ფეხბურთი

23:30 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" - აღმართის მოლოდინი

ყოველ დაღმართს აღმართი მოჰყვება და წესით ასე უნდა იყოს საფეხბურთო ცხოვრებაშიც. თუმცა, ფაქტია იტალიური ფეხბურთის გრანდ „მილანში“ დაღმართი და წარუმატებელი პერიოდი საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა. ახლახან „როსონერიმ“ ევროპა ლიგის საგზური ოფიციალურად მოიპოვა და ამ ფაქტმა დიადი გუნდის მრავალრიცხოვან ქომაგთა გულებში უდიდესი სიხარული გამოიწვია. რა თქმა უნდა, წლების წინ, სერია A-ში მეექვსე ადგილი ვერაფერი ნუგეში იქნებოდა, მაგრამ ახლა სხვა სურათია - „მილანს“ ევროპული ასპარეზი ერთოდ დანატრებული ჰქონდა. ბოლოს ხომ ევროტურნირებზე გუნდმა სამი წლის და ორი თვის წინ ითამაშა.

სპეციალისტთა აზრით, ევროპაში დაბრუნებით უნდა დაიწყოს „მილანის“ აღზევება და აღმართის გზაზე დადგომა. ვნახოთ, ამას დრო გამოაჩენს და ჯერჯერობით ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ იმედი გაჩნდა.

ჩავარდნის პერიოდი

ბევრი მიიჩნევს, რომ გუნდს წარუმატებელი პერიოდი 2012 წლის ზაფხულიდან დაეწყო, როდესაც გუნდიდან რამდენიმე ვარსკვლავი წავიდა. მართლაც ასე იყო, რადგან მაშინ „მილანი“ კლარენს ზეედორფმა, ფილიპო ინძაგიმ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ანტონიო კასანომ, მარკ ვან ბომელმა, ალესანდრო ნესტამ, ჯენარო გატუზომ, ჯანლუკა ძამბროტამ და ტიაგო სილვამ დატოვეს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ორი-სამი გამონაკლისის გარდა, ზემოჩამოთვლილ ფეხბურთელთაგან უმეტესობას თავისი დრო უკვე მოჭმული ჰქონდათ და კარიერაც დაასრულეს. შესაბამისად, რეალობაში „მილანის“ შავ-ბნელი პერიოდის საწყისი წერტილი 2012 წელი სულაც არ ყოფილა. პირველი ნიშნები ჯერ კიდევ 2006 წლის ზაფხულში გამოიკვეთა. იმ პერიოდის გამორჩეული ფორვარდი ანდრეი შევჩენკო „მილანმა“ დიდი ყოყმანის გარეშე „ჩელსიში“ გაასხვისა და იმის მაგივრად, რომ სათანადო შემცვლელი მოეძებნა, რიკარდო ოლივეირა შეიძინა. ბრაზილიელი სულაც არ იყო ცუდი ფეხბურთელი, მაგრამ შევჩენკოს შემცვლელი ის ვერ იქნებოდა - მიუხედავად ამისა, მას 7-ნორმიანი მაისური დიდი ზარზეიმით გადასცეს. სწორედ აქ გამოჩნდა, რომ სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის ერთ დროს შეუდარებელი ტანდემი სატრანსფერო ბაზარზე განსაკუთებული თანხის გაღებას აღარ აპირებდნენ. დღევანდელობაში კი, ბაზარზე მაღალი თანხის დახარჯვის გარეშე ფიასკო გარდაუვალია...

