენდესას პლეი-ოფის შეხვედრა. ამრიგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1. მომდევნო მატჩი კი, მადრიდში, 28 მაისს გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ მატჩის დაწყებამდე შერმადინს მაისის საუკეთესო კალათბურთელისთვის დაწესებული პრიზი გადასცეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132767