გამარჯვება აღმაფრენით

და მაინც, იმ „მილანს“ თავისი თავი ამოწურული არ ჰქონდა და არც მხოლოდ შევჩენკოს გოლებზე იყო დამოკიდებული. ამიტომაც, „როსონერიმ“ უმალვე ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა და ევროპაში უძლიერესი გუნდის სახელი ისევ დაიგდო. ეს უფრო ძველი გვარდიის დამსახურება გახლდათ, ვიდრე სწორი სატრანსფერო პოლიტიკის, რომელიც ადრე თუ გვიან თავს აუცილებლად იჩენდა და იჩინა კიდეც. გუნდი, რომ სწორ გზას უკვე აცდენილი იყო, ნათლად 2007-2008 წლების სეზონმაც ცხადჰყო - „მილანი“ ვერ მოხვდა იტალიის ჩემპიონატის მოწინავე ოთხეულში და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად, უეფას თასზე მოუწია თამაში (წარუმატებლად). გარდა ამისა, იმავე სეზონში ჩემპიონთა ლიგასაც უსახურად მერვედფინალში „არსენალთან“ მარცხით დაემშვიდობა (0:0, 0:2). აი, 2009 წლის ზაფხულში კი, „როსონერი“ ლეგენდარულმა პაოლო მალდინიმ დატოვა. იგი იტალიელებს სარფიანად არ გაუყიდიათ შევჩენკოს დარად, მაგრამ პაოლომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ბუნებრივია, მალდინის ჩანაცვლება მტკივნეული თემა იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა. თუმცა, შავ-წითელთა მაღალჩინოსნებს ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ და მარცხენა მცველის პოზიციაზე მალდინის პირობითად შემცვლელი არც დაუძებნიათ. თუ ლეგენდარულმა კაპიტანმა კარიერა დაასრულა, „მილანმა“ „რეალში“ რიკარდო კაკას ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო. კაკა კი, იმხანად მსოფლიოს აზანზარებდა და საუკეთესო ფეხბურთელიც იყო. დიდი მიზნების მქონე გუნდი კი, ვფიქრობ, საუკეთესო ფეხბურთელს ადვილად მაინც არ უნდა ელეოდეს. ან თუ სხვაგან უშვებს, მაშინ მისი შემცვლელი უკვე შეგულებული უნდა ყავდეს. თუმცა არა, „მილანში“ სამი წლის წინანდელი ისტორია განმეორდა და კაკას ტრანსფერიდან მიღებული თანხა სულაც არ მოხმარებია ტრანსფერებს. ბუნებრივია ამას ლოგიკური შედეგიც მოჰყვა: „მილანმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 2009-2010 წლების სეზონი მისთვის სამარცხვინოდ დაასრულა - წააგო რა, მერვედფინალში „მანჩესტერთან“ ჯერ შინ 2:3 და მერე გასვლაზე - 0:4...

სწორედ მაშინ რეალური კონტურები იყო გამოკვეთილი, რომ „როსონერი“ თანამედროვე ფეხბურთის უკვე აუცილებელ და უმთავრეს პირობას - ფულის ხარჯვას, ფეხს ვერ უწყობდა. მართალია, 2010 წლის სატრანსფერო პერიოდში გალიანი ცოტა გამოფხიზლდა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოიყვანა გუნდში, მაგრამ ეს იყო საიჯარო ხელშეკრულება. და მაინც, შვედი გიგანტის მეთაურობით ლომბარდიელები მე-18 სკუდეტომდე მივიდნენ და ამან აჩვენა, რომ ტრანსფერები უპირველეს ყოვლისა განაპირობებს ამა თუ იმ გუნდის წარმატებას. 2011 წლის სკუდეტო კი, ნამდვილად იყო ბოლო აკორდი. აგერ იმის შემდეგ 6 წელი გავიდა და ჩემპიონობას ვინ ჩივის, „როსონერის“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გაუხდა საზეიმო...

შეიძლება ითქვას, რომ ზლატანის მოყვანა იყო ბოლო სერიოზული ნაბიჯი ბერლუსკონი-გალიანის დუეტის მხრიდან გუნდის მწვერვალზე დასატოვებლად. აი, ამის შემდეგ კი ძნელია გავიხსენოთ ტრანსფერი, რომელიც რეალურად შეესაბამებოდა შავ-წითელთა დონეს და ამბიციას. ასეა, დღეს ფულის დახარჯვის გარეშე ვერავინ ვერაფერს იღებს, ხოლო სახელი და ისტორია ბევრს არაფერს ცვლის...

უფსკრულისკენ

„მილანმა“ 2012 წლიდან დაიწყო წარუმატებელი სეზონების ჩატარება და ბოლოს ისე მოხდა, რომ იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი მეშვიდე ადგილი გახდა. ამას მოჰყვა მწვრთნელთა გაუთავებელი ცვლა - ლოგიკურია, როდესაც შედეგი არაა, განტევების ვაცი პირველ რიგში ყოველთვის მთავარი მწვრთნელია. ამას შეგვიძლია ორ მხრიდან შევხედოთ: პირველი, დამნაშავე რეალურად მწვრთნელია და მეორე: კლუბის ხელმძღვანელობა მწვრთნელების ჩანაცვლებებით ცდილობს გადაფაროს თავისი პასიურობა და არაქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მასიმილიანო ალეგრი, კლარენს ზეედორფი, ფილიპო ინძაგი, სინიშა მიხაილოვიჩი, კრისტიან ბროკი - ეს იმ ადამიანთა ჩამონათვალია, რომელთაც „მილანის“ გაწვრთნა მოუწიათ ხსენებულ პერიოდში, განსაკუთრებული შედეგების გარეშე. რატომღაც, არც ბერლუსკონისა და არც გალიანის, ნებსით თუ უნებლიედ, არ გასჩენიათ კითხვა - იქნებ პრობლემა მწვრთნელში არაა?!

2012 წლიდან „მილანის“ საუკეთესო ნავაჭრად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ კაკას „სან სიროზე“ დაბრუნება, თუმცა ესეც ხანმოკლე აღმოჩნდა და ბრაზილიელმა მალე ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა. სიმბოლურია, რომ დღემდე „მილანის“ ბოლო გოლის ავტორი ევროსარბიელზე კაკაა - 2014 წლის მარტში, „ატლეტიკოს“ კარში შეძლო გატანა. ეს იყო ბოლო გოლი და ბოლო შეხვედრა...

ახალი მეპატრონე, ახალი იმედი და კითხვის ნიშნები

პაოლო მალდინის არამარტო „მილანში“, არამედ მთლიანად საფეხბურთო სამყაროში დაეკითხება აზრი და იგი დღემდე ეჭვის თვალით უყურებს „როსონერის“ ახლო მომავალს. „მილანის“ სათავეში დიდი დრო არაა, რაც ჩინელები მოვიდნენ და ჯერ მათ შესახებ რამის თქმა რთულია - მათი პირველი გამოცდა კარს მომდგარ ზაფხულში იქნება და გამოჩნდება რამდენად სერიოზული მიზნები აქვთ საფეხბურთო ინდუსტრიაში. და მაინც, პაოლოს „მილანში“ დაბრუნება და გუნდის აღორძინებაში წვლილის შეტანა შესთავაზეს, თუმცა თავაზიანმა მალდინიმ, თავაზიანად უარი თქვა: „მილანის“ პროექტი ბუნდოვანია და კითხვის ნიშნები ბევრი არსებობსო... ძნელია მისი გამტყუნება: სხვა თუ არაფერი კლუბის გაყიდვა კარგა ხანს, თთქმის ერთი წელი გაჭიანურდა და ამის მიზეზად ხან რა დასახელდა, ხან - რა.

ისე, იონჰონ ლიმ („როსონერის“ ახალი მფლობელი) პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა: მატეო მუსაჩომ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ახალი სეზონიდან ბურთს „სან სიროზე“ გააგორებს. არის საუბარი კიდევ ბევრ საინტერესო კადრზე, თუმცა ჯერჯერობით მაინც, მოლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ. ვნახოთ, რას მოუტანს „მილანს“ აზიური ინვესტიცია.

აქვე, იმასაც გეტყვით, რომ მალდინისა არ იყოს, ჩინელების დიდი ნდობით არ გამოირჩევა მარჩელო ლიპი - ლეგენდარული მწვრთნელი უკვე წლებია ჩინეთში მუშაობს, თუმცა როგორც აღნიშნავს, ლომბარდიელთა მფლობელების შესახებ იქ ინფორმაციას არავინ ფლობს...

ვინჩენცო მონტელას ფაქტორი

2000-იანი წლების კალჩოს გამორჩეულმა ფორვარდმა სამწვრთნელო საქმიანობას ხელი 2011 წელს მოჰკიდა და დროებით „რომას“ ედგა სათავეში. თუმცა, პირველი წარმატება მაინც სიცილიაზე, „კატანიაში“ მუშაობისას მოვიდა. შემდეგ იყო ფლორენციის „ფიორენტინა“ და მცირე ხნით „სამპდორია“ – „მილანი“ კი გასულ ზაფხულს ანდეს. მონტელამ შეძლო ის, რაც მისმა წინამორბედებმა ვერ მოახერხეს. გაიყვანა გუნდი ევროპა ლიგაზე და მოაგებინა პირველი ტიტული 5 წლიანი პაუზის შემდეგ. დიახ, „მილანმა“ 2016 დეკემბერში, იტალიის სუპერთასისთვის ბრძოლაში თვით ტურინის „იუვენტუსი“ დაჯაბნა. ეს იყო პირველი ჯილდო 2011 წლის აგვისტოს მერე („მილანმა“ მაშინაც იტალიის სუპერთასი მოიგო). როგორც არ უნდა იყოს, ტიტული მაინც ტიტულია და შეიძლება ითქვას, მონტელამ ამ რესურსით მაქსიმუმი გამოადნო.

რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს - დრო იყო, „როსონერი“ სამეულში ტრიალებდა და ბევრმა ოცნება ჩემპიონთა ლიგის საგზურზე დაიწყო. თუმცა, სერია A მარათონული ტურნირია და „მილანს“ არ ეყო რესურსი - ფეხბურთელების რესურსი. მოკლე სათადარიგო სკამი, ზემდეტად ახალგაზრდული შემადგენლობა და ქარიზმატული ლიდერის არყოფნა. როდესაც გუნდის მთავარ ფიგურად 18 წლის მეკარე მიიჩნევა, ამით ყველაფერია ნათქვამი. რა თქმა უნდა, ჯანლუიჯი დონარუმას არაფერს ვერჩი, პირიქით, მაგრამ ნათელია, რომ მისი ასაკი გუნდის ლიდერობისთვის ზედმეტად შეუფერებელია, თანაც, მაშინ, როცა საქმე ისეთ ბრენდს ეხება, როგორიც „მილანია“. „აეროპლანინომ“ კი, მაინც მოახერხა გუნდი მეექვსე ადგილზე გაიყვანა - ეს ვერ იქნებოდა ძველ დროში კარგი შედეგი, მაგრამ ახლა უდაოდ მონტელას აქტივში უნდა შევიტანოთ...

ფუნდამენტი

როგორი იქნება გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა და შეიცვლება თუ არა, ამ მხრივ სიტუაცია უკეთესობისკენ, ამას ახლო მომავალში გავიგებთ, მაგრამ იქამდე დღევანდელ შემადგენლობას გადავხედოთ და ვნახოთ, ვისზე შეიძლება აშენდეს გუნდის ფუნდამენტი.

ფუნდამენტურ ფეხბურთელებს კი, „როსონერიში“ ბევრს ვერ აღმოვაჩენთ: უპირველეს ყოვლისა ჯანლუიჯი დონარუმა უნდა ვახსენოთ, რომელსაც მთელი მსოფლიო გაგიჟებული ჰყავს და უკვე არ არსებობს გრანდი, რომელსაც მისი სახელი კოლოსალურ თანხად არ დაუკავშირეს. და მაინც, თუ „მილანში“ სერიოზული ზრახვები აქვთ, დონარუმა ხელშეუხებელთა შორის პირველი უნდა იყოს. შეგვიძლია ვახსენოთ ალესიო რომანიოლი - 22 წლის ცენტრალური მცველი საინტერესო წარსულით: მას დებიუტი „რომაში“ ჰქონდა, სახელი ორი წლის წინ, გენუის „სამპდორიაში“ დიდებული გარჯით გაითქვა, ხოლო რომის „ლაციოს“ თავგადაკლული ქომაგია. რომანიოლის მართლაც აქვს მონაცემი გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული. უკვე რამდენჯერმე ითამაშა იტალიის ნაკრებშიც და ყოველთვის დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.

საინტერესო ფეხბურთელი ჩანს მანულ ლოკატელიც - 18 წლის საყრდენი, რომელმაც რიკარდო მონტოლივო კარგა ხანს შეცვალა და წარმატებითაც. გასახსენებელია მისი დაუვიწყარი გოლი „იუვენტუსის“ კარში და ასევე, „სასუოლოსთან“ საოცარი გასროლა. თუმცა, სეზონის ფინიშმა გვაჩვენა, ლოკატელი ჯერ კიდევ გასაზრდელია, როგორც ფეხბურთელი. სხვების ფონზე კარგი სეზონი ჰქონდა ესპანელ სუსოს, ჯაკომო ბონავენტურასა და ჟერარ დეულოფეუს. თუმცა, ამ უკანასკელის შემთხვევაში, საქმე სხვაგვარადაა - იგი „მილანში“ იჯარითაა და კონტრაქტი ერთ თვეში ეწურება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლომბარდიაში ჯერ ესპანელის დატოვებაზე მოუწევთ მუშაობა, თუ რა თქმა უნდა, უკეთესი გეგმა არ აქვთ მის პოზიციაზე...

მოკლედ, ასეა - დღეს „მილანისთვის“ მეექვსე ადგილიც საზეიმოა, თუმცა ამან იმედი მოიტანა. დანარჩენს მომავალი გამოაჩენს, ხოლო ჩინელებს ჯიბეზე ხელის გაკვრაც მოუწევთ, რადგან თანამედროვე ფეხბურთის რეალობა ასეთია: თუ ფულს არ დახარჯავ, შედეგს ვერ მიიღებ...

თეგებიმილანი
ბოლონია   1 - 2    იუვენტუსი

შემადგენლობა

მოვლენები

ატალანტა   1 - 0    კიევო

შემადგენლობა

მოვლენები

კალიარი   2 - 1    მილანი

შემადგენლობა

მოვლენები

რომა   3 - 2    ჯენოა

შემადგენლობა

მოვლენები

სამპდორია   2 - 4    ნაპოლი

შემადგენლობა

მოვლენები

ტორინო   5 - 3    სასუოლო

შემადგენლობა

მოვლენები

პალერმო   2 - 1    ემპოლი

შემადგენლობა

მოვლენები

კროტონე   3 - 1    ლაციო

შემადგენლობა

მოვლენები

ინტერი   5 - 2    უდინეზე

შემადგენლობა

მოვლენები

ფიორენტინა   2 - 2    პესკარა

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.257169